November 8, 2009

Dreams come through


სათაურმა შეიძლება გაფიქრებინათ, რომ პოსტი Jim Steinman-ის დაწერილ, შესრულებულ და შემდგომში Meat Loaf-ის მიერ ჩაწერილ სიმღერაზეა, მაგრამ დასაწყიშივე უნდა ვთქვა რომ მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პოსტი თავიდან ბოლომდე ჩემს ახდენილ ოცნებებზე, ან ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი რომ არ გამოვიდეს, ახდენილ სურვილებზე იქნება. აღნიშნული, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი სიის სათავეში ლურჯი ოქროსფერი წარწერით და ემბლემით გაფორმებული საქაღალდეა, რომელიც აბსოლიტურად ჩვეულებრივმა ფოსტალიონმა მოიტანა და რომელიც ფრიად არაჩვეულებრივი(ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც) შეტყობინების მატარებელია. მოკლედ (როგორ მიყვარს ეს სიტყვა, ყველგან რომ არ ჩავჩარო არ შემიძლია) ბევრი რომ არ ვიბოდიალო, გუშინ უნივერსიტეტიდან მაგისტრატურაზე ჩარიცხვის ცნობა მომივიდა. მართალია Gmat-ის და Toefl-ის ქულების გაგების შემდეგ ვიცოდი რომ მოვხვდებოდი, მაგრამ ოფიციალურმა წერილმა მაინც სიხარულით ამიფრთხიალა გული. მოკლედ ეს ჩემი ახდენილი ოცნება მილიონჯერ გადაკითხული და ამდენივეჯერ სათუთად გადაფურცლილ-გადმოფურცლილი მაგიდის მარჯვენა კუთხეშია დაბრძანებული და დაახლოებით 10 წუთში ერთხელ სიყვარულით სავსე მზერის ობიექტი ხდება.

ახდენილი ოცნებებისა და სურვილების სიაში ასევე მოიპოვება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აჭარულის, მთიულურის და კინტაურის მუსიკაზე ერთხელ მაინც ”ჩამოვლა”, რომელიც მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან მოყოლებული ელოდა ახდენას და ოცდაერთი წლის ასაკში ძლივს ეღირსა, ისიც ზედილეტანტურ დონეზე. მაგრამ რაც მთავარია, როგორც ძველად იტყოდნენ ”ჩემი ჭია” გავახარე. ერთი სიტყვით ამად ნამდვილად ღირდა, სამი თვე პროფკავშირებში ხუთი-ექვსი წლის ბავშვებთან ერთად ორ-ორ საათიანი გაკვეთილებიც, პირველ ხანებში კედლებზე გაყვანამდე ნატკენი ფეხებიც, რამოდენიმე ახალი ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლიც და რამოდენიმე უმოწყალოდ ფეხდაბიჯებული ცეკვის პარტნიორიც.

სიაში შემდეგ ნომრად განთესილია ყაზბეგის (ან რომელიმე მთანი რეგიონის მაინც)ნახვა, რაც ოთხი თვის წინ დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს ავისრულე. მართალია ისე საფუძვლიანად არ მომილაშქრებია, როგორც მინდოდა და არც ხევსურეთი, თუშეთი, სხვანეთი და რაჭა მინახავს ჯერ, მაგრამ ყველაფერი წინაა.

ბავშვობიდან მიზიდავდა თავგადასავლები და ექსტრემალური სიტუაციები, მაგრამ რატომღაც ოცი წლის ასაკამდე ისე მივაღწიე არაფერი მსგავსი არ შემმთხვევია. გასულ მარტს კი აბასთუმნის ტყეში, შუაღამისას უზარმაზარი თოვლში ჩაფლული მარშუტკით და მობილური ტელეფონებით განათებულ ბილიკებზე რამდენიმე საათიანი ხეტიალით გაიხსნა სეზონი. ოდესმე განწყობა თუ მექნა ორიოდე პოსტით შევეხები, რამოდენიმე თავგადასავალს, სასიამოვნო გასახსენებელი იქნება.

ასევე ბავშვობიდან მინდოდა მანქანის მართვის სწავლა და მანქანის ყიდვა, პირველ ნაწილის ასრულებას დაადგა საშველი, მეორე ნაწილიც ვგონებ ორიოდ თვეში მოკვარახჭინდება.

სურვილების სიაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი ყოველთვის ეკავა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების ნახვას. ამ ზაფხულს მეღირსა საქართველოს საზღვრებს გარეთ ფეხის გადგმა, ამ მიმართულებით შემდეგ ოცნებას იტალიის ნახვა წარმოადგენს. თუმცა მისი ახდენა ახლო მომავალში ვგონებ არ მეჭყანება.

ზღვის ნაპირზე ცხოვრების სურვილს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში PineIsland-ზე ცხოვრებისასშეესხა ფრთები, მართალია ზვიგენებთან კომფლიქტის გამო წყალში შესვლას ვერიდებოდი, მაგრამ რაც მთავარია სანაპიროზე გასვლა და საათობით ჯდომა ყოველთვის შემეძლო.

მოკლედ ახდენილი ოცნებები თუ სურვილები მრავლადაა, ზოგი უმნიშვნელო, ზოგიც მნიშვნელოვანი; ზოგი ისეთი თქმადაც რომ არ ღირს, ზოგიც კი ისეთი სახალხოდ რომ არ დავწერ და ჩემთვის შევინახავ; ზოგი ისეთია რაღაც პერიოდის უკან შეუძლებლად რომ მეჩვენებოდა, ეხლა კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ზოგის ახდენას კი წლების განმავლობაში ველოდი, არ შევეშვი და ახდნენ (ხანდახან მაგარი აბეზარი ვარ).

