November 8, 2009

Dreams come through


სათაურმა შეიძლება გაფიქრებინათ, რომ პოსტი Jim Steinman-ის დაწერილ, შესრულებულ და შემდგომში Meat Loaf-ის მიერ ჩაწერილ სიმღერაზეა, მაგრამ დასაწყიშივე უნდა ვთქვა რომ მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პოსტი თავიდან ბოლომდე ჩემს ახდენილ ოცნებებზე, ან ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი რომ არ გამოვიდეს, ახდენილ სურვილებზე იქნება. აღნიშნული, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი სიის სათავეში ლურჯი ოქროსფერი წარწერით და ემბლემით გაფორმებული საქაღალდეა, რომელიც აბსოლიტურად ჩვეულებრივმა ფოსტალიონმა მოიტანა და რომელიც ფრიად არაჩვეულებრივი(ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც) შეტყობინების მატარებელია. მოკლედ (როგორ მიყვარს ეს სიტყვა, ყველგან რომ არ ჩავჩარო არ შემიძლია) ბევრი რომ არ ვიბოდიალო, გუშინ უნივერსიტეტიდან მაგისტრატურაზე ჩარიცხვის ცნობა მომივიდა. მართალია Gmat-ის და Toefl-ის ქულების გაგების შემდეგ ვიცოდი რომ მოვხვდებოდი, მაგრამ ოფიციალურმა წერილმა მაინც სიხარულით ამიფრთხიალა გული. მოკლედ ეს ჩემი ახდენილი ოცნება მილიონჯერ გადაკითხული და ამდენივეჯერ სათუთად გადაფურცლილ-გადმოფურცლილი მაგიდის მარჯვენა კუთხეშია დაბრძანებული და დაახლოებით 10 წუთში ერთხელ სიყვარულით სავსე მზერის ობიექტი ხდება.

ახდენილი ოცნებებისა და სურვილების სიაში ასევე მოიპოვება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აჭარულის, მთიულურის და კინტაურის მუსიკაზე ერთხელ მაინც ”ჩამოვლა”, რომელიც მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან მოყოლებული ელოდა ახდენას და ოცდაერთი წლის ასაკში ძლივს ეღირსა, ისიც ზედილეტანტურ დონეზე. მაგრამ რაც მთავარია, როგორც ძველად იტყოდნენ ”ჩემი ჭია” გავახარე. ერთი სიტყვით ამად ნამდვილად ღირდა, სამი თვე პროფკავშირებში ხუთი-ექვსი წლის ბავშვებთან ერთად ორ-ორ საათიანი გაკვეთილებიც, პირველ ხანებში კედლებზე გაყვანამდე ნატკენი ფეხებიც, რამოდენიმე ახალი ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლიც და რამოდენიმე უმოწყალოდ ფეხდაბიჯებული ცეკვის პარტნიორიც.

სიაში შემდეგ ნომრად განთესილია ყაზბეგის (ან რომელიმე მთანი რეგიონის მაინც)ნახვა, რაც ოთხი თვის წინ დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს ავისრულე. მართალია ისე საფუძვლიანად არ მომილაშქრებია, როგორც მინდოდა და არც ხევსურეთი, თუშეთი, სხვანეთი და რაჭა მინახავს ჯერ, მაგრამ ყველაფერი წინაა.

ბავშვობიდან მიზიდავდა თავგადასავლები და ექსტრემალური სიტუაციები, მაგრამ რატომღაც ოცი წლის ასაკამდე ისე მივაღწიე არაფერი მსგავსი არ შემმთხვევია. გასულ მარტს კი აბასთუმნის ტყეში, შუაღამისას უზარმაზარი თოვლში ჩაფლული მარშუტკით და მობილური ტელეფონებით განათებულ ბილიკებზე რამდენიმე საათიანი ხეტიალით გაიხსნა სეზონი. ოდესმე განწყობა თუ მექნა ორიოდე პოსტით შევეხები, რამოდენიმე თავგადასავალს, სასიამოვნო გასახსენებელი იქნება.

ასევე ბავშვობიდან მინდოდა მანქანის მართვის სწავლა და მანქანის ყიდვა, პირველ ნაწილის ასრულებას დაადგა საშველი, მეორე ნაწილიც ვგონებ ორიოდ თვეში მოკვარახჭინდება.

სურვილების სიაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი ყოველთვის ეკავა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების ნახვას. ამ ზაფხულს მეღირსა საქართველოს საზღვრებს გარეთ ფეხის გადგმა, ამ მიმართულებით შემდეგ ოცნებას იტალიის ნახვა წარმოადგენს. თუმცა მისი ახდენა ახლო მომავალში ვგონებ არ მეჭყანება.

ზღვის ნაპირზე ცხოვრების სურვილს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში PineIsland-ზე ცხოვრებისასშეესხა ფრთები, მართალია ზვიგენებთან კომფლიქტის გამო წყალში შესვლას ვერიდებოდი, მაგრამ რაც მთავარია სანაპიროზე გასვლა და საათობით ჯდომა ყოველთვის შემეძლო.

მოკლედ ახდენილი ოცნებები თუ სურვილები მრავლადაა, ზოგი უმნიშვნელო, ზოგიც მნიშვნელოვანი; ზოგი ისეთი თქმადაც რომ არ ღირს, ზოგიც კი ისეთი სახალხოდ რომ არ დავწერ და ჩემთვის შევინახავ; ზოგი ისეთია რაღაც პერიოდის უკან შეუძლებლად რომ მეჩვენებოდა, ეხლა კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ზოგის ახდენას კი წლების განმავლობაში ველოდი, არ შევეშვი და ახდნენ (ხანდახან მაგარი აბეზარი ვარ).

ახდენილებთან ერთად ასახდენებიც ბევრია, რმოელთა სათავეშიც ერთი განსაკუთრებული ოცნება დგას და რომელზეც იმედი მაქვს ოდესმე დავწერ როგორც უკვე ახდენილზე.


პ.ს. ამ რამოდენიმე დღის წინ ნაცნობის მიერ ნაჩუქარმა ველოსიპედმა მიბიძგა კიდევ ერთი ბავშვობის ოცნების ასრულება მეცადა და ამ ”სიბერეში” მაინც გამეტარებინა ეს ორბორბლიანი მოწყობილობა. მცდელობის დაწყებიდან სამი-ოთხიოდე წუთის თავზე ოცნების ახდენის სურვილს ამ ამბის ფატალურად დასრულების საკმაოდ ობიექტურმა წინათგრძნობამ სძლია და გაურკვეველი ვადით გადავდე ველოსიპედით სეირნობა, თუმცა ოდესმე და არც თუ ისე შორეულ მომავალში აუცილებლად მივუბრუნდები.

November 1, 2009

რომანტიკა, მწვადი და ნიანგი

დღეს გადავწყვიტე სახლის ახლოს მდებარე მიყრუებულ პლიაჟზე გავსულიყავი. პრინცპში პლიაჟი წელიწადში სულ რამდენჯერმეა, მიქცევის დროს. ისე, ბუჩქებითა და პალმებით შემოსაზღვრული უზარმაზარი წყალია, რომელთან მისადგომიც სულ ხუთი მეტრი თუ იქნება.
კუნძულზე როდესაც ვრჩები მიყვარს აქ გამოსვლა, ცარიელ წყნარ ადგილას, სადაც ათასში ერთხელ თუ გადააწყდები მეთევზეს. რა ჯობია პალმის ჩრდილში ძველებურ ხის სკამზე ჯდომას და ტალღების შრიალის მოსმენას. განსაკუთრებით საღამოს, ჩამავალი მზის სხივები წყალზე ცეკვასა და ლივლივს რომ იწყბენ. იდილიას არც თოლიიის ამერიკელი ნათესავის(სახელი არ ვიცი) წყალთან თამაში არღვევს.
ცოტაც და სენტმენტებად დავიღვრებოდი და მექსკის ყურეს ტალღებად შევერეოდი, რომ არა ჩემი არარომანტიული ბუნება. რა ვუყოთ ერთ აბზაცზე მეტს თუ ვერ ვახერხებ სათუთი გრძნობების გამომხატველი სსტილით წერას. ჩემს ]უნებას რომ თავი დავანებოთ , ცოტა ძნელია იყო რომანტიულ, როდესაც ათი მეტრის მოშორებით პალმის ჩრდილიდან მაცდურად გიმზერს მწვადის შესაწვავად ზედგამოჭრილი ბუნდოვანი წარმომავლობისა და დანიშნულების მქონე ოჩოფეხებზე შემდგარი რკინის ყუთი. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც რომ სამი თვეა ნაკვერჩხლებს გადაფარებული შამფურზე მოშიშხინე მადისაღმძვრელი ქართული კერძი მხოლოდ ძველი ლაშქრობის სურათებზე თუ მინახავს. ნაციონალური მენიუსადმი ერთგულებას თავი რომ დავანებოთ, ათიოდე კილო შამფურები ოკეანის გადაღმა სამზარეულოს დიზაინის გასამრავალფეროვნებლად ხომ არ ჩამომიტანია. მოკლედ მოცემულ მომენტში ჩემი არარომანტიულობის გასამარლებელი საბუთი მეტად საფუძვლიანია. ამ დროს კი ჩემი კუჭი მოწიწებით მანიშნებს, რომ დროა ფქრიცა და წერაც სხვა თემაზე გადავიტანო. სანამ მისთვის მონატრების დაუძლეველი გრძნობით გამოწვეული მორალური ზიანი არ მიმიყენებია. მეც როორც სათნოებით აღსასვსე ადამიანი მყისვე შევდივარ მის მდგომარეობში და მზერა ჩემი არარომანტიული განწყობის მეორე და არანაკლებ საყურადღებო საგანზე გადამაქვს. დამეთანხმები ცოტა ძნელია იფიქრო რაიმე გულისამაჩუყებელზე, როდესაც გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზზე ნიანგების ბინადრობის მანიშნებელი აბრაა, როელიც მათ მოკვლას კრძალავს. საინტერესოა მათთვის რატომ არ დგამენ ნიშნულებს, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში ჩემი ან სხვა ადამიანის შეჭმას აუკრძალავს. რა გარანტია მაქვს , რომ სუფთა ჰაერზე გამოსულს, ზემოთნახსენები ”სამწვადე” მოწყობილობის და ადამიანის დანახვისას მასაც ჩემსავით არ აღეძვრება პირის ჩატკბარუნების სურვილი.
მოკლედ საჭმელზე ფიქრს ვერ შევეშვი. ჯობია დასანაყრებლად წავიდე აქ იმის გარკვევას მე შევჭამ მწვადს, ნიანგი შემჭამს მე თუ მწვადი შეჭამს ნიანგს.

September 7, 2009

სასიამოვნო News-ი

ბლოგის ეს პოსტი ერთ ფრიად სასიხარულო ახალ ამბავს უნდა მივუძღვნა. რამდენიმე დღის წინ სასწავლო მართვის მოწმობა ავიღე და მანქანის ტარების სწავლას შევუდექი. მაგრამ რასაც მე ვაკეთებ იმას მანქანის მართვა არ ქვია. ჯერ ჯერობით ბორდიული არ გამომიტოვებია, რაც შემხვა ყველაზე ავედი. ( რომელიმეს გული ხომ არ დავწყვეტდი აბა?!) თუმცა ერთი იმდენს კი ვახერხებ, ხეებს მაინც არ შემოვეხვიო. არადა თეორიის უფრო მეშინოდა, საგზაო წესების და ნიშნების ინგლისური წიგნი რომ ვნახე, მეთქი ამას ერთ დღეში რა მასწავლის მეთქი, რა ვიცოდი წინ უარესი თუ მელოდა.
არად ვაგდებ ჩემს უნიჭობას აღნიშნულ საკითხში, ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და იმედს ვიტოვებ, რომ შუმახერი თუ ვერ გავხდები, იმას მაინც მოვახერხებ, პრაქტიკული გამოცდა ჩავაბარო.
მოკლედ წინ გამოცდების მთელი კორიანტელი მელოდება, რომელზე ვინერვიულო ვერ გადავწყვიტე. ამიტომ საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია არც ერთზე არ ვიხეთქო გული, მაინც ვერაფერს მიშველის.

August 18, 2009

ტესტები, ტესტები და კიდევ ერთხელ ტესტები


ორი კვირაა წიგნებიდან თავი თითქმის არ ამიღია. ერთთვეში Toefl და Gmat მაქვს ჩასაბარებელი და ვაკლავ თავს ტესტებს და textbook-ებს. არადა ორი კვირის წინ ცამოვედი და იმდენი რაღაცის დათვალიერება მინდა. საღამოობით კი გავდივარ ხოლმე, მაგრამ მაინც ძნელია 7 წუთის ფეხით სავალზე პატარა წყნარი პლიაჟი რომ გაქვს, ნახევარი საათის სავალზე კიდევ უზარმაზარი, ხალხმრავალი სანაპირო+უამრავი გასართობ დასათვალიერებელი და მე კიდევ ვზივარ და ვითვლი ლითონის სხვადახვა შემადგენლობის მქონდე ორი შენადნობის ნაერთში, თითოეული ლითონის რამდენ პროცენტიანი შემცველობაა და +ათასი მსავსი ბოდიალი. მათემატიკა კი ბავშვობიდან მიყვარდა და მხალისებოდა ამოცანების ამოხსნა, მაგრამ ამ მომენტში გასაკვირია და ნამდვილად არ მისწორება.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ”ბედნიერებისა” ხასიათს არ ვიფუჭებ და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ რამოდენიმე თვეში ჩავაბარებ და ოდნავ ამოვისუნთქებ. (იქ მეტი სამეცადინო არ მელოდებოდეს თითქოს)
მეცადინეობის პარალელურად ველოდები პირადი ნომრის აქაურ ანალოგს, რომ მართვის მოწმობა ავიღო. (თუმცა თეორიის სწავლას რაღა თქმა უნდა ბოლო მომენტისთვის ვდებ).
ისე რა ამბავია ამ უბრალო ნომრისთვის თვენახევარი ცდა?! არადა მაგის გარეშე საჭესთანაც არ შეიძლება დაჯდე რომ ტარება ვისწავლო.


August 9, 2009

30 საათი გზაში

ორმაგი ეფექტის მისაღებად. 30 საათიანი მგზავრობისას დროის გასაყვანად და შემდგომ ახლობელ მეგობრებისთვის ყველაფრის მოყოლისას დროის დასაზოგად გადავწყვიტე პარალელურ რეჟიმში მეწერა ყველაფერი. საკმაოდ გძელი გამოვიდა და დაგეზარებათ წაკითხვა უცხო ბლოგერებს და არ ვიცი თან რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის. ეს ისე მაინც შენიშვნის სახით ვთქვი. მოკლედ ვიწყებ ...
ხუთი საათი გავიდა რაც ჩემებს დავემშვიდობე და რეგისტრაციის გასავლელად წავბოდიალდი. რამოდენიმე უძილო ღამის და ემოციური ფონის ნიადაგზე საკმაოდ დაბნეულებმა გავიარეთ რეგისტრაცია, რის უარყოფით შედეგებზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.თვითფრინავში ასვლამდე მტკიცედ გადავყწიტე სენტიმენტალური განცდები და ფრენის თუ სიმაღლის შიში მაქსიმალურად გულს გარეთ ჩამეტარებინა. ვარაუდი იმის შესახებ რომ გზაში ვერ დავიძინებდი აფრენიდან 20 წუთში ტკბილ ბურანში წასვლისას გაცამტვერდა. თუმცა თხუთმეტიოდე წუთში კისერი რომ მომწყდა და თავი რაღაც მყარ საგანს დაეგდო, მივხვდი, გვერდით მჯდომი გაურკვეველი ეროვნების საკმაოდ უჟმური გამომეტყველების მქონე გიგანტი შევაწუხე. საბედნიეროდ ეძინა და ვერ გაიგო ვერაფერი. მე კი მომენტალურად გამოვფხიზლდი. ცოტა ხნის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თვითფრინავს თურქეთში ჩასვლა ერთი საათით აგვიანდებოდა, ცოტა საეჭვოდ კი მომეჩვენა ამხელა ცდომილება, მაგრამ თურქეთის აეროპორტში ერთი საათით ნაკლები ყურყუტის პერსპექტივა იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ შეუსაბამობისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. თუმცა მწარე რეალობა მაინც შემეჩარა თვალებში და აღმომაჩენინა, რომ თვითფრონავს კი არ აგვიანდებოდა , უბრალოდ დროში იყო განსხვავება ერთი საათი.პირველად მაშინ ვიგრძენი, საქართველოში არ ვიყავი, აეროპორტში პაკისტანურით დაწყებული, ფრანგულით დამთავრებული ყველა ენაზე ლაპარაკი რომ მესმოდა ქართულის გარდა. ორიოდე შემოწმების გავლის შემდეგ მივადექით information desk-ს სადაც გავიგეთ gate-ის ნომერი, რომელიც ისედაც ვიცოდით და რომელიც შეიძლება მომავალში შეცვლილიყო. მოკლედ ფასდაუდებელი ინფო მოვიპოვეთ.მთელი აეროპორტის სამიოდეჯერ დალაშქვრის შეემდეგ რეისამდე 2 საათზე მეტი იყო დარჩენილი. დროის გაყვანის ერთადერთ გზას ჭამა წარმოადგენდა. სიმართლე რომ ვთქვა დიდი სიამოვნება არ მიგვიღია 30$-ად ნაყიდი მსოფლიოში ყველაზე უგემური კექსის თითო ნაჭრის ჭამით. ბოლო-ბოლო აქეთ-იქით ბოდიალში და თურქეთის აეროპორტის სამივე სართულის საფუძვლიანი შესწავლაში, როგორც იქნა მოვიდა ჩასხდომის დრო და აი სწორედ აქ ვიგემეთ წინა ღამის დაბნეულობის ნაყოფი. აღმოჩნდა რომ თბილისში რეგისტრაციისას მე თვითმფრინავის ერთ ბოლოში მომცეს ადგილი ჩემ ძმას კი მეორე ბოლოში. სასწრაფო წესით გავქანდით ავიაკომპანიის წარმომადგენელთან და ჩვენი არც თუ შესაშური ინგლისურის სპეაკინგ-ით ავუხსენით სიტუაცია და ადგილების გადაცვლა ვთხოვეთ. რაზეც ბუნებრივია ნახევარსაათიანი მიდებ-მოდების შემდეგ უარი მივიღეთ. საბედნიეროდ "მეზობლებში" გამიმართლა. მარჯვნივ ერთმანეთს გადაფსკვნილი ახალგაზრდა წყვილია, რომლებსაც მთელი გზაა სძინავთ. ხოლო მარცხნივ ძალიან სასიამოვნო ამერიკელი. რაღაცნაირი სასაცილო კაცია (კარგი გაგებით) მორიდებლი და ფუცხუნა. თან ყურადღებიანი და ხალისიანი. ერთი ეგაა თურქი ვეგონე და თურქულად იქამდე მელაპარაკა სანამ ინგისურად არ ვეცადე ამეხსნა რომ მათი ენა არ ვიცოდი(მეც თურქად ჩავთვალე, მართალია არ გავდა, მაგრამ თურქულ ლაპარაკად გაიკრიფა და რა მეფიქრა სხვა) გამიჩერდა საათი. შესაბამისად პირველი რამოდენიემ ხანი წარმოდგენა არ მქონდა რა დრო იყო. კაი ხნის ძილის, ფილმის ყურების და 1000 უაზრო თამაშით გართბის შემდეგ ჩავთვალე, რომ ჩაფრენამდე მაქსიმუმ ორიოდე საათი იქნებოდა დარჩენილი, თუმცა ჩემ შეცდომას მაშინ მივხვდი. გვერდით მჯდომმა ირანელმა გოგომ რომ მითხრა, კიდევ 5 საათი დარჩაო. შემდეგ ორიოდე საათში მოვასწარი ძილი და კისრის გაღრეცვა, ფრჩხილის მოტეხვა (არადა ქლიბი არ გამომატანეს თითქოს ვიყო მეც დიდი ტერორისტი) ირანელის გოგოს საფუძვლიანად გაცნობა, რომელმაც რომ გაიგო გეორგია-დან ვიყავი. ეგრევე მახარა "you have bombas there"-ო. მე და ჩემმა ძმამ ასევე აღმოვაჩინეთ ერთი ქართველი (უფრო სწორედ თვითონ აღმოგვაჩინა ).დიდხანს ვიფიქრე ისეთ საჭირბოროტო საკითხზე, როგორიცაა სწუარდესად ყოფნის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დიდად არ მომხიბლა ამ პროფესიამ. ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ უნდა ჩემს გარშემო მყოფ უამრავ ადამიანს საჰაერო ოფიციანტობა ასე ძაან. NY-ის აეროპორტში ჩასულებს უზარმაზარი რიგი დაგვხვდა საემიგრაციო შემოწმბაზე. სტაფმა ყურად არ იღო ჩვენი თხოვნა , შემდეგ რეისზე მისასწრებად, რამენაირად დაეჩქარებინათ ჩვენი გაშვება და კვლავ რიგში მიგვაბრძანა. ჩემი ძმის დაჟინებული მოთხოვნით რიგში აკრძალული მეთოდებით გადავინაცვლეთ წინ. ორიოდე სვეტით წინ თვითმფრინაველი ქართველი გაგვეჩითა, რმელმაც კიდევ ცოტათი დაგვაწინაური უსასრულო რიგში. ორიოდე საათის ლოდინის შემდეგ, ჩემმა ძმამ კვლავ წამოაყენა ურიგოდ გასვლის ინიციატივა და ლენტების ქვეშ გაძრომით ისევ ორი სვეტით წინ აღმოვჩნდით. უცხოელების გაცოფებულ სახეებს ვერ აღვწერ, ორმა რამის ჩაგვქოლა, კი გამიტყდა მაგრამ აბა რა მექნა, კიდევ ერთ ღამეს ვეღარ გავათენებდი სკამზე. შემოწმებამ უპრობლემოდ ჩაიარა, ჩვენი ბარგი ბარხანა მოვქექეთ და გავეშურეთ მეხუთე ტერმინალის მოსანახად. ძალიან საინტერესო სანახავები ვიქნებოდით, ორ ორი ჩემოდნით ექსკავატორზე სირბილისას, ერთხელ რამის ცამივარდა ცანთა და მეც ცამიყოლა, მაგრამ როგორც მიხვდით გადავრჩი. დანიშნულების ადგილზე მისულმა პირველივე ფორმიანს მივაშურე და ვკითხე სად შეიძლებოდა წინასწარ დაბრონილი ბილეთის აღება. საკმაოდ გრძელ რიგში მიგვაბრძანეს. მერე რაღაც საეჭვოდ მეჩვენა ზემოთ ნახსენები პირის სახის გამომეტყველება და გადავამოწმე მისი მოწოდებული ინფო. აღმოჩნდა რომ "საყვარელი" ზანგი გაგვეკაიფა და იმ წუთშივე შემეძლო გვერდით მდგარ აპარატზე ბილეთის აღება. ბედნიერები იმის შეგრძენბით რომ რამოდენიმე საათში ცამოვიდოდით Fort myers-Siგავემართეთ რეგისტრაციის გასასვლელად. მაგრამ ვინ გაცლის სიხარულს. ფრენა გადაიდო 2 საათით. მოკლედ მეტი დაწვრილებით მოყოლა აღარ შემიძლია. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ თვითმფრინავში ასულს ზეზეულად ჩამეძინა და თვითფრინავის დაჯდომისას გამეღვიძა მხოლოდ. ჩემი ბარგი გახსნილი დამხვდა, ჩემოდანი გატეხილი, ტანსაცმლელი ზმეიკიდან ამოჩრილი და ბოდიშის წერილი. ძაან მაინტერესებს ის ფარატინა ფურცლის ნაგლეჯი წამოსვლამდე დაუთოვებულ დაკეცილ და შემგომ მათ მიერ ძროხის ნარეჭს დამსგავსეულ ტანსაცმელს რას უშველიდა. როგორც იქნა მოვრჩი. აქაური შთაბეჭდილებები და ამბები კიდევ სხვა ტემაა, საკმაოდ ვრცელი და სასიამოვნო, ასე რომ მოგვიანებით ცავუჯდები. ორ თვეში გამოცდები მაქვს და ეხლა წიგნს უნდა ვურტყა თავი.

August 2, 2009

წუწუნს+ პოზიტივი

წუხელის მივხვდი, ხვალ საღამომდე ვერაფერს მოვასწრებდი და სასწრაფოდ შევუდექი სამგზავრო სამზადისს, მაგრამ მიუხედავად ჩემი მოწადინებისა მაინც ვერაფერს ვასწრებ. ჩემოდნებიც ჩასალაგებელი მაქვს, კომპიუტერიც დასალაგებელი და წასაღები და წასაშლელი ფაილებიც გადასახარისხებელი. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩემმა ძმამ თავისი ჩემოდანი და დასაშვები კილოგრამები ამოავსო და ყველაფრის ჩატენვა მე მიწევს ჩემს უკვე მრავალგზის ურაზმერო ჩემოდნებში. დარწმუნებული არ ვარ რომ წარმატებით მოვათავსებ ყველაფერს. პლიუს ამ ყველაფერს სასტიკად მეზარება 26 საათიანი მგზავრობა. რა გაძლებს 16 საათი თვითმფრინავში და ორი ხუთ საათიანი შუალედი აეროპორტის გახრიგინებულ სკამზე. სიამოვნებით გადავხტებოდი მაზეგინდელ დროში.
ძალიან ბევრი ნეგატივი რომ არ გამომივიდეს ორიოდ სიტყვით, ყველაფრის ბოლო წუთისთვის მოტოვების საოცრად პოზიტიურ მიზეზებზე ვისაუბრებ. :)
ვნახე მეგობრების აბსოლიტურ უმრავლესობას მინუს ერთი-ორი კაცი +უბრალოდ ამხანაგების საკმაოდ დიდი ნაწილი. ყველას ტექსტი დაახლოებით ასეთი იყო, წასვლამდე ერთხელ არ უნდა დავლიოთ, შესაბამისად ბოლო ორი კვირა ფხიზელი მხოლოდ დილაობოთ ვიყავი, როცა პახმელიიდან გამოსვლას ვცდილობდი. ასევე მოვინახულე რამოდენიმე საყვარელი ადგილი, რომელსაც მინიმუმ ერთ წელიწადს ვეღავ ვნახავ. ამ ყველაფერს დაემთხვა უნივერსიტეტის ბანკეტი. რომელსაც რამოდენიმე დღიანი გაგრძელება დაერთო თან რამოდენიმე მეგობრის მონაწილეობით. შიგადაშიგ მზესავით გამონათებულ თავისუფალ დღეებში კი შემდგომი გართობისთვის ძალების აღსადგენად ლაგუნას ვსტუმრობდი(თან ჩემ სუსტ წერტილს, ზაგრის სიყვარულს ვახარებდი).
ამ ყველაფერთან ერთად კი სადოღე ცხენივით დავრბოდი საბუთებზე. ეს პროცესი კი მოგეხსენებათ არც ისე მომხიბვლელია დღესდღეობით არსებული მომსახურების ხარისხის გათვალისწნებით, მაგრამ ამას ვინ ჩივის მთავარია მოვასწარი ყვეალფრის გაკეთება. :)
ამ ყველაფრის გაკეთებას ალბათ არ შევწყვეტდი რომ არა გუშინ კარტის თამაშისას საიდანღაც გამოხეტებული სინდისის ქენჟნა რომელმაც მაიძულა ღამის პირველიდან სამ საათამდე,4 წლის დაულაგებელი ფოლდერები მექექა.
ეხლაც ათას რაღაცას მივედ მოვედები როგორმე ჩალაგება რომ ავიცილო თავიდან, მაგრამ ჯობია წავიდე და მივხედო თორემ ხვალ კიდევ მინიმუმ ორი მეგობარი უნდა ვნახო წასვლამდე და სიზარმაცის გამო რომ ვერ მოვახეხრხო გავრეკავ.
პ.ს. სმს.გე-ს ვერიფიცათიონ კოდების დამატება რაღა იყო ვითომ?!

წამომიფრიკინეს...

ხელები ტოტებივით ირხეოდნენ, აზრები მელოდიებივით ღიღინებდნენ, ფეხები თითქოს ხის ფესვები იყო, მიწაში ღრმად გამდგარი. ორიოდ კვირის წინ მწვანე ხასხასა ფოთლებითაც დავმშვენდი. ვიდექი ბაღის ეზოში ამაყად ტოტებგაშლილი მომღერალი ხე და საკუთარ თავში სხვა უცნაური თვისების აღმოჩენას ვცდილობდი. არ მჯეროდა რომ სიმღერა ეს ის ერთადერთი უცნაურობა იყო რაც სასწაულმოქმედმა ბუნებამ რიგითი მოკვდავი, უფრო სწორედ ხმობადი ხისთვის გამოიმეტა. დაკვირვება სულ რამოდენიმე წუთის დაწყებული მქონდა, როდესაც მივხვდი რომ მოზღვავებული სიხარულისგან შესაძლებელი იყო ფეირვერკად დავფრქვეულიყავი. თუმცა რომ დავფიქრდი, მივხვდი, საახალწლო ნაძვისხედ ყოფნის შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა ჩემი გაფეიერვერკება და გადავწყვიტე ფერად ნაპერწკლებად ქცევისგან დროებით მაინც თავი შემეკავებინა. როგორც კი ნიავმა დაუბერა ერთი ჩავახველე და ფოთლების შრიალით 90-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტის ღიღინი დავიწყე. ის-ის იყო პუბლიკის წინაშე გამოსვლის კომპლექსი მომეხსნა, ფოთლები მეტი მონდომებით ავაშრიალე და ტოტები საცეკვაოდ მოვიმარჯვე, რომ იქვე ხის სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას “გადართე რაიმე უფრო თანამედროვე შრიალმუსიკაზე ” , აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ჩემსკენ მომართული პულტი რომ დავინახე და რამოდენიმე წამში ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად რაღაც უმელოდიო “საძიგძიგო” შრიალი აღმომხდა ხის გულიდან.
ნუ რა არის რა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ხედ ყოფნასაც აღარ გაცდიან...

