June 23, 2009

მაკედონელის ჯინი

ქუჩაში სიარულისას ხალხს რომ ვაკვირდები, ხშირად წარმოვიდგენ ესა თუ ის ადამიანი დანიშნულების ადგილზე მისვლისას რას აკეთებს, როგორ იქცევა და საერთოდ რანაირი ადამიანია. არ ვიცი ჩემი წარმოდგენა რეალობასთან რამდენად ახლოსაა, მაგრამ მე კი საოცრად მიმოკლებს დამქანცველ გზას. დღეს სანამ ელბაქიძიდან გოგებაშვილამდე ავქოშინდებოდი და სავარძელში ჩავეხეთქებოდი, ჩემი ყურადრება სკოლიდან სახლში მიმავალმა, წითელლოყება, პუტკუნა და გაფაციცებულ თვალებიანმა ბიჭმა მიიქცია.
სახლში მოსულმა გადავწყვიტე მისი ცხოვრების ერთი წარმოსახვითი ეპიზოდი ბლოგზე დამეწერა...

სახლში დაბრუნებულს ჩემი უფროსი და, 9 წლის ნანიკო ტელევიზორთან წამოსკუპებული დამხვდა. გულმა მაშინვე რეჩხი მიყო, მივხვდი, რომ სულ მცირე პატარა ბრძოლის გამართვა დამჭირდებოდა კუნინძებზე ჩემი საყვარელი მულტფილმისათვის რომ მეყურებინა. ეს ბრძოლა სავარაუდოდ სასტიკ ომში გადაიზრდებოდა, რომელშიც მძიმე არტილერია ჩაერთვებოდა მშობლების სახით. შესაძლო დამარცხების წინათგრძნობას არ შევუშინდი, თავი ალექსანდრე მაკედონელად წარმოვიდგინე, (და რატომ წარმოვიდგინე ნეტავ მაკედონელად თავი, მაშინ როდესაც წესით და რიგით აზრზე არუნდა ვიყო ვინ არის) ხელში პულტი მოვიმარჯვე, სახეზე მრისხანება მივიხატე, ვინანე რომ ცხენი არ მყავს და ნანიკოს წინ ავესვეტე. -მე ნინძებზე მინდა მულტფილმი წარმოვთქვი რაც შეიძლებოდა გოროზი ხმით, რომელიც აშკარად სასაცილოდ ჯღერდა, დის გაკვირვებული და სიცილისაგან აჭარხლებული სახით თუ ვიმსჯელებთ. -და მოხარშული წაბლი არ გინდა? -ვაა დედამ მოხარშა- მაკედონელის კვარცხლბეკიდან სასწრაფოთ ჩამოვძვერი და ჩემს განუყრელ მეგობარ კუჭზე დავიწყე ზრუნვა. არადა მგონი მიყენებს ეს მეგობარი, როცა უნდა მაშინ მახსენებს თავს და სულ არ აინტერესებს იმ დროს მე მცალია თუ არა. ნანიკოს დამცინავმა მზერამ ცივი წყალი გადამასხა და წყლით სავსე ვარცლში ჩავარდნილი ქათამივით გაწუწული "მაკედონელი” კვლავ კვარცხლბეკისაკენ გავემართე, რომელიც პირველი დამარცხების შემდეგ უფრო მაღალი მეჩვენა. მას შემდეგ რაც რის ვაი ვაგლახით კვლავ მაკედონელად ვიგრძენი თავი და სახეზე კვლავ მედიდური გამომეტყველება მივიხატე ხელმეორედ ვცადე მოწინააღმდეგის ბანაკის შტურმით აღება. -ეხლავე თუ არ აღიარებ დამარცხებას და “ნინძებზე” არ გადართავ მთელს ჩემს რისხვას თავზე დაგატეხ. -დედაააააა, ჩვენი “ალექსანდრე მაკედონელი მაწვალებს.” დის ხმა დამარცხების მომასწავებელი საყვირივით გაისმა. ამის შემდეგ აგარ მოვყვები ბრძოლა როგორ წარიმართა, დამეთანხმებით არ არის სასიამოვნო საკუთარ სამარცხვინო დამარცხებაზე საუბარი. ერთს კი ვიტყვი. ჩემი გამაკედონელობიდან 15 წუთში, ნანიკოს გვერდით ვიჯექი და “ალადინის ლამპარს