ახდენილებთან ერთად ასახდენებიც ბევრია, რმოელთა სათავეშიც ერთი განსაკუთრებული ოცნება დგას და რომელზეც იმედი მაქვს ოდესმე დავწერ როგორც უკვე ახდენილზე.


პ.ს. ამ რამოდენიმე დღის წინ ნაცნობის მიერ ნაჩუქარმა ველოსიპედმა მიბიძგა კიდევ ერთი ბავშვობის ოცნების ასრულება მეცადა და ამ ”სიბერეში” მაინც გამეტარებინა ეს ორბორბლიანი მოწყობილობა. მცდელობის დაწყებიდან სამი-ოთხიოდე წუთის თავზე ოცნების ახდენის სურვილს ამ ამბის ფატალურად დასრულების საკმაოდ ობიექტურმა წინათგრძნობამ სძლია და გაურკვეველი ვადით გადავდე ველოსიპედით სეირნობა, თუმცა ოდესმე და არც თუ ისე შორეულ მომავალში აუცილებლად მივუბრუნდები.

November 1, 2009

რომანტიკა, მწვადი და ნიანგი

დღეს გადავწყვიტე სახლის ახლოს მდებარე მიყრუებულ პლიაჟზე გავსულიყავი. პრინცპში პლიაჟი წელიწადში სულ რამდენჯერმეა, მიქცევის დროს. ისე, ბუჩქებითა და პალმებით შემოსაზღვრული უზარმაზარი წყალია, რომელთან მისადგომიც სულ ხუთი მეტრი თუ იქნება.
კუნძულზე როდესაც ვრჩები მიყვარს აქ გამოსვლა, ცარიელ წყნარ ადგილას, სადაც ათასში ერთხელ თუ გადააწყდები მეთევზეს. რა ჯობია პალმის ჩრდილში ძველებურ ხის სკამზე ჯდომას და ტალღების შრიალის მოსმენას. განსაკუთრებით საღამოს, ჩამავალი მზის სხივები წყალზე ცეკვასა და ლივლივს რომ იწყბენ. იდილიას არც თოლიიის ამერიკელი ნათესავის(სახელი არ ვიცი) წყალთან თამაში არღვევს.
ცოტაც და სენტმენტებად დავიღვრებოდი და მექსკის ყურეს ტალღებად შევერეოდი, რომ არა ჩემი არარომანტიული ბუნება. რა ვუყოთ ერთ აბზაცზე მეტს თუ ვერ ვახერხებ სათუთი გრძნობების გამომხატველი სსტილით წერას. ჩემს ]უნებას რომ თავი დავანებოთ , ცოტა ძნელია იყო რომანტიულ, როდესაც ათი მეტრის მოშორებით პალმის ჩრდილიდან მაცდურად გიმზერს მწვადის შესაწვავად ზედგამოჭრილი ბუნდოვანი წარმომავლობისა და დანიშნულების მქონე ოჩოფეხებზე შემდგარი რკინის ყუთი. მხედველობაში მისაღებია ის ფაქტიც რომ სამი თვეა ნაკვერჩხლებს გადაფარებული შამფურზე მოშიშხინე მადისაღმძვრელი ქართული კერძი მხოლოდ ძველი ლაშქრობის სურათებზე თუ მინახავს. ნაციონალური მენიუსადმი ერთგულებას თავი რომ დავანებოთ, ათიოდე კილო შამფურები ოკეანის გადაღმა სამზარეულოს დიზაინის გასამრავალფეროვნებლად ხომ არ ჩამომიტანია. მოკლედ მოცემულ მომენტში ჩემი არარომანტიულობის გასამარლებელი საბუთი მეტად საფუძვლიანია. ამ დროს კი ჩემი კუჭი მოწიწებით მანიშნებს, რომ დროა ფქრიცა და წერაც სხვა თემაზე გადავიტანო. სანამ მისთვის მონატრების დაუძლეველი გრძნობით გამოწვეული მორალური ზიანი არ მიმიყენებია. მეც როორც სათნოებით აღსასვსე ადამიანი მყისვე შევდივარ მის მდგომარეობში და მზერა ჩემი არარომანტიული განწყობის მეორე და არანაკლებ საყურადღებო საგანზე გადამაქვს. დამეთანხმები ცოტა ძნელია იფიქრო რაიმე გულისამაჩუყებელზე, როდესაც გვერდით მიმდებარე ტერიტორიაზზე ნიანგების ბინადრობის მანიშნებელი აბრაა, როელიც მათ მოკვლას კრძალავს. საინტერესოა მათთვის რატომ არ დგამენ ნიშნულებს, რომლებიც შესაძლებლობის შემთხვევაში ჩემი ან სხვა ადამიანის შეჭმას აუკრძალავს. რა გარანტია მაქვს , რომ სუფთა ჰაერზე გამოსულს, ზემოთნახსენები ”სამწვადე” მოწყობილობის და ადამიანის დანახვისას მასაც ჩემსავით არ აღეძვრება პირის ჩატკბარუნების სურვილი.
მოკლედ საჭმელზე ფიქრს ვერ შევეშვი. ჯობია დასანაყრებლად წავიდე აქ იმის გარკვევას მე შევჭამ მწვადს, ნიანგი შემჭამს მე თუ მწვადი შეჭამს ნიანგს.