July 28, 2009

"დასაპილასოსებელი" წვიმა

DELETED

July 26, 2009

The Magnificant Trio

შესანიშნავი სამეული, რომლის არსებობის მეოთხე წელი მიილია, ჩვენ ვართ, მე თამო და ქეთი. ორი ახალი უახლოესი მეგობარი, მგონი ის ერთადერთი რაღაც არის, რაც მაღლივმა მომცა.
პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ საინტერესო და კურიოზული იყო. თამო რომ გავიცანი, მახსოვს დერეფანში ვიდექით, თურმე ორივეს გვინდოდა აუდიტორიაში შესვლა, მაგრამ გვეგონა რომ მეორეს გარეთ ერჩივნა, ხოდა მოგვერიდა ორ ბატს და ვიდექით ასე სანამ ფეხები არ დაგვაწყდა. სხვათაშორის შიგადაშიგ ეხლაც გვერიდება ხოლმე რაღაც სისულელეები. მაგალითად ორი ადგილას შეiძლება წასვლა, ვდგევართ და იქამდე ვარკვევთ რომელს სად ურჩევნია, სანამ საერთოდ სხვაგან წასვლა არ მოგვაფიქრდება ხოლმე. ზუსტად როდიდან ჩავთვალეთ ერთმანეთი მეგობრებად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია რომ გაცნობის მომენტიდან საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და მედგრად ვედექით იმ გაჭირვებას წინ , რომელსაც მაღლივი ქვია.
ქეთი საერთოდ სხვა განზომილება იყო. მახსოვს პირველ დღეს დავაფიქსირე, გოგო რომელიც თვალებს ჭუტავდა და იბღვირებოდა, ვიფიქრე მოვერიდები ემანდ არ მცემოს მეთქი (თუმცა როგორც მერე გაირკვა, მინუსი აქვს მხედველობა და თვალებს იმიტომ ჭუტავდა) პირველად მაშინ გამაკვირვა რაღაც წინგნზე გაყოლა რომ მთხოვა და კათედრისკენ გაიქცა. მახსოვს ორმაგად გაოცებული ვიყავი, მეთქი ლაპარაკობს და თან დარბის მეთქი. ამის მერე სამიოდე თვე აღარ გვიკონტაქტია. მერე ნუ არ მახსოვს ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე რომ ჩემი ერთ-ერთი სიმპატიის შესახებ გამემხილა ქეთისთვის. ხოდა იმის მერე მე მეგობრად ვთვლიდი, თვითონ არ ვიცი როდის ჩამთვალა.
მოკლედ ასე იყო თუ ისე, ჩვენი ნაცნობობის სადღაც შვიდი -რვა თვის მერე, რაღაც მორიგ სისულელეზე ვიყავი დაგრუზული და დავდიოდი პიეროს სახით. მოკლედ გმირულად გაუძლეს ჩემს თვითგვემას და გასამხიარულებლად წამათრიეს სადღაც. მერე წავედით აწ უკვე გარდაცვლილ უნივერმაღში ბისერების საყიდლად. ხოდა კარგად მახსოვს ექსკავატორზე ვიდექით, რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცებ რომ მომიბრუნდნენ და მეგობრები იმისთვის ვართ გვერდში რომ დაგიდგეთ და გაგამხნევოთო. იმ დღიდან ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანები გახდნენ ჩემთვის.
ეხლა რომ მივდივარ ოჯახის წევრების შემდეგ ყველაზე მეტად ესენი და კიდევ ერთი -ორი მეგობარი მომენატრება. გუშინ წინ ბანკეტის შემდეგ, ცოტა არ იყოს ნასვამები თამოსთან რომ ავედით, კარაოკეში სიმღერით/ბღავილით გული ვიჯერეთ და ჩავთვალეთ რომ ჩვენი ვალი მეზობლების გამოფხიზლების წინაშე საშვილიშვილოდ გადახდილი გვქონდა წავედით დასაძინებლად. აი სწორედ მაშინ მეწვია მშვენიერი იდეა, რომელსაც სასწრაფოდ შევასხით ფრთები. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ავიღეთ სამი ფურცელი და ზედ დავწერეთ მოგონებები, სურვილები ვარაუდები და ა.შ. ჩვენს მეგობრობაზე, დაკეცილ მდგომარეობაშჳ მოვათავსეთ კონვერტში, დავლუქეთ და შეწეპების ადგილი მრავალგზის დამცავი ხელმოწერებით გავაფორმეთ ( გახსნილი კონვერტი ადვილად რომ ვიცნოთ და სულსწრაფი დამნაშავე დავსაჯოთ) . გაფორმებული კონვერტი ზარ ზეიმით აღვბეჭდეთ კადრზე და შესანახად გადავეცით ქეთის, რომელსაც წილად ხვდა პატივი ჩემს დაბრუნებამდე გაუხსნელად შეინახოს ჩვენი წერილები და მერე ერთად ჩავუჯდებით წასაკითხად.
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტს დავბოდიალობთ ერთად დ აუფრო და უფრო მწყდება გული. ალბათ ძლიან გამიჭირდება მეგობრების გარეშე ყოფნა. გუშინ ღამე ნათევები, პახმელიაზე მყოფები და უსასტიკესად დაღლილები ლაგუნაზე შეზლონგებზე ვეგდეთ, ნახევრად გვეძინა, თვალის გახელის თავიც კი არ გვქონდა და მიუხედავად ასეთი გასავათებული ყოფისა ლაპარაკისგან ყბები გვეტკინა (ჭორიკნები არ გეგონოთ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვსაუბრობდით). ხოდა ასე ერთბაშად საუბარს როგორ აღვკვეთთ არ ვიცი, არადა ამ მესენჯერებიტ ლაილაი არ მიყვარს. ადამიანი წინ თუ არ მიზის ისე ვერ ვესაუბრები გულიანად.
მოკლედ ძალიან გავსენტიმენტალურდი ეხლა მე, თან მეძინება, ამიტომ ავდგები და წერტილს დავსვამ ეხლა აქ და ხვალ გამოვაქვეყნებ, იმიტომ რომ სანამ მე ვწერდი ინეტი გათიშულა.
პ.ს. ხვალ დილას თამო რაჭაში აპირებდა წასვლას, ხოდა დღეს ასე ვთქვათ საფუძვლიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ურთიერთს კეთილი მგზავრობა ვუსურვეთ და გულდაწყვეტილები დავნაწილდით სახლში. ხოდა ნახევარი საათის წინ მიმესიჯებს წასვლა გადავიფიქრეო (ეს დაახლოებით მეხუთედ ხდება :) ), ხოდა ფრიად გახარებული ვარ.

პ.ს.ს დღეს აკვაპარკში გვინდოდა მე და ტამოს ასვლა მაგრამ ეს ღრუბლები განა გაგახარებენ?! ყოვლად შეუფერებელ მომენტში უნდა დაგადგნენ ტავზე, ხოდა ავდექით და რამოდენიმე მეგობარტან ერთად ავედით კუს ტბაზე. ლუდი დავლიეთ, გემრიელად ვიმხიარულეთ, ერთ ფრიად საინტრესო საკითხზე მაგრად ვიცინეთ( რა საკითხზეა საუბარი მხოლოდ იმ ოტხმა ადამიანმა იცის მაგიდას რომ უსხდა გარშემო :), ისე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა საქმე) ბოლოს საკმაოდ სენტიმენტალური გამომშვიდობების ცერემონიალი გვქონდა ვაკის პარკთან, იმდენად გულისამაჩუყებელი, რომ ხალხი პირღია გვიყურებდა. (ისე მაგრად ასწორებს ხალხის რეაქციებზე კაიფი.)
...და მეყოფა ეხლა მეგობრებზე საუბარი თორემ ამიჩუყდა გული...

July 21, 2009

მოჯადოებული ნიშნების ფურცლები

ერთ კვირიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ როგორც იქნა დახურეს უკანასკნელი უწყისები და დღეს დილით საზეიმოდ გადმომცეს ნიშნების ფურცელი, ჩემი ოთხი წლის ნაჯაფი 245კრედიტის დამადასტურებლად. ამხელა ავლადიდების ნოტარიუსთან დატოვებისას,ხუთ საათზე უკან ნათარგმ-დამოწმებულ მდგომარეობაში დაბრუნების პირობით გახარებულმა, ვიფიქრე მორჩა აეხსნა ჯადო ჩემს "answer shits" თქო და სხვა საბუთებზე სათოხარიკოდ კამარა შევკარი. ხუთ საათძე უკან დაბუნებულს ნოტარიუსი ისეთი გაკვირვებუი შემეგება, აქ რა გინდა ექვს საათზე არ დაგიბარეო?! რამის მართლა დავიჯერე რომ დავყრუვდი და ექვსის ნაცვლად ხუთი მომესმა. მოკლედ ძალიან არ გავაპროტესტე, მაინც ბანკეტისთვის კაბა მაქვს საყიდელი და დიკაში შევივლი იქნებ რაღაც ვნახომეთქი. ექვსზე კვლავ იმედებით აღსავსემ მივაშურე თარჯიმნის კაბინეტს, მაგრამ იქ არამცთუ ნათარგმნ დამოწმებული საბუთები, ჩემი ქართული ორიგინალები და თავად თარჯიმანიც აღარ დამხვდა. 15წუთში მოვიდა, მაგრამ საბუთების გარეშე, ნოტარიუსთან დავტოვე და 15წუთში მოიტანენო. ნახევარ საათში "15წუთის" გაუსვლელობით აღშფოთებული ის-ის იყო იქვე მყოფ ახალგაზრდა ცოლ -ქმრის ბუზღუნს უნდა ავყოლოდი, თარჯიმანმა მადლიერი მზერით რომ შემომხედა და ცოლ-ქმარი დაანამუსა "ეს გოგო ხუთი საათიდან ელოდება და ხმა არ ამოუღია და თქვენ რა დაგემართათო". მოკლედ ვიფიქრე ჩემი საყვედურით და ჩხუბით მაინც არაფერი შეცვლებამეთქი და ისევ გაჩუმება გადავწყვიტე. პარალელურად გავიხსენე 3 წლის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც 18წლის, სტაჟირებაზე ერთიკვირის მისულ ღლაპს, ვიღაც ორ მეტრიანი ბრაზიანი კაცი მომადგა და ორიოდე კვირის წინ დატოვებული საბუთი მომთხოვა, რომელიც ალბათ მიხვდებით, ადგილზე არ აღმოჩნდა, მასზე პასუხისმგებელი პირი კიდევ შვებულებაში გახლდათ გათიშული ტელეფონით. იმ ერთი საათის გახსენებისას, რაც იმ ფურცლის ძებნაში ოფისი ყირაზე დავაყენე, ეხლაც ცივი ოფლი მასხავს. მოკლედ აღნიშნული ინციდენტის გახსნეებისას თარჯიმნიშ ადგილზე ტავის წარმოდგენა არ გამჭირვებია და მისი სიბრალულით აღვსილმა გადავწყვიტე მაქსიმალურად შემეკავებინა უკმაყოფილების მუხტები. რვის ნახევარზე როგორც იქნა მოვიდა საბუთები, ჩემი რიგი სულგრძელად დავუთმე მოთმინება დაკარგულ ცოლ-ქმარს. მათი წასვლის შემდეგ კი ძლივს გამომდნარი ღიმილით მოვითხოვე ჩემი საბუთები და აი აქ მოხდა ძალიან საინტრესო რამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი საბრალო ნიშნების ფურცლები მონიტორის ქვეშ შეცურებულა და ორსაათნახევარი სულ ტყუილად ვტკეპნიდი, ისედაც გვარიანად დაფეხვილ სავარძელს. "დამნაშავემ" ისეთი საცოდავად მითხრა ეხლავე გავგზავნი თანამშრომელს ნოტარიუსთანო, შემეცოდა, თან ჩხუბი და უარყოფითი ემოციების ნთხევა დამეზარა და მორჩილად დავუბრუნდი ჩემს უკვე კარგად ნაცნობ სავარძელს. პარალელურად გავიხსენე ყველა დამამშვიდებელი საშუალება, რომელსაც შეიძლება მოცემულ სიტუაციაში ემოქმედა. მათ შორის იყო. ფილმი ჯერ ნიკოლსონის და ადამ სენდლერის მონაწილეობით, თუ სწორედ მახსოვს "რისხვის მართვა" ქვია, რომელშიც ფსიქოლოგი პაციენტს სიბრაზის შეტევებისას "გუსფრაბას" აძახებინებს და ამ გზით ამშვიდებს. მოკლედ არ ვიცი ორიოდეჯერ გუნებაში "გუსფრაბას" თქმამ მიშველა, თუ ფილმის გახსენებამ გამახსიარულა, მაგრამ ფაქტია კიდევ ერთხელ შევიაკვე თავი აფეთქებისგან. დღევანდელი დღე ტრაგიკომედიას მაშინ დაემსგავსა, რის ვაივაიგლახით ჩემამდე მოღწეულ ფურცლებში 3გვარიდან სამივე შეცდომით რომ იყო ინგლისურად დაბეჭდილი. აღმოჩენით "გამოქლიავებულს" ისტერიული სიცილი ამიტყდა. მოკლედ ესეც გავასწორებინე, წამოვედი და დავდექი გაჩერებაზე, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ჩემმა მეხსიერებამ ინება თავის შეწუხება და ტვინის ერთ-ერთი უჯრედიდან გამოუშვა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 67ნომერი მარშუტკები მხოლოდ რვისნახევრამდე მუშაობენ. მოკლედ ჩავბობღდი კოლმეურნეობაზე და წამოვედი ოთხი ნომრით. მარშურკაში საბუთებს გადავხედე და აღმოვაჩინე კიდევ რამოდენიმე შეცდომა ნათარგმნში, მაგამ მეორე ხარისხოვან და არც თუ ისე მნიშვნელოვან დოკუმენტებში და მოკლედ "დავიკიდე" (ფეხებზე). დღევანდელი საღამოს ფინალური აკორდი იყო მარშურკიდან გადმოსულს ლურჯად მოკრიალებული ციდან საკმაოდ ბარაქიანად რომ დამაწვიმა. ზემოთ ახედვისთანავე აღმოვაჩინე საავდრო ღრუბელი-მწვანე მცენარეების სარწყავი, რომელიც ორ პატარა ბიჭს ეპყრა ხელთ ქუჩაში მოარული ''ყვავილების'' მოსარწყავაად. ვიფიქრე მოდი ამასაც ჩავყლაპავ მეთქი, ბარე, სასუქიც მომაყარეთმეთქი ავძახე ბიჭებს და უარყოფითი მუხტისგან თავისუფალი დავბრუნდი სახლში.
მშიერ-მწყურვალი დაქანცული დის ვედრება ყურად არ იღო ჩემმა უმცროსმა დამ და მაღაზიაში არ გამეგზავნა. ათიოდე წუთის წინ მივხვდი რომ თავს თუ არ ვუშველიდი შიმშილით სიკვდილი თუ არა გულის წასვლა მაინც არ ამცდებოდა და მორჩილად გავეშურე მაღაზიაში, რომელიც რაღა თქმა უნდა ღამის თერთმეტ საათზე დაკეტილი დამხვდა და იძულებული გავხდი ქუჩის მეორე ბოლოში მდებარე პოპულში წავჩანჩცალებულიყავი ფრიად საინტერესო ჩაცმულობით. უკან დაბრუნებისას არ ვიცი ძაღლი სააჭმლის სუნმა გააღიაზიანა თუ მე ვეგონე ბაბაიაგა მაგრამ, ფაქტია საშინელი ყეფით გამომიხტა ვიღაცის ეზოდან. ერთი სიტყვით ძაღლის ყეფა და არაადამიანური შეკივლება თუ გაიგეთ
ე.ი.უბნელები ვართ. საბედნიეროდ დაუკბენავი გადავრჩი(დღეს აშკარად მიმართლებს).

