June 30, 2009

მონსტრუკა

მონსტრუკა ჩემი დაიკოა, რომელიც პირველად 15 წლის წინ რომ ვნახე 3 კილო იყო ტანსაცმლიანად და ბალიშზეც კი ძლივს ჩანდა. 9 თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ კარგად თუ მოვიქცეოდი მუცელში მყოფ არსებას ( თუმცა მაშინ მეგონა აფრენდა ვინც ამას ამბობდა, ვერავინ დამაჯერებდა რომ მუცელში ბავშვი შეიძლება ყოფილიყო)ხელში დამაჭერინებდნენ სახლში მოყვანისთანავე. მეც პირნათლად ვჭამდი ათას ვითომ სასარგებლო საძაგლობას, ვიძინებდი მაშინ როცა არ მეძინებოდა, ვიცმევდი თბილად როცა მცხელოდა და ვაკეთებდი ისეთ 1000 კოშმარს რისი გაკეთებაც წინა 5 წლის განმავლობაში ვერაფრით მაიძულეს. აი დადგა ნანატრი დღეც, ვერავის ვანდე და საკუთარი ხელით გავრეცხე და დავაუთოვე ჩემი იმ დროისათვის უსაყვარლესი დათუნებიანი სტაფილოსფერი შორტი და მაიკა(ჩვილ ბავშვს მაინც ისეთი მახვილი თვალი აქვს უბადლოდ დაუთავებული ტანსაცმლით უნდა დახვდე ერთი ნაკეციც კი რომ ვერ შენიშნოს), გამოვიწკიპე და დედაჩემის მოსვლამდე 2-3 საათით ადრე გამოვიჭიმე კარებთან.
მოყვანიდან რამოდენიმე საათში რომ შევატყვე დანაპირების შესრულებას არავინ აპირებდა, დედაჩემთან მისულმა გაუბედავად მოვითხოვე "კუთვნილი" ბავშვის ხელში დაჭერა, რაზეც ბუნებრივია უარი მივიღე. მოკლედ არმოჩნდა, რომ მთელი ცხრა თვე ''მაგოიმებდნენ''. მაგრამ რისი "მე" ვიქნებოდი ასე იოლად დამეყარა ფარხმალი. პაწუკა მარტო რომ დავიგულე მივეპარე და ვაკოცე, ნუ თითქოს არაფერი მაგრამ მაშინ ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით :). სხვათაშორის ჩემს "დანაშაულს" ფარდა ორიოდე წლის წინ აეხადა, სინდისმა "შემაწუხა" და ვაღიარე. :)
მოკლედ აი ასე შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ნინუცასთან. ისეთი ერთი ბეწო, წყნარი და საყვარელი იყო რას ვიფიქრებდი ასეთი გიჟი და გადარეული მაგრამ მაინც უსაყვარლესი ბავშვი თუ გახდებოდა. სამ წლამდე იდეალური "სათამაშო" ბავშვი იყო, დავაპორწიალებდი წინ და უკან და არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა არაფერზე. აი მერე კი დაიწყო თავდავიწყება. მთელს სახლს გრიგალივით უვლიდა და ყველაფერს განურჩევლად აქეთ-იქით ისროდა, აბა მაგარი ბიჭი/გოგო იყავი და დაგეშალა, მომენტალურად "მიგაჩმორებდა" . (ნუ მიჩმორებისადმი და კაცური საქმის გარცევისადმი მიდრეკილება დღემდე აქვს); ოთხი წლის იყო მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად რომ დაგვსვა მთელი ოჯახი და ახალი მეგობრის "ბეკას" შესახებ გვამცნო და მის შემოსაყვანად გავიდა. უკან კვლავ თვითონ დაბრუნდა ოღონდ ბაბუაჩემის ძველ შლიაპასა და ჩემი ძმის ტანსაცმელში გამოწყობილი, დაბოხებული ხმით. მოკლედ იმ დღიდან მოყოლებული სახლში ხან ნინუცა დაქროდა ხან ე.წ. "ბეკა". აბა გაგებედა და "ბეკად" ტრანსფორმირებულისთვის ნინო დაგეძახა, მომენტალურად ანათემას გადაგცემდა. მერე იყო მშობელთა კრებები, რომლებზეც მასწავლებლები ჩიოდნენ ნინო ბიჭებს ხელში იყვანს და აქეთ იქით ისვრის ან ცემს თუ გააბრაზესო; მოკლედ თავს არავის აჩაგვრინებდა.
ეხლა რომ მივყვე ბევრ მსგავს ეპიზოდს გავიხსენებ და მე წერა დამეზარება თქვენ წაკითხვა. უბრალოდ ამ არც თუ ისე მოკლე შესავლით იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან მაგარი მონსტრუკა მყავს სახლში, რომელზეც ვგიჟდები და რომელიც ძალიან მომენატრება მასტერატში რომ წავალ და ვერ ვნახავ მინიმუმ ერთი წელი. ისიც კი მომენატრება მთელი კვირის გამავლობაში ნანანტრ შაბათ დილას 7-8საათზე გამოსაფხიზლებელ "ბალიშით მიბეგვის" პროცედურებს რომ მიტარებს ან კიდევ შუა ღამისას რაიმე თუ გაახსენდა მოურიდებლად რომ დამადგება თავზე და იქამდე მიძახებს "თეო გძინავს" სანამ არ გავიღვიძებ და პასუხს არ გავცემ. კიდევ ის მომენატრება ქუჩაზე გადასვლისას ხელს რომ მოვკიდებ და ერთ ამბავს ამიტეხს "შენი ბავშვი ხომ არ ვარ ჩემით ვერ გადავალ, შენ ნახე სახლშიჳ რა დღე გაწიოო" კი არ მინდა გავაბრაზო ხოლმე, მაგრამ ჩვევად მაქვს ქცეული, თან მეშინია საიდანმე მანქანა არ გამოხტეს უდროოდ, მე შენ გეტყვი და ზემოწესრიგებული მოძრაობაა თბილისში. მოკლედ სანამ 80წლის პანიკიორი და მოწუწუნე ბებიის რეჩები არ გამიშვია, დავასრულებ წერას. აშკარად უკეთესი პოსტი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი ფანტაზია ერთდროულად საგრანტო პროექტის და ბლოგის წერას ვერ წვდება.

