December 16, 2010

უდანიშნულებო პოსტი

დღეს სრულიად შემთხვევით საკუთარ ბლოგზე აღმოვჩნდი და ასევე შემთხვევით შემომეკითხა რამდენიმე პოსტი. თურმე რამდენი რამე შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ერთ წელიწადში. მათ შორის ადამიანები, გარემო, პრობლემები, ფასეულობები, პრიორიტეტები, გრძნობები, შესაძლებლობები, ოცნებები. . . თუმცა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ოცნებებმა ყველაზე ნაკლები ცვლილებები განიცადეს ჩემს შემთხვევაში.ნეტა ეს კარგია თუ ცუდი?! ალბათ ორივე!
ცვლილებების მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ეს ბლოგიც (ნუ კაი ბლოგის მცდელობა) დაახლოებით ორწელიწადნახევრის წინ პირველად რომ ვპოსტავდი, დანიშნულება არ ქონია არც პოსტს და არც ბლოგს. უბრალოდ მეწერებოდა ათასი სისულელე, რაც თავში მომივიდოდა და მეც ვწერდი. დღეს ათასი მოსული აზრიდან ვერც ერთს ვეღარ ვწერ, ალბათ იმიტომ რომ ბევრი რამე ჩარჩოებში მოვაქციე და ვცდილობ ყველაფერს დანიშნულება, ფორმა და მიზეზი/მიზანი შევურჩიო. რადგან ბლოგი თავიდანვე ყველაფერზე და არაფერზე იყო, სურვილი არ მაქვს ერთი კონკრეტული მიმართულება მივცე, თან არც მგონია გამომივიდეს. ახალი ბლოგის გაკეთებას ვფიქრობდი სხვადახვა თემაზე: ჩემს პროფესიაზე-მეტის სწავლის და ნასწავლის უკეთ გაანალიზების მიზნით, საქართველოზე- აქ მისი პოპულარიზაციისათვის, სხვადასხვა საზოგადოებრივ/სოციალურ საკითხებზე –უბრალოდ ჩემს თავში დაგროვილი იდეების გადმოსაფრქვევად, კულინარიაზე –ჩემი ახალი ჰობის საპატივსაცემოდ, ფსიქოლოგიაზე- ამჟამად ღრმად მიძინებული და ოდესღაც ყველაზე აბეზარი ინტერესის დასაკმაყოფილებლად და ა.შ. საბოლოოდ უდროობის და საკითხის აურჩევლობის გამო ეს იდეაც ჩავარდა. თუმცა როდესმე აუცილებლად გავაკეთებ გაერთიანებულ ბლოგს ზემოთხსენებული პირველი ორი თემის გარშემო, მანმადე კი წავალ დავიძინებ :)

პ.ს. ბლოგზე საახალწლო რეზოლუციის პოსტის დასაწერად შემოვედი, მაგრამ ძველი პოსტების წაკითხვის შემდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებების შეჯამება გადავწყვიტე, რამაც მიზეზ/შედეგობრიობაზე ბოდიალის სურვილი აღმიძრა, საბოლოოდ კი მე თვითონაც არ ვიცი პოსტი რაზე გამოვიდა, თუკი შეიძლება ზემოთმდებარე ორ აბზაცს პოსტი ეწოდოს.