July 11, 2009

რა საჭიროა ყველაფრის დასათაურება?!

დღევანდელმა დღემ სხვადასხვა მსხვილმანი და წვრილმანი (ნეტა საშუალომანი რატომ არ არის ხმარებაში, რითაა სხვებზე ნაკლები?!) სასიამოვნო ელემენტებით მშვენივრად ჩაიარა და გადასარევი განწყობა შემიქმნა. ჯერ იყო და ბაზარში გავიარე ხილის საყიდლად. არ წამოვეგე მზაკვარი ატმის გამყიდვლის ხრიკებს, მიმართულს ჩემს წონაში მოსატყუებლად (სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად).დანაშაულზე წასწრებულმა იქით შარი მომდო, "აჰა, დავამატებ" მაგრამ, შენ გულში ხომ შეგრცხვებაო. ეს სიტყვები ის გულწრფელად იყო ნათქვამი ვიგრძენი როგორ მომედო სირცხვილისგან ცეცხლის ალი, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიე სირცხვილის ალი კი არა მეზობლად მდგარი მყიდველის სიგარეტის ბოლი ყოფილა. წარმატებით გათამამებული და ეიფორიაში მყოფი, გარგარის გამყიდველმა ისე მომატყუა წონაში, ათმაგად ამოიღო ატმის გამყიდვლის "ზარალი". ერთი სიტყვით ჯერ კიდევ არ ვარ ბაზარში სასიარულოდ მზად.
დეზერტირების ბაზრიდან პირდაპრი რეისით დეიდაჩმისკენ გავეშურე, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალებში ამოგანგლული დედაჩემი, დაეიდაჩემი და ჩემი და მელოდნენ. კოსმეტიკურ რემონტს აკეთებენ. თავიდან მეც მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ შემდეგ შპალიერის არჩევით და სარემონტო სამუშაოებზე შორიდან დაკვირვებით შემოვიფარგლე. დამეზარა ამოთხუპვნა.
ბოლოს და ბოლოს დადგა ის ნანატრი წუთი, ბასეინზე წასვლა რომ მეღირსა, რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ. მისვლით კი მივედით, მაგრამ იმისთანა რიგი 80-90-იან წლებში პურზე რომ არ ყოფილა. შემდგომმა სამი- ოთხმა საათმა მაგრად გაასწორა, მიუხედავად ღრუბლისა, რომელმაც იქამდე არ მოისვენა სანამ "ლაგუნას" ტერიტორიაზე სამ ფენად განლაგებულმა უკლებლივ ყველა ადამიანმა "მშობელი არ მოუკითხა". ბოლოს იკადრა და წაბრძანდა.
დღეს დავფიქრდი. რამდენი რასისტია ქვეყნად (მეც ნაწილობროვ) და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი დადის და საათობით მზეზე იხრუკება ყავისფერი ფერის მისაღებად, არადა ზანგები სწორედ კანის აღნიშნული ფერით განსხვავდებიან სხვებისგან. ნეტავ რაშია საქმე?!
საკმარისად გამომშრალად რომ მივიჩნიე თავი კვლავ დეიდაჩემისკენ ავიღე გეზი. სადაც ორ ფრიად სასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი:
პირველი: დეიდაჩემმა ორი უსაყვარლესი ოქროს ბეჭედი მაჩუქა. :)
მეორე: ბოლო სამი დღის განმავლობაში (ანუ მას შემდეგ რაც დედაჩემი და ჩემი და დეიდაჩემთან გადაბარგდნენ) პირველად დავარღვიე ნახევარფაბრიკატების და მშრალი/ცივი საკვების "დიეტა" და ადამიანურად ვივახშმე.
გამაძღარი, კმაყოფილი და ბედნიერი ვზივარ კომპთა,დავბოდიალობ ინტერნეტში, ვძიძგნი ჩემს უსაყვარლეს ე.წ. "დაწნულ" იგივე "ჩეჩილა" ყველს და ცოცხალი ტავით არ ვიმჩნევ რომ ზეგინდელი საბაკალავროს დაცვითვის რაღაცეები მაქვს მოსამზადებელი. ეხლა ის უფრო მადარდებს ბლოგზე ვერაფრით რომ ვერ ჩავსვი recent comment-ების სვეტი, მეორე დღეა ვეჩალიჩები. იმედია ვინმე გამოცდილი, კეთილი "ბიძია/დეიდა" წაიკითხავს ამას და სასარგებლო რჩევას მომცემს :)

July 9, 2009

ალეგორიული ნაბოდვარი

უკვე რამდენიმე საათია წინ და უკან დავდივარ და შესაშური მონდომებით ვეძებ რაღაცას, ეს "რაღაც" საკმაოდ ჯიუტი ჩანს, ცოცხალი თავით არ მენახვება. ჩემს ოთახს უკვე მერამდენედ მოვავლე თვალი, მაგრამ ამაოდ, აქ არ არის, უფრო სწორედ მე არ ვარ აქ. ეს ხანები თურმე ჩემივე თავს ვეძებ. "სარკეში ნახე იქ იქნები" წაიწიკწიკა საათმა. მისი გონებამახვილობით აღფრთოვანებულმა კედელზე ჩამოკონწიალებულ მრგვალ ციფერბლატს სიყვარულით სავსე მზერა ვტყორცნე და სარკისკენ შევბრუნდი. "ვიპოვე" შევყვირე გახარებულმა, თუმცა მაშივე მივხვდი შეცდომას და ნირ წამხდარმა საათს გავხედე. "მხოლოდ და მხოლოდ კოლოფი ჩანს, მე არ ვარ"; "კიდევ ერთხელ დაათვალიერე ოთახი"; იხტიბარი არ გაიტეხა საათმა. მეც მეტი არც გზა მქონდა და არც საქმე. ასე რომ ისევ ჩემი ოთახის ქექვას შევუდექი. პირვეად ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ის ის იყო შიგნით უნდა შემეხედა, ქარმა გაბრაზებით შემომიყვირა " მანდ შენი შესაფუთი მასალის გარდა ვერაფერს ნახავო" და კარებია მიაჯახუნა.
ჩემს მიერ, ჩემს ოთახში, ჩემივე თავის ძიებამ უკვე მერამდენედ ამაოდ ჩაიარა. ფარხმლის დაყრას და ახლა უკვე რამდენიმე დღის წინ დაკარგული, განსაკუთრებული შემთხვევებისთის განკუთვნილი მეორე "სიმ კარტის" ძებნა დავაპირე(არა რააა, მაგელანის შთამომავალი უნდა ვიყო, სულ რაღაცის ძიებაში ვარ). ეჭვი მაქვს მეორე ამოცანა უფრო ადვილი შესასრულებელი იქნებოდა, მიუხედავად მისი ზომის შეფარდებითი სიმცირისა ჩემს თავთან, რომ არა თუთიყიში, რომელმაც ცხრა წლიანი დუმილის ფიცი დაარღვია და "ტყეშია, ტყეშიაო" იქამდე იძახა, სანამ სალაშქრო ატრიბუტიკის ჩალაგება არ დავიწყე.

ოდესმე ფიქრებთან ერთად ტყეში სალაშქროდ წასულხართ? თუ არა გეტყვით, რომ ამ დროს ზურგჩანთა ძალიან მძიმეა. თითქოს საკუთარი ტვირთის სიმძიმე საკმარისი არ იყოს, ფიქრებიც შენ გკიდებენ საკუთარ ზურგჩანთებს. ერთი სიტყვით მივდივართ მე და ჩემი ფიქრები ტყეში ჩემი თავის საძებნად, თუმცა არც ერთს წარმოდგენა არ გვაქვს სად შეიძლება იყოს, არადა უკვე დაბნელდა. მგლების ყმუილი ისმის, შორიდან ლომის ღრიალსაც მოვკარი ყური, ჩემგან ასიოდე მეტრში კი ავაზას თვალებმა შემომანათეს. ის ის იყო შიშისგან სული უნდ გამეფრთხო, ერთ-ერთმა აზრმა თავში ხელი რომ წამომარტყა და გესლიანი ხმით შემიძახა"არც შენ ხარ მაუგლი და არც საქართველოშია მასეთი მრავალფეროვანი ფაუნაო". მივხვდი რა რომ ფიქრი მართალი იყო და ირგვლივ ერთი ცხოველიც კი არ ჭაჭანებდა შვებით ამოვისუნთქე, იქვე მდგარ საკუთარი ოინით აღფრთოვანებულ ფანტაზიას მომაკვდინებლად მკაცრი მზერა ვტყორცნე და მომავალში თავის დაზღვევის მიზნით დამაძინებელი აბების მიღება და ზურგჩანთაში ჩაძრომა ვუბრძანე.

მას შემდეგ რაც ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, სმენა დავძაბე და დავრწმუნდი, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე მტაცებელი ცხოველის ხახაში არ ვიპოვიდი საკუთარ თავს კვლავ გზას დავადექი .
როგორც ზღაპრებში იტყვიან, ბევრი ვიარე თუ ცოტა, შუაგულ ტყეში მივადექი ერთ გამოქვაბულს. შიგნით შესული მივხვდი რომ მიტოვებულ, ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელ ქარხანას მივდგომივარ. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აღმოვაჩინე, რომ მზა პროდუქტი კი არა ნახევარფაბრიკატი ვყოფილვარ და საკუთარი თავის საპოვნელად მისი დამუშავება და სრულყოფა იყო საჭირო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სანამ ქარხნის რესტავრაცია მოვახდინე და დანადგარებზე მუშაობა ვისწავლე. ჩემი შრომის შედეგი კი ზის ეხლა და ბლოგავს. პერიოდულად ისევ "ვსტუმრობ" ხოლმე ქარხანას, თუ რაიმე დეტალი გამიფუჭდა ან მოდერნიზებას ვსაჭიროებ. ზემოთ აღნიშნულ ქარხანაში სხვა ნახევარფაბრიკატიბიც დადიან და საკუთარი თავების გამოსაძერწ-შესაკეთებლად. შიგადაშიგ დაბნეული ახალბედებიც შემოგვემატებიან ხოლმე. ისეთიც ბევრი გვინახავს საკუთარი თავის ძიებაში გვერდით ჩაუვლია გამოქვაბულისათვის და ვერ შეუმჩნევია. ფაქტრი კი ის არის რომ ყველა მარად მწვანე ნახევარფაბრიკატები, რომლის გადაწყობა , სრულყოფა და განვითარება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

პ.ს. არ შეიმჩნიოთ, მზეზე დიდხანს ვიყავი.