პ.ს.ისე რაც თავი მახსოვს სულ მიკვირს, როგორ შეიძლება უმცროს დაზე/ძმაზე იეჭვიანო, არადა ხშირად ხდება ხოლმე ასეთები

June 23, 2009

მაკედონელის ჯინი

ქუჩაში სიარულისას ხალხს რომ ვაკვირდები, ხშირად წარმოვიდგენ ესა თუ ის ადამიანი დანიშნულების ადგილზე მისვლისას რას აკეთებს, როგორ იქცევა და საერთოდ რანაირი ადამიანია. არ ვიცი ჩემი წარმოდგენა რეალობასთან რამდენად ახლოსაა, მაგრამ მე კი საოცრად მიმოკლებს დამქანცველ გზას. დღეს სანამ ელბაქიძიდან გოგებაშვილამდე ავქოშინდებოდი და სავარძელში ჩავეხეთქებოდი, ჩემი ყურადრება სკოლიდან სახლში მიმავალმა, წითელლოყება, პუტკუნა და გაფაციცებულ თვალებიანმა ბიჭმა მიიქცია.
სახლში მოსულმა გადავწყვიტე მისი ცხოვრების ერთი წარმოსახვითი ეპიზოდი ბლოგზე დამეწერა...

სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი და, 9 წლის ნანიკო ტელევიზორთან წამოსკუპებული დამხვდა. გულმა მაშინვე რეჩხი მიყო, მივხვდი, რომ სულ მცირე პატარა ბრძოლის გამართვა დამჭირდებოდა კუნინძებზე ჩემი საყვარელი მულტფილმისათვის რომ მეყურებინა. ეს ბრძოლა სავარაუდოდ სასტიკ ომში გადაიზრდებოდა, რომელშიც მძიმე არტილერია ჩაერთვებოდა მშობლების სახით. შესაძლო დამარცხების წინათგრძნობას არ შევუშინდი, თავი ალექსანდრე მაკედონელად წარმოვიდგინე, (და რატომ წარმოვიდგინე ნეტავ მაკედონელად თავი, მაშინ როდესაც წესით და რიგით აზრზე არუნდა ვიყო ვინ არის) ხელში პულტი მოვიმარჯვე, სახეზე მრისხანება მივიხატე, ვინანე რომ ცხენი არ მყავს და ნანიკოს წინ ავესვეტე. -მე ნინძებზე მინდა მულტფილმი წარმოვთქვი რაც შეიძლებოდა გოროზი ხმით, რომელიც აშკარად სასაცილოდ ჯღერდა, დის გაკვირვებული და სიცილისაგან აჭარხლებული სახით თუ ვიმსჯელებთ. -და მოხარშული წაბლი არ გინდა? -ვაა დედამ მოხარშა- მაკედონელის კვარცხლბეკიდან სასწრაფოთ ჩამოვძვერი და ჩემს განუყრელ მეგობარ კუჭზე დავიწყე ზრუნვა. არადა მგონი მიყენებს ეს მეგობარი, როცა უნდა მაშინ მახსენებს თავს და სულ არ აინტერესებს იმ დროს მე მცალია თუ არა. ნანიკოს დამცინავმა მზერამ ცივი წყალი გადამასხა და წყლით სავსე ვარცლში ჩავარდნილი ქათამივით გაწუწული "მაკედონელი” კვლავ კვარცხლბეკისაკენ გავემართე, რომელიც პირველი დამარცხების შემდეგ უფრო მაღალი მეჩვენა. მას შემდეგ რაც რის ვაი ვაგლახით კვლავ მაკედონელად ვიგრძენი თავი და სახეზე კვლავ მედიდური გამომეტყველება მივიხატე ხელმეორედ ვცადე მოწინააღმდეგის ბანაკის შტურმით აღება. -ეხლავე თუ არ აღიარებ დამარცხებას და “ნინძებზე” არ გადართავ მთელს ჩემს რისხვას თავზე დაგატეხ. -დედაააააა, ჩვენი “ალექსანდრე მაკედონელი მაწვალებს.” დის ხმა დამარცხების მომასწავებელი საყვირივით გაისმა. ამის შემდეგ აგარ მოვყვები ბრძოლა როგორ წარიმართა, დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო საკუთარ სამარცხვინო დამარცხებაზე საუბარი. ერთს კი ვიტყვი. ჩემი გამაკედონელობიდან 15 წუთში, ნანიკოს გვერდით ვიჯექი და “ალადინის ლამპარს ვუყურებდი”. იმ საღამოს კიდევ ერთი დამარცხება ვიწვნიე, როდესაც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად დედამ დასაძინებლად 9 საათზე გამიშვა. უკანასკნელი რაც სიზმრების სამყაროში გადასვლის წინ გავიფიქრე იყო: მეც მინდა “ჯინი” დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავიცვი და ქუჩაში გავედი, კუთხეში ერთად შეყრილი ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი შევნიშნე. ოდნავ მოშორებით ვიღაც გრძელწვერა კაცი ხელში პატარა ძველებურ ჭურჭელს ატრიალებდა. -ვის უნდა ჯინი? ჯინი რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ? სამაგიეროდ კი სულ უბრალო რაღაცის გაღებაც საკმარისი იქნება. -მე დამითმე ლამპარი და მაკედონელი რომ ვიქნები ჩემს მარჯვენა ხელად დაგნიშნავ-შევპირდი წვერებიანს დიდისამბით. უნდა ვაღიარო რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რამოდენიმე წუთში ლამპარი ჩემს ხელში იყო. კიდევ რამოდენიმე წუთში ჩემს წინ დახეულ ჯინსებიანი და თმაგაჩეჩილი ჯინი იდგა. -“ბრატ” აბა მითხარი ეხლა რა გინდა შენ და მე “ვაკელი ჯინიკო” არ ვიყო თუ არ შეგისრულო.-ორი სურვილი მაქვს. მინდა რომ ნანიკო მთელი დღეები ნინძებზე მულტფილმს უყურებდეს და მეორე, მინდა ალექსანდრე მაკედონელი ვიყო და ეხლა იმ ომში გავჩნდე, რომელსაც აუცილებლად მოვიგებ.-შენ ჭკუა და მე ფულები, ამოიოხრა ჯინმა, ბიჩოკი გადააგდო, ხელები ჩემსკენ გამოიშვირა და თითებიდან თოკი გამოუშვა(შენ მანდ კომპიუტერთან რომ ზიხარ, რა სისულელეებს წერ, ჯინი ვარ სპაიდერმენი კი არა, კომპიუტერის ეკრანიდან შემომიღრინა ჯინმა, DELETE-ის ღილაკზე მიმითითა და ეკრანს კვლავ WORD-ის დოკუმენტი მოაფარა.) ჯინმა ხელები კიდევ ერთხელ გაიშვირა წინ, გარშემო მუქი ფერის კვამლი გაჩნდა, რომლის გაფანტვის შემდეგაც, უზარმაზარ ველზე აღმოვჩნდი ბედაურზე ამხედრებული, ხელში ხმლით. თანამებრძოლის მუზარადში საკუთარი თავის ცქერით ჯერ გული არ მქონდა ნაჯერები, მტრის ისარი რომ მეკვეთა და ცხენიდან ჩამომაგდო. -ალექსანდრე. . . . . ალექსანდრე ადექი! -მომესმა შორიდან. ეტყობა თანამებრძოლები მეძახიან გამიელვა თავში და თვალები გავახილე. საწოლთან დედა იდგა -ალექსანდრე შვილო, სკოლაში წასვლის დროა.
საღამოს სახლში რომ მივედი ნანიკო გაფაციცებით უყურებდა “ნინძებზე” მულტფილმს, გამარჯვებული სახით მის გვერდით მოვკალათდი და წარმოსახვაში ბირჟაზე მდგარ ჩემს თმაგაჩეჩილ ჯინს თვალი ჩავუკარი.