ვუყურებდი”. იმ საღამოს კიდევ ერთი დამარცხება ვიწვნიე, როდესაც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად დედამ დასაძინებლად 9 საათზე გამიშვა. უკანასკნელი რაც სიზმრების სამყაროში გადასვლის წინ გავიფიქრე იყო: მეც მინდა “ჯინი” დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, სასწრაფოდ ჩავიცვი და ქუჩაში გავედი, კუთხეში ერთად შეყრილი ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი შევნიშნე. ოდნავ მოშორებით ვიღაც გრძელწვერა კაცი ხელში პატარა ძველებურ ჭურჭელს ატრიალებდა. -ვის უნდა ჯინი? ჯინი რომელიც ყველა სურვილს შეგისრულებთ? სამაგიეროდ კი სულ უბრალო რაღაცის გაღებაც საკმარისი იქნება. -მე დამითმე ლამპარი და მაკედონელი რომ ვიქნები ჩემს მარჯვენა ხელად დაგნიშნავ-შევპირდი წვერებიანს დიდისამბით. უნდა ვაღიარო რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რამოდენიმე წუთში ლამპარი ჩემს ხელში იყო. კიდევ რამოდენიმე წუთში ჩემს წინ დახეულ ჯინსებიანი და თმაგაჩეჩილი ჯინი იდგა. -“ბრატ” აბა მითხარი ეხლა რა გინდა შენ და მე “ვაკელი ჯინიკო” არ ვიყო თუ არ შეგისრულო.-ორი სურვილი მაქვს. მინდა რომ ნანიკო მთელი დღეები ნინძებზე მულტფილმს უყურებდეს და მეორე, მინდა ალექსანდრე მაკედონელი ვიყო და ეხლა იმ ომში გავჩნდე, რომელსაც აუცილებლად მოვიგებ.-შენ ჭკუა და მე ფულები, ამოიოხრა ჯინმა, ბიჩოკი გადააგდო, ხელები ჩემსკენ გამოიშვირა და თითებიდან თოკი გამოუშვა(შენ მანდ კომპიუტერთან რომ ზიხარ, რა სისულელეებს წერ, ჯინი ვარ სპაიდერმენი კი არა, კომპიუტერის ეკრანიდან შემომიღრინა ჯინმა, DELETE-ის ღილაკზე მიმითითა და ეკრანს კვლავ WORD-ის დოკუმენტი მოაფარა.) ჯინმა ხელები კიდევ ერთხელ გაიშვირა წინ, გარშემო მუქი ფერის კვამლი გაჩნდა, რომლის გაფანტვის შემდეგაც, უზარმაზარ ველზე აღმოვჩნდი ბედაურზე ამხედრებული, ხელში ხმლით. თანამებრძოლის მუზარადში საკუთარი თავის ცქერით ჯერ გული არ მქონდა ნაჯერები, მტრის ისარი რომ მეკვეთა და ცხენიდან ჩამომაგდო. -ალექსანდრე. . . . . ალექსანდრე ადექი! -მომესმა შორიდან. ეტყობა თანამებრძოლები მეძახიან გამიელვა თავში და თვალები გავახილე. საწოლთან დედა იდგა -ალექსანდრე შვილო, სკოლაში წასვლის დროა.
საღამოს სახლში რომ მივედი ნანიკო გაფაციცებით უყურებდა “ნინძებზე” მულტფილმს, გამარჯვებული სახით მის გვერდით მოვკალათდი და წარმოსახვაში ბირჟაზე მდგარ ჩემს თმაგაჩეჩილ ჯინს თვალი ჩავუკარი.

1 comments:

vasasi said...

ჰაჰა, ასე მეც ხშირად მომსვლია, ადამიანებს ვაკვირდები ხოლმე და მათი გამომეტყველებით და გარეგნობით ვადგენ ჩემთვის როოგრ ცხოვრობს და რა საქმიაონობას ეწევა.. :)

მაგარი რაგაცაა.. :D


P.S. დაგამატე გარებიძაშვილ ბლოგებში და შენც ჩამამატე თუ გინდა... :D

Post a Comment