July 8, 2009

ერთიანი ეროვნული კოშმარი

გუშინ შემთხვევით ჩემს სამაგისტრო გამოცდების პლასტიკურ ბარათს წავაწყდი და მიუხედავად იმისა რომ აქ აღარ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაინც წავედი დღეს სიტუაციის დასაზვერად. ორ საათზე გეპეისთან მისული მივხვდი, მიუხედავად ცენტრის თანამშრომლის გამკივანი დამაჯერებლობით გაკეთებული განცხადებისა "ერთ საათში ყველანი უკლებლივ გაივლით რეგისტრაციას და წერას დაიწყებთო" მინიმუმ ორი საათი სიცხეში მომიწევდა ყურყუტი. ვეცადე მაქსიმალურად მოვშორებოდი იმ ადგილებს სადაც აბიტურიენტთა კონცენტრაცია პიკს აღწევდა და შედარებით წყნარი ადგილიდან დავკვირვებოდი განვითრებულ მოვლენებს.
პირველი, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია იყო "ბალელშიკ" მშობელთა რაოდენობა. ერთ აბიტურიენტზე საშუალოდ ოთხი მომყოლი მოდიოდა. ნუ ბაკალავრიატის ეროვნულებზე კიდევ გასაგებია მშობლების და მთელი სანატესაოს წაყოლა, მაგრამ აი მინიმუმ 21წლის ვირს რაში სჭირდება მშობლის, ბებიის, ბაბუის, სიდედრის ბიძაშვილის და მეზობლოს წამოყოლა ამას ვერ ხვდები და იმედი მაქვს ამ დიად საიდუმლოს ვერც ვერასოდეს ჩავწვდები.
გაკვირვების მეორე ტალღამ მაშინ მაყლაპა მლაშე წყალი რამოდენიმე ატირებულ და მშობლის კალთაში თავჩარგულ გოგონას რომ შევავლე თვალი, რომელთაც ნერვიულობისგან ტუჩები უკვე დაეკვნიტათ. ნუ კარგი ვაღიარებ მესამე თუ მეოთხე კლასში პირველი ორიანო რომ დამიწერეს მეც ვიტირე, მაგრამ წინა საგამოცდო თვითგვემა, თან ამ ასაკში ნამეტანია.
ატირებული თანატოლების ჭირ -ვარამი გულთან ახლოს არ მიუტანია იქვე მდგომი აბიტურიენტების რამოდენიმე წყვილს და ათასზე მეტი მოწმის თანდასწრებით იმისთანა ზასაობა გააჩაღეს, მათ შვილებს რომელიმე ნაცნობი უეჭველი ეტყვის შენ რომ ისახებოდი იქვე ვიდექი და სანთელი...უფრო სწორედ ქოლგა მეჭირა და მზეს უჩრდილავდი შენს მშობლებსო.
მოკლედ სანამ ზოგი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნავდა, ზოგიც კიდევ ნიადაგის მორწყვაზე, აბიტურიენტთა ისედაც მჭიდრო განლაგება კიდევ უფრო მჭიდრო ხდებოდა.
ჩემი მცდელობა ორიოდე ნაბიჯის რადიუსში ადამიანთა ცხელი მასა არ გამეკარებინა, რამოდენიმე წუთში ჩაიფუშა და ჭყლეტვის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ამაზე კოშმარი შეგრძნება არ მახსოვს, ყოველი მხრიდან ცხელი ხორცის მასა და ოხშივარი რომ მოდის, ზემოდან მზე აჭერს და ზუსტად რომ იცი კიდევ ორმოციოდე წუთი ანალოგიურო ყოფა გელის. ის ის იყო გავიფიქრე ამაზე უარესი რა უნდა იყოს მეთქი, გვერძე მდგომ შვიდი ან რვა თვის ორსულ გოგოს რომ მოვკარი თვალი, საწყალი მეგონა იქვე ამშობიარებდნენ.
გადავწყვიტე ზემოთაღნიშნული საშინელი გარემოებებისა და ჩემს ყურთან გამართული საშინელად ხმამაღალი და ყოვლად აუტანელი ბაასისათვის ყურადრება არ მიმექცია და რამოდენიმე კუბური მილიმეტრის ოდენობის ჰაერის ჩასუნთქვის გზა მაინც მომენახა. გამოსავალი ერთი იყო, კისრის ნაცვლად, დოქტორი "გადჯეთივით" პრუჟინა უნდა მქონოდა და მისი საშუალებით თავი მაღლა ამეტყორცნა რამოდენიმე წუთით ჟანგბადის მისაღებად. წარმოსახვითმა სურათმა ოდნავ გამამხიარულა და რამოდენიმე წუთით დამავიწყა ჩემი აუტანელი ყოფა. წარმოდგენით გათამამებულმა მაქსიმალური მონდომება ჩავაქსოვე კისრის დაგრძელების მცდელობაში და ვეცადე ჩემი ცხვირი რამენაირად ხალხის მასის ზემოთ მომექცია. შემდგომი ნახევარი საათი ამ მდგომარეობაში ლურჯი ცის ნაგლეჯის ყურებასა და გადარჩენის მომაკვდავი იმედის რეანიმირებაში გავატარე. საბოლოოდ გადავწყვიტე რა რომ იქიდან ცოცხალი გაღწევა არ მეღირსებოდა, ცოდვების მონანიებას შევუდექი და ჰოი საოცრებავ, დაცვის მოომაჯადოვებელი და იმ მომეტისათვის საოცრად ტკბილად ჟრერადი ხმა მომესმა"რამოდენიმე გოგო შემოდით" და მე სამოთხეში აღმოჩნდი, რომელსაც რატომღაც გპის შესასვლელის სახე ჰქონდა მიღებული. მერე იყო გაჩხრკვისა და რეგისტრაციის პროცედურები და როგორც იქნა დავებერტყე ჩემთვის განუთვნილ #4მაგიდის საქონელ შემავსებებლს (სკამს). აზრზე რომ მოვედი ოჩოფეხებზე (სინამდვილეში დაახლოებით 25სანტიმეტრიან ქუსლებზე) მოქანავე ძალიან გამხდარმა ქალმა მიიპყრო ყურადრება, რომელიც საოცარი დაბნეულობით და ფაფხურით ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა ყველა უაზრო პროცედურა. უფრო ძერსკი მეჩვენა იქვე "მოდვიჟენიე" ხუჭუჭა ქალი, რომლიც აშკარად ცდილობდა "მოფაფხურეზე" და აბიტურიენტებზე "ვერხის" დაჭერას.
მოკლედ როგორც იქნა ოთხი საათისათვის მაღირსეს ჩემი ტესტების და პასუხების ფურცელი პასტის პროვოკაციითურთ, რომელსაც ხელი არ რუნდა მოვკიდოთ რომ არ გაცხელდეს და ისე ვწეროთ თუ კურატორს დავუჯერებთ. მოკლედ მაგისტრანტად გახდომის ერთ-ერთი კრიტერიუმი კოპერფილდობაა. ნუ პირველი ნაწილი 30წუთში დავწერე და შემდგომი 40წუთი დანარჩენი11აბიტურიენტის თვალიერებაში გავატარე, რომელთაგან ერთ-ერთსაც უჟანგბადობისგან ჩაეძინა და კურატორმა ძლივს მოახერხა მისი გაღვიძება. მოკლედ მეორე ნაწილიც დავწერე და გარეთ იმ განწყობით გამოვედი, რომ დღევანდელმა დღემ ამოწურა უკვე თავისი თავი, მაგრამ თურმე ჯერ სად ვიყავი. შენობიდან გამოსულს თავი ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცების გარემოცვაში მეგონა, იყო ხვევნა-კოცნა, ცრემლები და უზარმაზარი ემოციები, რომელსაც გამოცდიდან "დაბრუნებული" აბიტურიეტების და მათი ახლობლების შეხვედრა იწვევდა, მათ ხომ მთელი ორი საათის განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი.
გულმა ხელახლა მაშინ დამისტუკა, რომ გამახასენდა მეგობარს უნდა შევხვედროდი სადღაც იქვე, არადა მობილური სახლში მქონდა დატოვებული. საბედნიეროდ განგება არ გამწირა და მხოლოდ და მხოლოდ ნახევარიოდე საათის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა თამო და იქ დასრულდა ერთიანი ეროვნული სამაგისტრო ტრაგედიის პირველი ეტაპი. მეორე ზეგ იქნება.
პ.ს. მრცხვენია, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო რომ დღეს რიგში დგმისას ნახევარი საათით მსოფლიოში ყველაზე კაცთმოძულე ადამიანად ვიქეცი

July 7, 2009

ღრუბლებიდან საცობამდე ერთი ნაბიჯია

მხართეძოზე წამოწოლილი, ჟურნალებს ვათვალიერებდი და შიგადაშიგ ქალაქში მოსიარულე ადამიანებს გადავხედავდი ხოლმე. რაც მართალია, უნდა ითქვას, ღრუბლებზე წამოწოლა საკმაოდ მოსახერხებელიცაა, რბილიც და საინტერესოც. ერთი ეგაა ქარიან ამინდში ერთი თუ დაუბერეს ჰაერის თავნდება მასებმა, "ვაი დედას" დაგაძახებინებენ და კიდეს კარგად თუ არ ჩაეჭიდე, გადმოგისვრის ძირს და პირდაპირ შუა ქუჩაში ყველაზე საშინელ საცობში ჩაგაგდებს. აი ეხლაც, დაუბერა ქარმა, მე კი მოვასწარი ღრუბელს ჩავჭიდებოდი, მაგრამ საბრალო ჟურნალს რა ექნა, რომელსაც განგებამ ხელები არ უბოძა?! საწყალმა პირდაპირ #145 მარშუტკის ბორბლებს ქვეშ ჰპოვა განსასვენებელი. დაახლოებით მეოცე მანქანამ რომ გადაუარა გაცრეცილ ფურცლებს, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და ჩემს სავალალო ყოფაზე დავფიქრდი. ცასა და დედამიწას შორის ღრუბლებზე გამოკიდებულს წარმოდგენა არ მქონდა დრო რითი გამეყვანა.
ამ ფიქრებში ვიყავი ჩემს თავზე ზოოპარკის ღრუბელმა რომ ჩაიარა, მომვლელს ვთხოვე ათიოდე ბაყაყი დაეთმო ჩემთვის და სანაცვლოდ მისი მოთვინიერებული რწყილების მიერ დადგმული "რომეო და ჟულიეტას" გაპიარებას შევპირდი, ვიცოდი რა, რომ წინა სპექტაკლზე მაყურებლის ნაკლებობით განაწყენებულს, უფრო სუსტ წერტილს ვერ მოვუძებნიდი. ღრუბლის ზოოპარკის თანამშრომელი იმდენად გაახარა ჩემმა შემოთავაზებამ, ათის ნაცვლად 12 ბაყაყი მომცა, "აბა შენ იცი სპექტაკლი არ ჩამიგდოო" დამიბარა, ღრუბელი დაქოქა და გზა გაუდგა. კმაყოფილმა ჯერ ყუთში ჩავიხედე, შემდეგ კი ღრუბლებიდან ქალაქს გადავხედე და ბაყაყები სათითაოდ გადავყარე დაბლა. რამოდენიმე წამში ხალხის შეძახილებმა მოაღწიეს ჩემს ყურებამდე: "ბაყაყების წვიმა", "რამდენი წელია აღარ მოსულა", და სხვა მსგავსი ფრაზები. ხვალ ალბათ გაზეთებში სტატიები დაიბეჭდება სათაურით: "საქართველოში მრავალი წლის შემდეგ კვლავ მოვიდა ბაყაყების წვიმა, რას უნდა მოასწავებდეს ესოდენ უცნაური ფაქტი" და ა.შ. "ნეტავ მრავალი წლის წინ ვინ ერთობოდა ღრუბლებიდან ბაყაყების სროლით?" გავიფიქრე, გვერდითა ღრუბლიდან მსხალი მოვწყვიტე და ჩავკბიჩე. ზედმეტად გადამწიფებული მეჩვენა, წინა დღეებში უკეთესი მსხლის ღრუბლები დაფრინავდნენ. ეს ხილი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სათამაშო კურკები აქვს, ზოგი ასაწყობია, ზოგი უკვე მზა, რაც უფრო რთული ასაწყობი დეტალები ამოდის მხალში მით უფრო საინტერესოა. უი, უი, ბოდიში, სულ დამავიწყდა, რომ სათამაშოები კინდერში ამოდის და არა ხილში, თუნდაც ეს ხილი ღრუბლებიდან მოკრეფილი იყოს.
ამ ფიქრებში რომ ვიყავი ქარმა დაუბერა და ღრუბლები გაფანტა. მე ძირს ჩამოვვარდი და კვლავ მარშუტკაში აღმოვჩნდი, რომელიც კვლავ უიმედო უძრაობით იდგა საცობში. მე კი ღრუბლებიც აღარ მქონდა, რომ ფიქრებით მაინც მოვკალათებულიყავი მასზე და ჩახუთულ მარშუტკაში ჯდომით არ დავტანჟულიყავი.

July 5, 2009

ყაზბეგი

Deleted





July 2, 2009

ფანტაზიას/2+მოგონება/2

ფაილებში ბოდიალისას შემთხვევით წავაწყდი წელიწადნახევრისწინანდელ დოკუმენტს რომლის დაწერის, უფრო სწორედ აკრეფის მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, თუ რატომ ამას მისი წაკითხვისას შეიტყობთ :)
მოკლედ კიდევ ერთი შელამაზებული მომენტი ჩემი ცხოვრებიდან:

ხუთი ხდებოდა ბოთლი რომ ავიღე და მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გადავკარი 3 ჭიქა. ბევრი იტყვის სამი ჭიქა ეგეც დიდი ამბავი არ იყოსო. მათ გასაგონად აღვნიშნავ რომ “მალალიტრაშკა ვარ”. პირველი აზრი რამაც თავში გამიელვა იყო: “მთვრალი არ ვარ” არადა გამიგონია, როდესაც ადამიანი სხვას ან საკუთარ თავს უმტკიცებს რომ ფხიზელია, ე.ი. უკვე მთვრალია. შემდეგი აზრი რომელიც ჩემს თავში თეთრ ცხენზე ამხედრებული მიქროდა (ეგეც რაშზე ამხედრებული უფლისწული არ ყოფილიყო) იყო ის რომ გაბრუებული ვარ. პირველი ცხენზე მონავარდე აზრი, იმის შესახებ რომ მთვრალი არ ვარ, მას შემდეგ ჩამოვაქვეითე, როდესაც ნახევარ საათიანი ცეკვის შემდეგ მივხვდი რომ თურმე მუსიკა არ ჩამირთავს, არადა მუსიკა ნამდვილად მესმოდა. მოკლედ მთვრალი ვარ, მამცნო ლურჯ ყურებპარტყუნა ვირზე ამხედრებულმა საკუთარმა თავმა, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ვირიან ფიქრს სასწრაფოდ ხელი ავუქნიე, რომელიც ოჯახის რელიქვიას მოხვდა და აწ უკვე გარდაცვლილ, თაობების მიერ 300 წლის განმავლობაში ნალოლიავები ანტიკვარული ვაზა ნამსხვრევებად აქცია. იმ წუთშივე, როგორც კი მივხვდი რომ, ამ საშინელი ვაზის მოვლა მთელი ჩემი დრჩენილი სიცოცხლის მანძილზე არ მომიწევდა სიხარულის ყიჟინი დავეცი და მეზობლების აშკარა, დაუფარავი და ცოტა არ იყოს უხეში გულისწყრომა გამოვიწვიე. როგორც კი გავაცნბიერე, რომ მე ყოველთვის მშვიდმა და უაზრობამდე ზრდილობიანმა და ტაქტიანმა ბავშვმა, ვიღაცის გაბრაზება შევძელი, ხელმეორედ დავეცი გამარჯვების ყიჟინი. ამ დროს ჩემამდე ნახშირის სუნმა მოაღწია, გონებაში სასწრაფოდ გადავავლე თვალი იმ მეზობელთა სიას, რომლებსაც შეიძლება გაზქურაზე ტაფა დარჩენოდათ და ბოლოში რაც შეიძლება მკრთალი ფანქრით მიწერილ საკუთარ სახელსა და გვართან შევჩერდი. ამ დროს გაისმა მე თვითონაც არ ვიცი ვისი ყვირილი, “დაგავიწყდა არა გაზქურაზე რაღაც რომ გაქვს დადგმული” ამ სიტყვებმა წამიერად გამომაფხიზლა, მაგრამ მეორე წამს ისევ ალკოჰოლის უპრობლემო და მხიარულ სამფლობლოში დავბრუნდი და ისეტერიული სიცილით შევხვდი, შავ ცხენზე ამხედრებულ აზრს იმის შესახებ რომ საჭმელი დავწვი. ის ის იყო ზემოთხსენებული აზრი სხვა ალკოჰოლის ქვეყანაში მცხოვრებთან გავამგზავრე, რომ ლეკვის წკმუტუნი შემომესმა, არადა ლეკვი არ მყავს. მივყევი ხმას და თავი ამოვყავი საკუთარი სახლის აივანზე, რომელზეც პატარა “ამუა” იჯდა და დამშეული თვალებით შემომცქეროდა. “შენ ლეკვი გყავს, რომელსაც უნდა მოუარო”, ცხენიდან ჩამოუქვეითებლად შემახსენა აზრმა. ტელეფონის ზარმა კიდევ ერთი წამით დამაბრუნა ფხიზელთა ქვეყანაში, სასწრაფოდ ჩავახველე, ჰალსტუხი შევისწორე( არადა ჰალსტუხი ცხოვრებაში არ მიტარებია და არც ეხლა მიკეთია) და ყურმილს დავწვდი. ტელეფონში მოსმენილი ცოტა არ იყოს მკაცრი ტონით, რომელიც გამოიწვია, ჩემი გონების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნამ წარმოთქმული რჩევა დარიგების შემდეგ სავარძელში ჩევეშვი და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე, ორიოდ წუთში კედელზე დაკიდებულ სარკეს ვარდისფერი ბურუსი აეფარა და მე ალკოჰოლის სამყაროდან რეალობაში დასაბრუნებელ გზას დავადექი, თუ ვერ მიხვდით დავაკონკრეტებ და გეტყვით რომ ჩამეძინა. დილით საშინელმა წყურვილმა გამომაღვიძა და სადღაც შორიდან მომესმა “მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე. . . . .”