June 22, 2009

გასეირნება სიღნაღში



მას შემდეგ რაც სიღნაღი გაარემონტეს გოგოები ყოველ შაბათ-კვირას ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ მიზეზები როგორც ყოველთვის არ ილეოდა და ჩვენი გასეირნებაც განუსაზღვრელი ვადით იდებოდა, რომელიმე "შემდეგი" კვირისთვის. გუშინ კი დადგა ეს კვირა დღეც, და მიუხედავად ავისმომასწავებლად მოქუფრული ცისა ქოლგებით და კარგი ამინდის გამოსვლის იმედით შეიარაღებულნი ცხრის ნახევარზე ნავთლუღში გამოვცხადდით, მარშუტკაში ადგილების დასაკავებლად. დისლოკაციის ადგილზე ჩასულებს კეთილმა კახელმა ბებომ გვირჩია, ექვს საათიანი მარშუტკის ბილეთები წინასწარ აგვეღო, თუ დარჩენას არ ვაპირებდით. ბილეთებს კი პატარა ქაღალდის ნაკუწზე გაურკვევლად მიწერილი ციფრები (სავარაუდოდ თარიღი) წარმოადგენდა. კი ვიფიქრეთ საღამოს ადგილები რომ არ იყოს, არა მგონია ამ ბილეთებმა დიდი დახმარება გაგვიწიოს-თქო, მაგრამ ამაზე ნერვიულობით დიდხანს არ შეგვიწუხებია თავი.ბუნებამ გული არ დაგვწყვიტა და არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი გამოვიდა. სიღნაღი მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილა.

