November 8, 2009

Dreams come through


სათაურმა შეიძლება გაფიქრებინათ, რომ პოსტი Jim Steinman-ის დაწერილ, შესრულებულ და შემდგომში Meat Loaf-ის მიერ ჩაწერილ სიმღერაზეა, მაგრამ დასაწყიშივე უნდა ვთქვა რომ მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პოსტი თავიდან ბოლომდე ჩემს ახდენილ ოცნებებზე, ან ძალიან გადაჭარბებული ნათქვამი რომ არ გამოვიდეს, ახდენილ სურვილებზე იქნება. აღნიშნული, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი სიის სათავეში ლურჯი ოქროსფერი წარწერით და ემბლემით გაფორმებული საქაღალდეა, რომელიც აბსოლიტურად ჩვეულებრივმა ფოსტალიონმა მოიტანა და რომელიც ფრიად არაჩვეულებრივი(ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც) შეტყობინების მატარებელია. მოკლედ (როგორ მიყვარს ეს სიტყვა, ყველგან რომ არ ჩავჩარო არ შემიძლია) ბევრი რომ არ ვიბოდიალო, გუშინ უნივერსიტეტიდან მაგისტრატურაზე ჩარიცხვის ცნობა მომივიდა. მართალია Gmat-ის და Toefl-ის ქულების გაგების შემდეგ ვიცოდი რომ მოვხვდებოდი, მაგრამ ოფიციალურმა წერილმა მაინც სიხარულით ამიფრთხიალა გული. მოკლედ ეს ჩემი ახდენილი ოცნება მილიონჯერ გადაკითხული და ამდენივეჯერ სათუთად გადაფურცლილ-გადმოფურცლილი მაგიდის მარჯვენა კუთხეშია დაბრძანებული და დაახლოებით 10 წუთში ერთხელ სიყვარულით სავსე მზერის ობიექტი ხდება.

ახდენილი ოცნებებისა და სურვილების სიაში ასევე მოიპოვება ცხოვრებაში ერთხელ მაინც აჭარულის, მთიულურის და კინტაურის მუსიკაზე ერთხელ მაინც ”ჩამოვლა”, რომელიც მეხუთე თუ მეექვსე კლასიდან მოყოლებული ელოდა ახდენას და ოცდაერთი წლის ასაკში ძლივს ეღირსა, ისიც ზედილეტანტურ დონეზე. მაგრამ რაც მთავარია, როგორც ძველად იტყოდნენ ”ჩემი ჭია” გავახარე. ერთი სიტყვით ამად ნამდვილად ღირდა, სამი თვე პროფკავშირებში ხუთი-ექვსი წლის ბავშვებთან ერთად ორ-ორ საათიანი გაკვეთილებიც, პირველ ხანებში კედლებზე გაყვანამდე ნატკენი ფეხებიც, რამოდენიმე ახალი ფეხსაცმლის მოტეხილი ქუსლიც და რამოდენიმე უმოწყალოდ ფეხდაბიჯებული ცეკვის პარტნიორიც.

სიაში შემდეგ ნომრად განთესილია ყაზბეგის (ან რომელიმე მთანი რეგიონის მაინც)ნახვა, რაც ოთხი თვის წინ დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს ავისრულე. მართალია ისე საფუძვლიანად არ მომილაშქრებია, როგორც მინდოდა და არც ხევსურეთი, თუშეთი, სხვანეთი და რაჭა მინახავს ჯერ, მაგრამ ყველაფერი წინაა.

ბავშვობიდან მიზიდავდა თავგადასავლები და ექსტრემალური სიტუაციები, მაგრამ რატომღაც ოცი წლის ასაკამდე ისე მივაღწიე არაფერი მსგავსი არ შემმთხვევია. გასულ მარტს კი აბასთუმნის ტყეში, შუაღამისას უზარმაზარი თოვლში ჩაფლული მარშუტკით და მობილური ტელეფონებით განათებულ ბილიკებზე რამდენიმე საათიანი ხეტიალით გაიხსნა სეზონი. ოდესმე განწყობა თუ მექნა ორიოდე პოსტით შევეხები, რამოდენიმე თავგადასავალს, სასიამოვნო გასახსენებელი იქნება.

ასევე ბავშვობიდან მინდოდა მანქანის მართვის სწავლა და მანქანის ყიდვა, პირველ ნაწილის ასრულებას დაადგა საშველი, მეორე ნაწილიც ვგონებ ორიოდ თვეში მოკვარახჭინდება.

სურვილების სიაში ერთ-ერთი საპატიო ადგილი ყოველთვის ეკავა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნების ნახვას. ამ ზაფხულს მეღირსა საქართველოს საზღვრებს გარეთ ფეხის გადგმა, ამ მიმართულებით შემდეგ ოცნებას იტალიის ნახვა წარმოადგენს. თუმცა მისი ახდენა ახლო მომავალში ვგონებ არ მეჭყანება.

ზღვის ნაპირზე ცხოვრების სურვილს, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში PineIsland-ზე ცხოვრებისასშეესხა ფრთები, მართალია ზვიგენებთან კომფლიქტის გამო წყალში შესვლას ვერიდებოდი, მაგრამ რაც მთავარია სანაპიროზე გასვლა და საათობით ჯდომა ყოველთვის შემეძლო.

მოკლედ ახდენილი ოცნებები თუ სურვილები მრავლადაა, ზოგი უმნიშვნელო, ზოგიც მნიშვნელოვანი; ზოგი ისეთი თქმადაც რომ არ ღირს, ზოგიც კი ისეთი სახალხოდ რომ არ დავწერ და ჩემთვის შევინახავ; ზოგი ისეთია რაღაც პერიოდის უკან შეუძლებლად რომ მეჩვენებოდა, ეხლა კი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ზოგის ახდენას კი წლების განმავლობაში ველოდი, არ შევეშვი და ახდნენ (ხანდახან მაგარი აბეზარი ვარ).

ახდენილებთან ერთად ასახდენებიც ბევრია, რმოელთა სათავეშიც ერთი განსაკუთრებული ოცნება დგას და რომელზეც იმედი მაქვს ოდესმე დავწერ როგორც უკვე ახდენილზე.


პ.ს. ამ რამოდენიმე დღის წინ ნაცნობის მიერ ნაჩუქარმა ველოსიპედმა მიბიძგა კიდევ ერთი ბავშვობის ოცნების ასრულება მეცადა და ამ ”სიბერეში” მაინც გამეტარებინა ეს ორბორბლიანი მოწყობილობა. მცდელობის დაწყებიდან სამი-ოთხიოდე წუთის თავზე ოცნების ახდენის სურვილს ამ ამბის ფატალურად დასრულების საკმაოდ ობიექტურმა წინათგრძნობამ სძლია და გაურკვეველი ვადით გადავდე ველოსიპედით სეირნობა, თუმცა ოდესმე და არც თუ ისე შორეულ მომავალში აუცილებლად მივუბრუნდები.

1 comments:

Unknown said...

ეხლა ვუყურებ, კიარადა ვუსმენ ტვ-ში რაღაც გადაცემას, საადაც ბლოგერებზეა საუბარი , ხოდა გამახსენდა, რომ შენს ბლოგზე დიდი ხანია არ შემოვსულვარ და დამაინტერესა დაა შემოვიჭყიტე :))
და საკმაოდ ვისიმაოვნე ამ პოსტით.. თან მიყვარს შენ რომ იცი გრძელი, ჩახლართული და საინტერესო შედარებებით გაჯერებული პოსტები :) :*

Post a Comment