ავარიული დაშვება და სხვა...

იძულებითი გეგმა (დასახული წინა კვირაში ჩემი უნაკლო სიზარმაცის გათალისწინებით) დილის შვიდ საათზე გაღვიძებისა და საგამოცდო საკითხების ერთხელ მაინც გადაკითხვისა ჩავარდა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი 11 საათზე მეგობრის ზარმა რომ გამაღვიძა და გამოცდაზე წასვლისკენ მომიწოდა. გამოფხიზლებისთანავე გონებაში გეგმა "ბ" გამოიკვეთა შინაარსით "მარშუტკაში მაინც წავიკითხავ", რომელმაც გაამართა და ბოლო გამოცდათ წარმატებით გადავაგრიხინე. ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ რომ დავამთავრე ბაკალავრიატი. არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველ დღეს რა სიხარულით, ენთუზიაზმით და იმედებით დატვირთული გავემართე მაღლივისკენ. მეგონა სტუდენტური ცხოვრების საოცარი სამყაროსკენ მივაბიჯებდი, რომლის შესასვლელში წყნეთის ხიდით გადმოსული ძროხები შემეგებნენ. ამ დღეს მიღებული იმედგაცრულება სტუდენტობასთან დაკავშირებით ეულად არ დარჩენილა და მრავალი მეგობარი იპოვა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა მაღლივს გარეთ ცხოვრებაზე ბევრ ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, შესაბამისად ჩემი ოთხი წლის წინანდელი იმედები ნაწილობრივ გამართლდა და ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობის პერიოდით.
ერთი სიტყვით (პრინციპში ერთზე მეტი სიტყვა გამოვიდა :) )ჩავარიხინე ბოლო გამოცდა და შევუდექი ჯგუფელების დატერორებას ექსკურსიაზე წამოსვლის პირობის ჩამოსართმევად. შემდეგი ბრძოლა მაღლივის ადმინისტრაციაში, კანცელარიასა და დეკანატში მქონდა, დალუქული, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ტრანსკრიპტების გამოთხოვნის მიზეზით, რომელიც ჩემდა გასაკვირად მალევე დაკმაყოფილდა და თანაც მაღლივის პერსონალისთვის უჩვეულო თავაზიანობით.
საკმაოდ მოშიებული კუჭით თამოსთან და ქეთისთან (მეგობრები არიან რომლებსაც რომელიმე მომდევნო პოსტში გაგაცნობთ) ერთად წავედით "ფიორინოში" პიცის საჭმელად. აქ სარეკლამო გაჭრაზე უნდა გავიდე და ორიოდ სიტყვით გავაპიარო ზემოთნახსენები პიცერიის "კაპრიჩოზა" და "ცეზარი", ორივე კერძი მართლა უგემრიელესია, ბევრგან გავსინჯე მაგრამ უკეთესი ვერსად ვნახე. მოკლედ ისეთი კარგია თითებს ვერა მაგრამ ჩანგალი მართლა შეიძლება ჩაკვნიტო. მას შემდეგ რაც დავნაყრდით და ცხოვრებისეულ საჭირბოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ სახლებისკენ გავეშურეთ. გზად მაღაზიაში შევიარე სადაც უკვე ერთი კვირაა ფლეშკას ვყიდულობ და ვერ ვიყიდე. ყოველდღე მპირდება გამყიდველი ეხლა საწყობშია(თუ სადღაც ჯანდაბაში), ხვალ გვექნებაო, მაგრამ აშკარად სხვადასხვა დროის სარტყელში ვართ ან სიტყვა "ხვალ"-ის განსხვავებული აღქმა გვაქვს.
სახლისკენ მომავალს ISET-ის ინგლისურის ფრეფ კურსის ამერიკელი ლექტორი შემხვდა, ვიფიქრე ცოტა ინგლისურის speacking-ს გავავარჯიშებ მეთქი და გამოვეცნაურე. პრინციპში მთლად უიმედო შემთხვევა არ ვარ თავისუფლად ვიგებ და ვაგებინებ სათქმელს. მოკლედ კეტლინთან შეხვედრამაც კარგ ხასიათზე დამაყენა, ძალიან სასიამოვნო ადმაიანია. სხვათაშორის ჩემი მეზობელი ყოფილა, ნეტავ აქამდე რატომ არ დამინახავს?!
სახლში მოსული არ ვიყავი კუჭმა ისევ რომ შემახსენა თავი და სასწრაფო წესით პოპულში გამისტუმრა. ხორაგ-სანოვაგით დატვირთული მოვდივარ ჩემთვის ცხოვრების ავკარგიანობაზე ჩაფიქრებული და უცებ არ ვიცი რა დამემართა, ფეხი წამოვკარი რამეს თუ რა იყო, ავფრინდი ჰაერში. რისი გაფიქრებაც მოვასწარი იყო "მგონი დამერხა, მაგრამ რამენაირად ფეხზე უნდა დავდგე არ დავეცემეთქი," ცალ ფეხზე კი დავხტი, მაგრამ პარკების სიმძიმემ გადამწონა დავებერტყე ასფალტზე თან ისეთი ინერციით, რომ რამის გოგებაშვილის ბოლომდე ვიხოხე. წესიერად დაცემული არ ვიყავი, სასწრაფოდ წამოვხტი სანამ ვინმე დაინახავდა ჩემს სასაცილო ელემენტებ ნარევ სამარცხვინო ყოფას. სახლში მოსულს ხელში შემრჩა აზელილი საჭმელი, დაბეგვილი ხორცი, ოღონდ საკუთარი და მთელი ზამთრის ნანატრი აწ უკვე გვარიანად შელახული ზაგარი.
ეხლა ვწევარ ლოგინზე დაჟეჟილი და ცივი კომპრესებით გარშემორტყმული და ზეგინდელი გერგეთის ექსკურსიის საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ, თან გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ზეგამდე იდაყვები თუ არა მუხლები მაინც მომირჩება, რომ გერგეთზე ავიდე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასკინკილითაც რომ მომიხდეს ასვლა მაინც არ გამოვტოვებ ამ ექსკურსიას.

პ.ს. ხავისბერი გოჩა რაც წავიკიხთე იმის მერე ყაზბეგში წასვლაზე ვოცნებობ და ეხლა ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია, იმედია მალე გავა ეს ორი დღე :)

პ.ს. მგონი ზეგისთვის გადაიდო ნანატრი ექსკურსია

July 1, 2009

ერთი პორცია მზის ენერგია

გუშინ საღამოს გადავწყვიტე დღეს მთელი დღით ბასეინზე წავსულიყავი მაკასთან (მეგობარია) ერთად და ბოლო ერთი თვის განმავლობაში დახარჯული ენერგიები აღმედგინა,თან რაც სიცხეები გამოვიდა, ქუჩაში სიარულისსას ხან მძღოლის ზაგარს ვირებ ხანაც ბაზრობისას და ვიფიქრე ბარემ ერთგავროვან ფერზეც დავდგები მეთქი.
დილის თერთმეტ საათზე მობილურის ზარმა გამაღვიძა, სამსახურიდან მირეკავდნენ, “2 საათში გადაცემაში უნდა დაჯდე პირდაპირ ჩართვაზე და საათნახევარში სტუდიაში უნდა იყოო.” სანამ მაილზე გადმოგზავნილ ჩართვისთვის საჭირო ინფორმაციას ვეცნობოდი დრო ისე გავიდა დავრჩი თმაგაწეწილი და მოუმზადებელი, მერე ისეთი სიჩქარით მოვწესრიგდი მეხანძრეს შეშურდებოდა. დაგვიანება თავიდან რომ ამეცილებინა ტაქასით წავედი (არადა ტაქსი იმ იშვიათთაგანია, რაშიც ფულის დახარჯვა მენანება) , მაგრამ რად გინდა სპორტული სირბილით რომ გავდგომოდი გზას გავასწრებდი. ვეუბნები სად უნდა შეუხვიოს რა გზით უნდა წავიდეს, რომ როგორც მიდის ის ევერ მივა რადგან იქ გზაა გაფუჭებული და ა.შ. მაგრამ რად გინდა მაინც ტავის ჭკუით იარა და კი ურტყა მთელ ქალაქს კრუგები. დაგვიანებით მისული სასწრაფოდ გამპუდრეს საგრიმიოროში და სტუდიაში დამსვეს. ნუ შეკითხვებს და სასაუბრო თემას აშკარად სხვა რაღაცას ველოდი, მაგრამ მაინც საკმაოდ ნაცნობი საკითხი იყო და საერთო ჯამში მგონი ნორმალური გამოვიდა.
ლაგუნასკენ მიმავალს მაკამ მამცნო რომ ვერ მოდიოდა, რამის გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ თავი ჩანთამ შემახსენა თავისი სიმძიმით რაც “კუპალნიკით”, “შლოპანცებით’’ და ბასეინისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით იყო გამოწვეული. პირველი “სასიამოვნო” განცვიფრება მაშინ განვიცადე სამედიცინო კაბინთტთან ნახევარ საათიანი რიგში დგომის შემდეგ ექიმი ცნობის გამოსაწერად მხოლოდ ერთი კითხვით “ცურვა ხომ იცით” შემოიფარგლა.(შარშან ფეხებს მაინც ამოწმებდნენ) საკმარისია მზესთან და ზღვასთან ახლოს აღმოვჩნდე, რომ იმ წამშივე ისედაც საკმარისად ბედნიერი ადამიანიდან მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გარდავიქმნე. მიუხედავად იმისა რომ “ლაგუნა ვერე’’ საოცნებო ადგილი არაა, ბოლო ორი წელია მთელს ჩემს უარყოფით ენერგიას და დაღლილობას იქ ვტოვებ და ძალიან დასვენებული და ბედნიერი გამოვდივარ ქუჩაში. პრინციპში ხოგჯერ მირჩევნია კიდეც მარტო წასვლა, ვაგდივარ ჩემთვის შეზლონგზე, ვაკვირდები ხალხს და ცალ ფეხზე მკიდია გარეთ რა ხდება. ისე ზღვაზე და ბასეინზე ვხედავ რომ ხალხი იმაზე უკეთესი და ბედნიერია ვიდრე ცხოვრების “დანარჩენ” ნაწილში ჩანს. უფრო მხიარული და უბოროტო “ვიდი” აქვთ. მოკლედ როგროც კი დავრწმუნდი რომ უკვე საახალწლო გოჭივით შებრაწული ვიყავი სინდის დამშვიდებული წავედი ბავშვობის მეგობრის სანახავად, რომელიც მთელი თვეა არ მინახავს.
მაკდონალდსის ქსელის ბიუჯეტის შევსებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ და დილას აქეთ საჭმლის გარეშე დარჩენილი, კოკა-კოლით ამოვსებული კუჭიც მოვიმადლიერე. (ხო კაი, მეც ვიცი რომ კოკა-კოლაც და მაკდონალდსის საჭმელიც ნაგავია, მაგრამ ხომ გაგიგიათ “სიყვარული ბრმააო”)ეხლა ვზივარ კომპთან და წორდის დოკუმენტში ვკრეფ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ბლოგზე არ მიშვებს რატომრაც.(რომ მოვრჩები ეგება და მერე მაინც შემიშვას) პარალელურად მთელი მონდომებით ვცდილობ არ ვიფიქრო “საერთაშორისო ბაზრების გლობალიზაციის” გამოცდისთვის სასწავლ 30 საკითხზე, მაშინ როდესაც მთელი ჩემი ორანიზმი გლობალურადაა მომართული დასაძინებლად. მოკლედ ამ ჩემს აბეზარ სინდისს მაინც ვერაფერს მოვუხერხებ და წავალ წავიკითხავ მაინც. დიდად არ მიჯდება ჭკუაში სიზარმაცის გამო ბოლო გამოცდაში ჩავფლავდე და კიდევ ნახევარი წელი მომიწიოს მაღლივის კიბეების ტკეპნა.
პ.ს. ამაღამ მზის დამწვრობით ტკბობა უნდა დავამუღამო რამენაირად, თორემ გათენება მომიწევს.