მუზეუმში შესვლამდე ქალაქში გავლა და დათვალიერება გადავწყვიტეთ. აქეთ-იქით ბოდიალში ისე გაგვეპარა ნახევარ დღეზე მეტი ვერც შევნიშნეთ. საბედნიეროდ მუზეუმთან დიდი რიგი არ დაგვხვედრია, გაგვიმართლა. შესასვლელში ჩემი ყურადრება კედელზე გაკრულმა ნიშანმა მიიქცია, რომელიც დამთვალიერებლებს აუწყებდა, რომ სურათების გადაღება არ შეიძლებოდა. საგულდაგულოდ შევინახე ჩანთაში აპარატი და ისე შევაბიჯე პირველ დარბაზში, სადაც თვალი აპარატების ჩხაკუნით გამოწვეულმა შუქმა მომჭრა. ვის ახსოვდა ძველი წელთაღრიცხვით მეცამეტე მეთორმეტე საუკუნეში დამზადებული ნივთების დათვალიერება, თითქმის ყველა სავარძლებში და კედლებთან პოზირებით იყო დაკავებული.

მინდა ვთქვა, რომ საუკუნის წინანდელმა ნაკეთობებმა ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, არ მეგონა ამდენისხნის წინათ ასეთი რარაცეების გაკეთება თუ იყო შესაძლებელი. მეჩვიდმეტე თუ მეთექვსმეტე საუკუნის ნაკეთობებში აღმოვაჩინე "კაჩალკა" რომელიც ჩემი ბავშვობის სათამაშოს იდენტური კოპიოა, არადა მახსოვს მისი თავიდან მოშორების მცდელობა ბევრჯერ იყო, თუმცა ეხლაც ინახება დეიდაჩემის სახლში:).
აქვე უნდა ვაღიარო რომ ხელოვნებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი არაფერი გამეგება მხატვრობაში, ეს არც თუ ისეთი მოულოდნელი აღმოჩენა პიკასოს გამოფენის ნახვისას გავაკეთე. გულახდილად რომ ვთქვა მეტი სიამოვნება მივიღე გვერდით დარბაზში გამოფენილი თანამედროვე ამერიკელი (ბოლო წლების განმავლობაში სიღნაღში მცხოვრები) ფერმწერის მიერ შესრულებული ნახატების ცქერით.

გამოფენაზე ჩემი ყურადრება მიიქცია ერთმა საინტერესო ფაქტმა.6-7 წლის პატარა ნახატებს ათვალიერებდა და დიდი ინტერესით, დამარცვლით კითხულობდა სათაურებს. ბავშვს გაკაპასებული, აპარატ მომარჯვებული დედა მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელი და ნჯღრევით აუხსნა, რომ სურათის გადასაღებად უნდა დადგეს და არა ნახატები ათვალიეროს, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საქმეს როგორიცაა სურათის გადაღებას ვინ იცის კიდევ როდის მოახერხებს და ამ "რაღაცეების" ნახვა კიდევ ინტერნეტშიც შეუძლია ნებისმიერ დროს. მოკლედ თვალები შუბლზე ამივიდა და დაგრძელებულ ყურებთან ერთად ალბათ ფრიად სასაცილო შესახედაობა მიიღო.2-3საათისათვის აღმოვაჩინეთ, რომ მაგრად მოგვშივდა და დავიღალეთ კიდეც. უახლოეს სახინკლემდე თუ რესტორნამდე გაჭირვებით მიბობღებულებმა, გასაკვირი სიხარულით გადავსანსლეთ მწვადის პროვოკაცია და მეგრულ ხაჭაპურად წოდებული გაურკვეველი წარმოშობის ცომის და ფსევდოყველის ნაჭერი და იქ მეორედ შეუსვლელობის პირობა დადებულები" გამოვედით გარეთ.
ვინაიდან ქალაქი სამჯერ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარეთ და ბოდბეში წასვლის გეგმაც გარკვეული მიზეზების გამო ჩავაგდეთ, ახალი იდეით გინობაგანათებულნი პოპულში შევიჭერით; არაყი, კოკა-კოლა და მისაყოლებლები ვიყიდეთ და სადმე ბუნებაში დასაჯდომი მყუდრო ადგილის ძიებას შევუდექით. ადგილობრივმა გამყიდვემა გვირჩია გალავანს გავყოლოდით და იქვე ორ ნაბიჯზე მდებარე პარკში დავმსხდარიყავით. გზის დადგომიდან თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ დავასკვენით, რომ ჩვენი დამკვალიანებელი ძალიან გრძელ ნაბიჯებს ადგამს, სხვაგვარად იმ პარკში ორ ნაბიჯში ვერ მივიდოდა. ნახევარი საათის ბოდიალის შემდეგ გამოჩნდა ნანატრი შესასვლელი, რომელსაც აუცილებლად ვემთხვეოდით, რომ არა ვეღარ ადგომის შიში. ჩვენი მსვლელობა პარკში გაგრძელდა, სადაც რამოდენიმე ერთმანეთს გადაფსკვნილი წყვილის გარდა ვერაფერს წავაწყდით და ჩვენი ძიება გალავნის მეორე ბოლოს ქალქის შესასვლელთან გაკვირვებულებმა და იმედგაცრუებულებმა დავასრულეთ. მაგრად გაგვიტყდა ასე პოპულის პარკებ მომარჯვებული ბატებივით სიარული. გული არ გავიტეხეთ და ქალაქის შემოსასვლელში უახლოეს ცარიელ სკამს მივაშურეთ და კონსპირირებულად გამოვუყვანეთ ნახევარ ლიტრა არაყს წირვა სამმა "მალალიტრაშკამ" ორ დალევაში.
შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ისტერიულად ვიცინოდით ათას უაზრო და აზრიან სისულელეებზე და ვცდილობდით ჩვენი ფხიზლად დარჩენილი მეოთხე თანამგზავრის გამხიარულებას. საბედნიეროდ მალევე მოვედით ჭკუაზე და დარჩენილი დროის გასაყვანად სიღნაღისთვის კიდევ ერთი კრუგის დარტყმა გადავწყვიტეთ.