June 30, 2009

მონსტრუკა

მონსტრუკა ჩემი დაიკოა, რომელიც პირველად 15 წლის წინ რომ ვნახე 3 კილო იყო ტანსაცმლიანად და ბალიშზეც კი ძლივს ჩანდა. 9 თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ კარგად თუ მოვიქცეოდი მუცელში მყოფ არსებას ( თუმცა მაშინ მეგონა აფრენდა ვინც ამას ამბობდა, ვერავინ დამაჯერებდა რომ მუცელში ბავშვი შეიძლება ყოფილიყო)ხელში დამაჭერინებდნენ სახლში მოყვანისთანავე. მეც პირნათლად ვჭამდი ათას ვითომ სასარგებლო საძაგლობას, ვიძინებდი მაშინ როცა არ მეძინებოდა, ვიცმევდი თბილად როცა მცხელოდა და ვაკეთებდი ისეთ 1000 კოშმარს რისი გაკეთებაც წინა 5 წლის განმავლობაში ვერაფრით მაიძულეს. აი დადგა ნანატრი დღეც, ვერავის ვანდე და საკუთარი ხელით გავრეცხე და დავაუთოვე ჩემი იმ დროისათვის უსაყვარლესი დათუნებიანი სტაფილოსფერი შორტი და მაიკა(ჩვილ ბავშვს მაინც ისეთი მახვილი თვალი აქვს უბადლოდ დაუთავებული ტანსაცმლით უნდა დახვდე ერთი ნაკეციც კი რომ ვერ შენიშნოს), გამოვიწკიპე და დედაჩემის მოსვლამდე 2-3 საათით ადრე გამოვიჭიმე კარებთან.
მოყვანიდან რამოდენიმე საათში რომ შევატყვე დანაპირების შესრულებას არავინ აპირებდა, დედაჩემთან მისულმა გაუბედავად მოვითხოვე "კუთვნილი" ბავშვის ხელში დაჭერა, რაზეც ბუნებრივია უარი მივიღე. მოკლედ არმოჩნდა, რომ მთელი ცხრა თვე ''მაგოიმებდნენ''. მაგრამ რისი "მე" ვიქნებოდი ასე იოლად დამეყარა ფარხმალი. პაწუკა მარტო რომ დავიგულე მივეპარე და ვაკოცე, ნუ თითქოს არაფერი მაგრამ მაშინ ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით :). სხვათაშორის ჩემს "დანაშაულს" ფარდა ორიოდე წლის წინ აეხადა, სინდისმა "შემაწუხა" და ვაღიარე. :)
მოკლედ აი ასე შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ნინუცასთან. ისეთი ერთი ბეწო, წყნარი და საყვარელი იყო რას ვიფიქრებდი ასეთი გიჟი და გადარეული მაგრამ მაინც უსაყვარლესი ბავშვი თუ გახდებოდა. სამ წლამდე იდეალური "სათამაშო" ბავშვი იყო, დავაპორწიალებდი წინ და უკან და არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა არაფერზე. აი მერე კი დაიწყო თავდავიწყება. მთელს სახლს გრიგალივით უვლიდა და ყველაფერს განურჩევლად აქეთ-იქით ისროდა, აბა მაგარი ბიჭი/გოგო იყავი და დაგეშალა, მომენტალურად "მიგაჩმორებდა" . (ნუ მიჩმორებისადმი და კაცური საქმის გარცევისადმი მიდრეკილება დღემდე აქვს); ოთხი წლის იყო მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად რომ დაგვსვა მთელი ოჯახი და ახალი მეგობრის "ბეკას" შესახებ გვამცნო და მის შემოსაყვანად გავიდა. უკან კვლავ თვითონ დაბრუნდა ოღონდ ბაბუაჩემის ძველ შლიაპასა და ჩემი ძმის ტანსაცმელში გამოწყობილი, დაბოხებული ხმით. მოკლედ იმ დღიდან მოყოლებული სახლში ხან ნინუცა დაქროდა ხან ე.წ. "ბეკა". აბა გაგებედა და "ბეკად" ტრანსფორმირებულისთვის ნინო დაგეძახა, მომენტალურად ანათემას გადაგცემდა. მერე იყო მშობელთა კრებები, რომლებზეც მასწავლებლები ჩიოდნენ ნინო ბიჭებს ხელში იყვანს და აქეთ იქით ისვრის ან ცემს თუ გააბრაზესო; მოკლედ თავს არავის აჩაგვრინებდა.
ეხლა რომ მივყვე ბევრ მსგავს ეპიზოდს გავიხსენებ და მე წერა დამეზარება თქვენ წაკითხვა. უბრალოდ ამ არც თუ ისე მოკლე შესავლით იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან მაგარი მონსტრუკა მყავს სახლში, რომელზეც ვგიჟდები და რომელიც ძალიან მომენატრება მასტერატში რომ წავალ და ვერ ვნახავ მინიმუმ ერთი წელი. ისიც კი მომენატრება მთელი კვირის გამავლობაში ნანანტრ შაბათ დილას 7-8საათზე გამოსაფხიზლებელ "ბალიშით მიბეგვის" პროცედურებს რომ მიტარებს ან კიდევ შუა ღამისას რაიმე თუ გაახსენდა მოურიდებლად რომ დამადგება თავზე და იქამდე მიძახებს "თეო გძინავს" სანამ არ გავიღვიძებ და პასუხს არ გავცემ. კიდევ ის მომენატრება ქუჩაზე გადასვლისას ხელს რომ მოვკიდებ და ერთ ამბავს ამიტეხს "შენი ბავშვი ხომ არ ვარ ჩემით ვერ გადავალ, შენ ნახე სახლშიჳ რა დღე გაწიოო" კი არ მინდა გავაბრაზო ხოლმე, მაგრამ ჩვევად მაქვს ქცეული, თან მეშინია საიდანმე მანქანა არ გამოხტეს უდროოდ, მე შენ გეტყვი და ზემოწესრიგებული მოძრაობაა თბილისში. მოკლედ სანამ 80წლის პანიკიორი და მოწუწუნე ბებიის რეჩები არ გამიშვია, დავასრულებ წერას. აშკარად უკეთესი პოსტი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი ფანტაზია ერთდროულად საგრანტო პროექტის და ბლოგის წერას ვერ წვდება.

პ.ს.ისე რაც თავი მახსოვს სულ მიკვირს, როგორ შეიძლება უმცროს დაზე/ძმაზე იეჭვიანო, არადა ხშირად ხდება ხოლმე ასეთები

June 23, 2009

მაკედონელის ჯინი

ქუჩაში სიარულისას ხალხს რომ ვაკვირდები, ხშირად წარმოვიდგენ ესა თუ ის ადამიანი დანიშნულების ადგილზე მისვლისას რას აკეთებს, როგორ იქცევა და საერთოდ რანაირი ადამიანია. არ ვიცი ჩემი წარმოდგენა რეალობასთან რამდენად ახლოსაა, მაგრამ მე კი საოცრად მიმოკლებს დამქანცველ გზას. დღეს სანამ ელბაქიძიდან გოგებაშვილამდე ავქოშინდებოდი და სავარძელში ჩავეხეთქებოდი, ჩემი ყურადრება სკოლიდან სახლში მიმავალმა, წითელლოყება, პუტკუნა და გაფაციცებულ თვალებიანმა ბიჭმა მიიქცია.
სახლში მოსულმა გადავწყვიტე მისი ცხოვრების ერთი წარმოსახვითი ეპიზოდი ბლოგზე დამეწერა...

სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი და, 9 წლის ნანიკო ტელევიზორთან წამოსკუპებული დამხვდა. გულმა მაშინვე რეჩხი მიყო, მივხვდი, რომ სულ მცირე პატარა ბრძოლის გამართვა დამჭირდებოდა კუნინძებზე ჩემი საყვარელი მულტფილმისათვის რომ მეყურებინა. ეს ბრძოლა სავარაუდოდ სასტიკ ომში გადაიზრდებოდა, რომელშიც მძიმე არტილერია ჩაერთვებოდა მშობლების სახით. შესაძლო დამარცხების წინათგრძნობას არ შევუშინდი, თავი ალექსანდრე მაკედონელად წარმოვიდგინე, (და რატომ წარმოვიდგინე ნეტავ მაკედონელად თავი, მაშინ როდესაც წესით და რიგით აზრზე არუნდა ვიყო ვინ არის) ხელში პულტი მოვიმარჯვე, სახეზე მრისხანება მივიხატე, ვინანე რომ ცხენი არ მყავს და ნანიკოს წინ ავესვეტე. -მე ნინძებზე მინდა მულტფილმი წარმოვთქვი რაც შეიძლებოდა გოროზი ხმით, რომელიც აშკარად სასაცილოდ ჯღერდა, დის გაკვირვებული და სიცილისაგან აჭარხლებული სახით თუ ვიმსჯელებთ. -და მოხარშული წაბლი არ გინდა? -ვაა დედამ მოხარშა- მაკედონელის კვარცხლბეკიდან სასწრაფოთ ჩამოვძვერი და ჩემს განუყრელ მეგობარ კუჭზე დავიწყე ზრუნვა. არადა მგონი მიყენებს ეს მეგობარი, როცა უნდა მაშინ მახსენებს თავს და სულ არ აინტერესებს იმ დროს მე მცალია თუ არა. ნანიკოს დამცინავმა მზერამ ცივი წყალი გადამასხა და წყლით სავსე ვარცლში ჩავარდნილი ქათამივით გაწუწული "მაკედონელი” კვლავ კვარცხლბეკისაკენ გავემართე, რომელიც პირველი დამარცხების შემდეგ უფრო მაღალი მეჩვენა. მას შემდეგ რაც რის ვაი ვაგლახით კვლავ მაკედონელად ვიგრძენი თავი და სახეზე კვლავ მედიდური გამომეტყველება მივიხატე ხელმეორედ ვცადე მოწინააღმდეგის ბანაკის შტურმით აღება. -ეხლავე თუ არ აღიარებ დამარცხებას და “ნინძებზე” არ გადართავ მთელს ჩემს რისხვას თავზე დაგატეხ. -დედაააააა, ჩვენი “ალექსანდრე მაკედონელი მაწვალებს.” დის ხმა დამარცხების მომასწავებელი საყვირივით გაისმა. ამის შემდეგ აგარ მოვყვები ბრძოლა როგორ წარიმართა, დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო საკუთარ სამარცხვინო დამარცხებაზე საუბარი. ერთს კი ვიტყვი. ჩემი გამაკედონელობიდან 15 წუთში, ნანიკოს გვერდით ვიჯექი და “ალადინის ლამპარს ვუყურებდი”. იმ საღამოს კიდევ ერთი დამარცხება ვიწვნიე, როდესაც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად დედამ დასაძინებლად 9 საათზე გამიშვა. უკანასკნელი რაც სიზმრების სამყაროში გადასვლის წინ გავიფიქრე იყო: მეც მინდა “ჯინი” დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავიცვი და ქუჩაში გავედი, კუთხეში ერთად შეყრილი ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი შევნიშნე. ოდნავ მოშორებით ვიღაც გრძელწვერა კაცი ხელში პატარა ძველებურ ჭურჭელს ატრიალებდა. -ვის უნდა ჯინი? ჯინი რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ? სამაგიეროდ კი სულ უბრალო რაღაცის გაღებაც საკმარისი იქნება. -მე დამითმე ლამპარი და მაკედონელი რომ ვიქნები ჩემს მარჯვენა ხელად დაგნიშნავ-შევპირდი წვერებიანს დიდისამბით. უნდა ვაღიარო რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რამოდენიმე წუთში ლამპარი ჩემს ხელში იყო. კიდევ რამოდენიმე წუთში ჩემს წინ დახეულ ჯინსებიანი და თმაგაჩეჩილი ჯინი იდგა. -“ბრატ” აბა მითხარი ეხლა რა გინდა შენ და მე “ვაკელი ჯინიკო” არ ვიყო თუ არ შეგისრულო.-ორი სურვილი მაქვს. მინდა რომ ნანიკო მთელი დღეები ნინძებზე მულტფილმს უყურებდეს და მეორე, მინდა ალექსანდრე მაკედონელი ვიყო და ეხლა იმ ომში გავჩნდე, რომელსაც აუცილებლად მოვიგებ.-შენ ჭკუა და მე ფულები, ამოიოხრა ჯინმა, ბიჩოკი გადააგდო, ხელები ჩემსკენ გამოიშვირა და თითებიდან თოკი გამოუშვა(შენ მანდ კომპიუტერთან რომ ზიხარ, რა სისულელეებს წერ, ჯინი ვარ სპაიდერმენი კი არა, კომპიუტერის ეკრანიდან შემომიღრინა ჯინმა, DELETE-ის ღილაკზე მიმითითა და ეკრანს კვლავ WORD-ის დოკუმენტი მოაფარა.) ჯინმა ხელები კიდევ ერთხელ გაიშვირა წინ, გარშემო მუქი ფერის კვამლი გაჩნდა, რომლის გაფანტვის შემდეგაც, უზარმაზარ ველზე აღმოვჩნდი ბედაურზე ამხედრებული, ხელში ხმლით. თანამებრძოლის მუზარადში საკუთარი თავის ცქერით ჯერ გული არ მქონდა ნაჯერები, მტრის ისარი რომ მეკვეთა და ცხენიდან ჩამომაგდო. -ალექსანდრე. . . . . ალექსანდრე ადექი! -მომესმა შორიდან. ეტყობა თანამებრძოლები მეძახიან გამიელვა თავში და თვალები გავახილე. საწოლთან დედა იდგა -ალექსანდრე შვილო, სკოლაში წასვლის დროა.
საღამოს სახლში რომ მივედი ნანიკო გაფაციცებით უყურებდა “ნინძებზე” მულტფილმს, გამარჯვებული სახით მის გვერდით მოვკალათდი და წარმოსახვაში ბირჟაზე მდგარ ჩემს თმაგაჩეჩილ ჯინს თვალი ჩავუკარი.

June 22, 2009

გასეირნება სიღნაღში



მას შემდეგ რაც სიღნაღი გაარემონტეს გოგოები ყოველ შაბათ-კვირას ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ მიზეზები როგორც ყოველთვის არ ილეოდა და ჩვენი გასეირნებაც განუსაზღვრელი ვადით იდებოდა, რომელიმე "შემდეგი" კვირისთვის. გუშინ კი დადგა ეს კვირა დღეც, და მიუხედავად ავისმომასწავებლად მოქუფრული ცისა ქოლგებით და კარგი ამინდის გამოსვლის იმედით შეიარაღებულნი ცხრის ნახევარზე ნავთლუღში გამოვცხადდით, მარშუტკაში ადგილების დასაკავებლად. დისლოკაციის ადგილზე ჩასულებს კეთილმა კახელმა ბებომ გვირჩია, ექვს საათიანი მარშუტკის ბილეთები წინასწარ აგვეღო, თუ დარჩენას არ ვაპირებდით. ბილეთებს კი პატარა ქაღალდის ნაკუწზე გაურკვევლად მიწერილი ციფრები (სავარაუდოდ თარიღი) წარმოადგენდა. კი ვიფიქრეთ საღამოს ადგილები რომ არ იყოს, არა მგონია ამ ბილეთებმა დიდი დახმარება გაგვიწიოს-თქო, მაგრამ ამაზე ნერვიულობით დიდხანს არ შეგვიწუხებია თავი.ბუნებამ გული არ დაგვწყვიტა და არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი გამოვიდა. სიღნაღი მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილა.

მუზეუმში შესვლამდე ქალაქში გავლა და დათვალიერება გადავწყვიტეთ. აქეთ-იქით ბოდიალში ისე გაგვეპარა ნახევარ დღეზე მეტი ვერც შევნიშნეთ. საბედნიეროდ მუზეუმთან დიდი რიგი არ დაგვხვედრია, გაგვიმართლა. შესასვლელში ჩემი ყურადრება კედელზე გაკრულმა ნიშანმა მიიქცია, რომელიც დამთვალიერებლებს აუწყებდა, რომ სურათების გადაღება არ შეიძლებოდა. საგულდაგულოდ შევინახე ჩანთაში აპარატი და ისე შევაბიჯე პირველ დარბაზში, სადაც თვალი აპარატების ჩხაკუნით გამოწვეულმა შუქმა მომჭრა. ვის ახსოვდა ძველი წელთაღრიცხვით მეცამეტე მეთორმეტე საუკუნეში დამზადებული ნივთების დათვალიერება, თითქმის ყველა სავარძლებში და კედლებთან პოზირებით იყო დაკავებული.

მინდა ვთქვა, რომ საუკუნის წინანდელმა ნაკეთობებმა ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, არ მეგონა ამდენისხნის წინათ ასეთი რარაცეების გაკეთება თუ იყო შესაძლებელი. მეჩვიდმეტე თუ მეთექვსმეტე საუკუნის ნაკეთობებში აღმოვაჩინე "კაჩალკა" რომელიც ჩემი ბავშვობის სათამაშოს იდენტური კოპიოა, არადა მახსოვს მისი თავიდან მოშორების მცდელობა ბევრჯერ იყო, თუმცა ეხლაც ინახება დეიდაჩემის სახლში:).
აქვე უნდა ვაღიარო რომ ხელოვნებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი არაფერი გამეგება მხატვრობაში, ეს არც თუ ისეთი მოულოდნელი აღმოჩენა პიკასოს გამოფენის ნახვისას გავაკეთე. გულახდილად რომ ვთქვა მეტი სიამოვნება მივიღე გვერდით დარბაზში გამოფენილი თანამედროვე ამერიკელი (ბოლო წლების განმავლობაში სიღნაღში მცხოვრები) ფერმწერის მიერ შესრულებული ნახატების ცქერით.

გამოფენაზე ჩემი ყურადრება მიიქცია ერთმა საინტერესო ფაქტმა.6-7 წლის პატარა ნახატებს ათვალიერებდა და დიდი ინტერესით, დამარცვლით კითხულობდა სათაურებს. ბავშვს გაკაპასებული, აპარატ მომარჯვებული დედა მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელი და ნჯღრევით აუხსნა, რომ სურათის გადასაღებად უნდა დადგეს და არა ნახატები ათვალიეროს, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საქმეს როგორიცაა სურათის გადაღებას ვინ იცის კიდევ როდის მოახერხებს და ამ "რაღაცეების" ნახვა კიდევ ინტერნეტშიც შეუძლია ნებისმიერ დროს. მოკლედ თვალები შუბლზე ამივიდა და დაგრძელებულ ყურებთან ერთად ალბათ ფრიად სასაცილო შესახედაობა მიიღო.2-3საათისათვის აღმოვაჩინეთ, რომ მაგრად მოგვშივდა და დავიღალეთ კიდეც. უახლოეს სახინკლემდე თუ რესტორნამდე გაჭირვებით მიბობღებულებმა, გასაკვირი სიხარულით გადავსანსლეთ მწვადის პროვოკაცია და მეგრულ ხაჭაპურად წოდებული გაურკვეველი წარმოშობის ცომის და ფსევდოყველის ნაჭერი და იქ მეორედ შეუსვლელობის პირობა დადებულები" გამოვედით გარეთ.
ვინაიდან ქალაქი სამჯერ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარეთ და ბოდბეში წასვლის გეგმაც გარკვეული მიზეზების გამო ჩავაგდეთ, ახალი იდეით გინობაგანათებულნი პოპულში შევიჭერით; არაყი, კოკა-კოლა და მისაყოლებლები ვიყიდეთ და სადმე ბუნებაში დასაჯდომი მყუდრო ადგილის ძიებას შევუდექით. ადგილობრივმა გამყიდვემა გვირჩია გალავანს გავყოლოდით და იქვე ორ ნაბიჯზე მდებარე პარკში დავმსხდარიყავით. გზის დადგომიდან თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ დავასკვენით, რომ ჩვენი დამკვალიანებელი ძალიან გრძელ ნაბიჯებს ადგამს, სხვაგვარად იმ პარკში ორ ნაბიჯში ვერ მივიდოდა. ნახევარი საათის ბოდიალის შემდეგ გამოჩნდა ნანატრი შესასვლელი, რომელსაც აუცილებლად ვემთხვეოდით, რომ არა ვეღარ ადგომის შიში. ჩვენი მსვლელობა პარკში გაგრძელდა, სადაც რამოდენიმე ერთმანეთს გადაფსკვნილი წყვილის გარდა ვერაფერს წავაწყდით და ჩვენი ძიება გალავნის მეორე ბოლოს ქალქის შესასვლელთან გაკვირვებულებმა და იმედგაცრუებულებმა დავასრულეთ. მაგრად გაგვიტყდა ასე პოპულის პარკებ მომარჯვებული ბატებივით სიარული. გული არ გავიტეხეთ და ქალაქის შემოსასვლელში უახლოეს ცარიელ სკამს მივაშურეთ და კონსპირირებულად გამოვუყვანეთ ნახევარ ლიტრა არაყს წირვა სამმა "მალალიტრაშკამ" ორ დალევაში.
შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ისტერიულად ვიცინოდით ათას უაზრო და აზრიან სისულელეებზე და ვცდილობდით ჩვენი ფხიზლად დარჩენილი მეოთხე თანამგზავრის გამხიარულებას. საბედნიეროდ მალევე მოვედით ჭკუაზე და დარჩენილი დროის გასაყვანად სიღნაღისთვის კიდევ ერთი კრუგის დარტყმა გადავწყვიტეთ.

ექვსის ნახევარზე ბილეთებ, უფრო სწორედიმ დროისთვის უკვე გავრიანად დაკუჭულ ნაკუწებ მომარჯვებულებმა მარშუტკას მივაშირეთ, სადაც ისეთი ამბავი დაგვხვდა მშობელი შვილს არ აიყვანდა ხელში, ჩვენს შეძენილ ოთხ ადგილზე უკვე სართულ- სართულ იჯდა ათიოდე კაცი და მათთან მოჭიდავე ოციდე ადამიანის მოგერიებას ცდილობდა. ის-ის იყო ღამის გასათევის საძებნად უნდა წავსულიყავით ჩვენი ნაცნობი "მოლარე-მძღოლი" გამოჩნდა და თავდასხმა არ გვაცალა, ისე შეგვპირდა მეორე მარშუტკის მოყვანას(აშკარად მამის მკვლელი თვალებით ვიყურებოდით), რომელში ასასვლელადაც დავივიწყეთ მთელი ჩვენი კდემამოსილება და მორიდება და იდაყვების ქნევით ავჯლაგუნდით. თოთხმეტ ადგილიანი მარშუტკით რამდენმა კაცმა იმგზავრა ვერ ვიტყვი დათვლა დამეზარა უბრალოდ. საბედნიეროდ ფანჯრებთან ვისხედით და გაგუდვას გადავრჩით.
მორალი: მანქანის საყიდლად ფულის გროვება უნდა დავიწყო, უფრო სწორედ დიდი ხნის წინ უნდა დამეწყო.
ერთი სიტყვით თბილისში საკმაოდ ნასიამოვნები და შებრაწულები დავბრუნდით. მშვენიერი კვირა დღე გამოვიდა. იმედი მაქვს ჩემს წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ასეთებიც, უკეთესებიც და უფრო ფართო მაშტაბიანებიც ბევრი გვექნება.
მომავალი შაბათისთვის ყაზბეგია გეგმაში, იმედი მაქვს კვირასაც ასევე დადებითად დამუხტული დავწერ შთაბეჭდილებებს.

პ.ს.აუჰ რამდენი მიწერია

June 19, 2009

180 გრადუსით ...

ეიფორიიდან როგორც იქნა გამოვედი და გადავწყვიტე ერთი-ორი სიტყვა დამეწერა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების, უფრო სწორედ ერთი ცვლილების შესახებ. მოკლედ წინა სამშაბათს ბოლო 4 წლის განმავლობაში მეხუთეჯერ წავეიდი აშშ-ს საელჩოში ვიზისთვის და მორჩილად ველოდი მეხუთე უარს. რიგი ბიუროკრატიული საფეხურების მერე მეძახის კონსული(თუ ოფიცერი ოფიცერი), მივდივარ ჩემი საბუთებით ფანჯარა # უკვე აგარც ვიცი რომელთან და ველოდები ჩემთვის უკვე ნაცნობ შტამპს წარწერით denied, ვუყურებ და ეს ქალი რაღაც საეჭვოდ მიცინის, მევთქვი მომსახურება დაუხვეწიათ ეხლა უფრო თავაზიანად მიფუჭებენ ისედაც გაუბედურებულ პასპორტს მეთქი. ხოდა ამ ქალმა რამდენი წლის ხარო, რამის ყოველ მეორე დღეს აქ ვუზივარ და დავიჯერო ჩემი ასაკი არ იცის მეთქი, ის ის იყო გავიფიქრე, რომ მესმის your pettition is approved-ო. ეტყობა ისეთი გამოშტერებული სახე მქონდა ქალმა 5ჯერ გამიმეორე წადი შენი DHL-ის ქვითარი აიღეო. გარეთ მამაჩემი და ჩემი ძმა მელოდნენ, ისინი მალე მოვიდნენ აზრზე, მაგრამ მე კაი ორი დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ჩემი გასაუბრებიდან სადღაც ერთ კვირაში, (გუშინ წინ) ჩემ ძმასაც მისცეს ვიზა, ასე რომ მარტო არ მომიწევს წაპრუტუნება.
რამოდენიმე დრის წინ აღმოვაჩინე, რომ ემოციურად ორად ვარ გაყოფილი. ერთ თეოს მაგრად უხარია წასვლა, იქ მაგისტრატურაში სწავლა და+ სხვა დადებითი მომენტები, მაგრამ მეორე თეო მაგარი დაგრუზულია. დედაჩემი, ჩემი პაწუკა და (თუმცა რაღა პაწუკა უკვე 15 წლისაა) , მეგობრები და კიდევ ათასი ვირაც და რაღაც აქ რჩება და ვიცი ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში მაგრად მომენატრებიან. მოკლედ ამ გაორების საკითხს ძალიან აღარ ჩავუღრმავდები და არ დავიგრუზავ თავს, მითუმეტეს, რომ მაღლივის ბოლო სემესტრის გამოცდები მაქვს ჩასაგრიხინებელი და ნერვიულობის გარეშეც ძლივს ვუდებ გამოცდებს, საბაკალავროს და უაზრო რეფერატებს გულს. იმედია მეცხრე სემესტრს არ შემომტენიან.
დღეს მამაჩემი გაფრინდა უკან და ეხლა ვზივარ და ველოდები აგვისტოს მოსვლას.

ხოდა ასე შეიცვალა ცემი ცხოვრება უცებ 180გრადუსით ჯერ არ ვიცი საითკენ, დიდი იმედი მაქვს უკეთესობისკენ

June 5, 2009

ჩემი და ჩემი ბლოგის დაბადების დღე

სახლში მოსულმა გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქარი გამეკთებინა და ბლოგი შემექმნა. დაახლოებით ერთი წლის წინ ბლოგის არსებობის შესახებ რომ გავიგე, ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე მეორე დღესვე გამეკეთებინა. ხოდა როგორც იქნა დაგვიანებით მაგრამ მაინც დადგა ეს ნანატრი "მეორე" დღე.მართალია დარწმუნებული არ ვარ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენად მოვახერხებ საჭირო ადგილასა და საჭირო ფორმით განვათავსო ჩემი პირველი "შედევრი", მაგამ ამას თუ შევუშინდი რა ბლოგერი დადგება ჩემგან?! რამის ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა კვლავ დადგა ჩემი დაბადების დღე, მართალია 12 საათზე სამსახურიდან 15 წუთის მოსული მთელი მონდმებით ვსწავლობდი სტრატეგიულ მენეჯმენტს, მაგრამ ამ უმნიშვნელო ფაქტისთვის ხასიათის გაფუჭების უფლება არ მიმიცია. ამ საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ დილის 7 საათამდე გავითიშე. მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო, მერე იყო ტრადიციული მილოცვები და ა.შ. მერე სამსახური თავისი პროექტების წერით, გადარბენებით და ქაოსური სიტუაციების სრული პაკეტით და აი როგორც იქნა დადგა თავისუფლების ნანატრი წუთი და სწორედ მაშინაბზუილდა ავისმომასწავებლად ჩემი ტელეფონი. ჯგუფელმა მამცნო რომ სასწრაფოდ მაღლივში თუ არ ავიდოდი და არ ჩავაბარებდი ერთ-ეთი ლექტორი (თუმცა დარწმუნებული ვარ არც დანარჩენი 3 იტყოდა ამაზე უარს) მეცხრე სემესტრით დამასაჩუქრებდა, არადა ხომ ვთხოვე ნუ შეწუხდებით საჩუქრისთვის მეთქი. მაღლივის მიმდებარე ტერიტორიებზე თავსხმა წვიმაში რამის 30კმ/სთ სიჩქარით მორბენალმა მანქანის შუშაში რომ შევავლე საკუთარ თავს თვალი, ვინატრე ნეტა მანქანისთვის გვერდი ამეარა, ისეთ სანახავი ვიყავი მაუგლის როლზე უპრობლემოდ დამამტკიცებდნენ. საბოლოოდ კოკისპირულ წვიმაში და ქარში მარათონული სირბილი დამიფასდა და მეცხრე სემესტრს გადავჩი. სინდისდამშვიდებულმა მიმოვრეკე მეგობრებთან და კაფეში გამოდით მეთქი. მოკლედ რამოდენიმე შევიკრიბეთ და დავსხედით ერთგან. დალევას არ ვაპირებდი ხვალ რაღაც სამუშაო მაქვს, თან სტუმრებს ველოდებოდი და მეთქი პახმელიის დრო არ მექნებათქო, მაგრამ ზოგჯერ იმის გაკეთებაც მიწევს რასაც არ ვაპირებ ხოლმე. ხოდა დღევანდელი დღეც ამ შემთხვევებიდან ერთ-ერთი საუკეტესო იყო. ბავშვები სახლებში რომ გავუშვი ვიფიქრე, მაინც ტყიდან გამოვარდნილს ვგავარ, ვეგარაფერს ვუშველი და ბარემ წვიამში გავბოდიალდები ცოტას მეტქი.გასაწური რომ გავხდი ცავთვალე რომ საკმარისი იყო ჩემი მორწყვა და სახლისკენ გამოვეშურე. ეხლა კი ფრიად მნიშვნელოვანი საქმიანობით ვარ დაკავებული და იმედი მაქვს ბლოგს მომავალშიც ისეთივე ენთუზიაზმით განვაახლებ, როგრითაც ეხლა ვქმნი. მითუმეტეს რომ ძალიან ხშირად მაქვს უზარმაზარი დადებითი ემოცია, რომელიც მინდა ძალიან ბევრ ადამიანს გავუზიარო, (ოჯახის წევრები და მეგობრები არ მყოფნის :) )და ეს გვერდი კარგი საშუალებაა ამისთვის. პლიუს ამას 7 წლის ასაკიდან დღიურს ვწერ, რომლესაც ჩემი დიდი მცდელობების მიუხედავად ასე არ მოხდეს მაინც ყველა კითხულბს, ვისაც ბლოკნოტის ძებნა არ ეზარება, ასე რომ ბარემ ბლოგზე გადმოვინაცვლებ, დღიურის გადამალვის ღონისძიებებზე დასახარჯ დროს მაინც დავზოგავ.