ექვსის ნახევარზე ბილეთებ, უფრო სწორედიმ დროისთვის უკვე გავრიანად დაკუჭულ ნაკუწებ მომარჯვებულებმა მარშუტკას მივაშირეთ, სადაც ისეთი ამბავი დაგვხვდა მშობელი შვილს არ აიყვანდა ხელში, ჩვენს შეძენილ ოთხ ადგილზე უკვე სართულ- სართულ იჯდა ათიოდე კაცი და მათთან მოჭიდავე ოციდე ადამიანის მოგერიებას ცდილობდა. ის-ის იყო ღამის გასათევის საძებნად უნდა წავსულიყავით ჩვენი ნაცნობი "მოლარე-მძღოლი" გამოჩნდა და თავდასხმა არ გვაცალა, ისე შეგვპირდა მეორე მარშუტკის მოყვანას(აშკარად მამის მკვლელი თვალებით ვიყურებოდით), რომელში ასასვლელადაც დავივიწყეთ მთელი ჩვენი კდემამოსილება და მორიდება და იდაყვების ქნევით ავჯლაგუნდით. თოთხმეტ ადგილიანი მარშუტკით რამდენმა კაცმა იმგზავრა ვერ ვიტყვი დათვლა დამეზარა უბრალოდ. საბედნიეროდ ფანჯრებთან ვისხედით და გაგუდვას გადავრჩით.
მორალი: მანქანის საყიდლად ფულის გროვება უნდა დავიწყო, უფრო სწორედ დიდი ხნის წინ უნდა დამეწყო.
ერთი სიტყვით თბილისში საკმაოდ ნასიამოვნები და შებრაწულები დავბრუნდით. მშვენიერი კვირა დღე გამოვიდა. იმედი მაქვს ჩემს წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ასეთებიც, უკეთესებიც და უფრო ფართო მაშტაბიანებიც ბევრი გვექნება.
მომავალი შაბათისთვის ყაზბეგია გეგმაში, იმედი მაქვს კვირასაც ასევე დადებითად დამუხტული დავწერ შთაბეჭდილებებს.

პ.ს.აუჰ რამდენი მიწერია

June 19, 2009

180 გრადუსით ...

ეიფორიიდან როგორც იქნა გამოვედი და გადავწყვიტე ერთი-ორი სიტყვა დამეწერა ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების, უფრო სწორედ ერთი ცვლილების შესახებ. მოკლედ წინა სამშაბათს ბოლო 4 წლის განმავლობაში მეხუთეჯერ წავეიდი აშშ-ს საელჩოში ვიზისთვის და მორჩილად ველოდი მეხუთე უარს. რიგი ბიუროკრატიული საფეხურების მერე მეძახის კონსული(თუ ოფიცერი ოფიცერი), მივდივარ ჩემი საბუთებით ფანჯარა # უკვე აგარც ვიცი რომელთან და ველოდები ჩემთვის უკვე ნაცნობ შტამპს წარწერით denied, ვუყურებ და ეს ქალი რაღაც საეჭვოდ მიცინის, მევთქვი მომსახურება დაუხვეწიათ ეხლა უფრო თავაზიანად მიფუჭებენ ისედაც გაუბედურებულ პასპორტს მეთქი. ხოდა ამ ქალმა რამდენი წლის ხარო, რამის ყოველ მეორე დღეს აქ ვუზივარ და დავიჯერო ჩემი ასაკი არ იცის მეთქი, ის ის იყო გავიფიქრე, რომ მესმის your pettition is approved-ო. ეტყობა ისეთი გამოშტერებული სახე მქონდა ქალმა 5ჯერ გამიმეორე წადი შენი DHL-ის ქვითარი აიღეო. გარეთ მამაჩემი და ჩემი ძმა მელოდნენ, ისინი მალე მოვიდნენ აზრზე, მაგრამ მე კაი ორი დღე დამჭირდა გონზე მოსასვლელად. ჩემი გასაუბრებიდან სადღაც ერთ კვირაში, (გუშინ წინ) ჩემ ძმასაც მისცეს ვიზა, ასე რომ მარტო არ მომიწევს წაპრუტუნება.
რამოდენიმე დრის წინ აღმოვაჩინე, რომ ემოციურად ორად ვარ გაყოფილი. ერთ თეოს მაგრად უხარია წასვლა, იქ მაგისტრატურაში სწავლა და+ სხვა დადებითი მომენტები, მაგრამ მეორე თეო მაგარი დაგრუზულია. დედაჩემი, ჩემი პაწუკა და (თუმცა რაღა პაწუკა უკვე 15 წლისაა) , მეგობრები და კიდევ ათასი ვირაც და რაღაც აქ რჩება და ვიცი ამ რამოდენიმე წლის განმავლობაში მაგრად მომენატრებიან. მოკლედ ამ გაორების საკითხს ძალიან აღარ ჩავუღრმავდები და არ დავიგრუზავ თავს, მითუმეტეს, რომ მაღლივის ბოლო სემესტრის გამოცდები მაქვს ჩასაგრიხინებელი და ნერვიულობის გარეშეც ძლივს ვუდებ გამოცდებს, საბაკალავროს და უაზრო რეფერატებს გულს. იმედია მეცხრე სემესტრს არ შემომტენიან.
დღეს მამაჩემი გაფრინდა უკან და ეხლა ვზივარ და ველოდები აგვისტოს მოსვლას.

ხოდა ასე შეიცვალა ცემი ცხოვრება უცებ 180გრადუსით ჯერ არ ვიცი საითკენ, დიდი იმედი მაქვს უკეთესობისკენ

June 5, 2009

ჩემი და ჩემი ბლოგის დაბადების დღე

სახლში მოსულმა გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქარი გამეკთებინა და ბლოგი შემექმნა. დაახლოებით ერთი წლის წინ ბლოგის არსებობის შესახებ რომ გავიგე, ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებულმა გადავწყვიტე მეორე დღესვე გამეკეთებინა. ხოდა როგორც იქნა დაგვიანებით მაგრამ მაინც დადგა ეს ნანატრი "მეორე" დღე.მართალია დარწმუნებული არ ვარ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენად მოვახერხებ საჭირო ადგილასა და საჭირო ფორმით განვათავსო ჩემი პირველი "შედევრი", მაგამ ამას თუ შევუშინდი რა ბლოგერი დადგება ჩემგან?! რამის ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა კვლავ დადგა ჩემი დაბადების დღე, მართალია 12 საათზე სამსახურიდან 15 წუთის მოსული მთელი მონდმებით ვსწავლობდი სტრატეგიულ მენეჯმენტს, მაგრამ ამ უმნიშვნელო ფაქტისთვის ხასიათის გაფუჭების უფლება არ მიმიცია. ამ საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ დილის 7 საათამდე გავითიშე. მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო, მერე იყო ტრადიციული მილოცვები და ა.შ. მერე სამსახური თავისი პროექტების წერით, გადარბენებით და ქაოსური სიტუაციების სრული პაკეტით და აი როგორც იქნა დადგა თავისუფლების ნანატრი წუთი და სწორედ მაშინაბზუილდა ავისმომასწავებლად ჩემი ტელეფონი. ჯგუფელმა მამცნო რომ სასწრაფოდ მაღლივში თუ არ ავიდოდი და არ ჩავაბარებდი ერთ-ეთი ლექტორი (თუმცა დარწმუნებული ვარ არც დანარჩენი 3 იტყოდა ამაზე უარს) მეცხრე სემესტრით დამასაჩუქრებდა, არადა ხომ ვთხოვე ნუ შეწუხდებით საჩუქრისთვის მეთქი. მაღლივის მიმდებარე ტერიტორიებზე თავსხმა წვიმაში რამის 30კმ/სთ სიჩქარით მორბენალმა მანქანის შუშაში რომ შევავლე საკუთარ თავს თვალი, ვინატრე ნეტა მანქანისთვის გვერდი ამეარა, ისეთ სანახავი ვიყავი მაუგლის როლზე უპრობლემოდ დამამტკიცებდნენ. საბოლოოდ კოკისპირულ წვიმაში და ქარში მარათონული სირბილი დამიფასდა და მეცხრე სემესტრს გადავჩი. სინდისდამშვიდებულმა მიმოვრეკე მეგობრებთან და კაფეში გამოდით მეთქი. მოკლედ რამოდენიმე შევიკრიბეთ და დავსხედით ერთგან. დალევას არ ვაპირებდი ხვალ რაღაც სამუშაო მაქვს, თან სტუმრებს ველოდებოდი და მეთქი პახმელიის დრო არ მექნებათქო, მაგრამ ზოგჯერ იმის გაკეთებაც მიწევს რასაც არ ვაპირებ ხოლმე. ხოდა დღევანდელი დღეც ამ შემთხვევებიდან ერთ-ერთი საუკეტესო იყო. ბავშვები სახლებში რომ გავუშვი ვიფიქრე, მაინც ტყიდან გამოვარდნილს ვგავარ, ვეგარაფერს ვუშველი და ბარემ წვიამში გავბოდიალდები ცოტას მეტქი.გასაწური რომ გავხდი ცავთვალე რომ საკმარისი იყო ჩემი მორწყვა და სახლისკენ გამოვეშურე. ეხლა კი ფრიად მნიშვნელოვანი საქმიანობით ვარ დაკავებული და იმედი მაქვს ბლოგს მომავალშიც ისეთივე ენთუზიაზმით განვაახლებ, როგრითაც ეხლა ვქმნი. მითუმეტეს რომ ძალიან ხშირად მაქვს უზარმაზარი დადებითი ემოცია, რომელიც მინდა ძალიან ბევრ ადამიანს გავუზიარო, (ოჯახის წევრები და მეგობრები არ მყოფნის :) )და ეს გვერდი კარგი საშუალებაა ამისთვის. პლიუს ამას 7 წლის ასაკიდან დღიურს ვწერ, რომლესაც ჩემი დიდი მცდელობების მიუხედავად ასე არ მოხდეს მაინც ყველა კითხულბს, ვისაც ბლოკნოტის ძებნა არ ეზარება, ასე რომ ბარემ ბლოგზე გადმოვინაცვლებ, დღიურის გადამალვის ღონისძიებებზე დასახარჯ დროს მაინც დავზოგავ.