June 30, 2009

მონსტრუკა

მონსტრუკა ჩემი დაიკოა, რომელიც პირველად 15 წლის წინ რომ ვნახე 3 კილო იყო ტანსაცმლიანად და ბალიშზეც კი ძლივს ჩანდა. 9 თვის განმავლობაში მეუბნებოდნენ კარგად თუ მოვიქცეოდი მუცელში მყოფ არსებას ( თუმცა მაშინ მეგონა აფრენდა ვინც ამას ამბობდა, ვერავინ დამაჯერებდა რომ მუცელში ბავშვი შეიძლება ყოფილიყო)ხელში დამაჭერინებდნენ სახლში მოყვანისთანავე. მეც პირნათლად ვჭამდი ათას ვითომ სასარგებლო საძაგლობას, ვიძინებდი მაშინ როცა არ მეძინებოდა, ვიცმევდი თბილად როცა მცხელოდა და ვაკეთებდი ისეთ 1000 კოშმარს რისი გაკეთებაც წინა 5 წლის განმავლობაში ვერაფრით მაიძულეს. აი დადგა ნანატრი დღეც, ვერავის ვანდე და საკუთარი ხელით გავრეცხე და დავაუთოვე ჩემი იმ დროისათვის უსაყვარლესი დათუნებიანი სტაფილოსფერი შორტი და მაიკა(ჩვილ ბავშვს მაინც ისეთი მახვილი თვალი აქვს უბადლოდ დაუთავებული ტანსაცმლით უნდა დახვდე ერთი ნაკეციც კი რომ ვერ შენიშნოს), გამოვიწკიპე და დედაჩემის მოსვლამდე 2-3 საათით ადრე გამოვიჭიმე კარებთან.
მოყვანიდან რამოდენიმე საათში რომ შევატყვე დანაპირების შესრულებას არავინ აპირებდა, დედაჩემთან მისულმა გაუბედავად მოვითხოვე "კუთვნილი" ბავშვის ხელში დაჭერა, რაზეც ბუნებრივია უარი მივიღე. მოკლედ არმოჩნდა, რომ მთელი ცხრა თვე ''მაგოიმებდნენ''. მაგრამ რისი "მე" ვიქნებოდი ასე იოლად დამეყარა ფარხმალი. პაწუკა მარტო რომ დავიგულე მივეპარე და ვაკოცე, ნუ თითქოს არაფერი მაგრამ მაშინ ფრიად აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით :). სხვათაშორის ჩემს "დანაშაულს" ფარდა ორიოდე წლის წინ აეხადა, სინდისმა "შემაწუხა" და ვაღიარე. :)
მოკლედ აი ასე შედგა ჩემი პირველი შეხვედრა ნინუცასთან. ისეთი ერთი ბეწო, წყნარი და საყვარელი იყო რას ვიფიქრებდი ასეთი გიჟი და გადარეული მაგრამ მაინც უსაყვარლესი ბავშვი თუ გახდებოდა. სამ წლამდე იდეალური "სათამაშო" ბავშვი იყო, დავაპორწიალებდი წინ და უკან და არანაირ პრეტენზიას არ გამოთქვამდა არაფერზე. აი მერე კი დაიწყო თავდავიწყება. მთელს სახლს გრიგალივით უვლიდა და ყველაფერს განურჩევლად აქეთ-იქით ისროდა, აბა მაგარი ბიჭი/გოგო იყავი და დაგეშალა, მომენტალურად "მიგაჩმორებდა" . (ნუ მიჩმორებისადმი და კაცური საქმის გარცევისადმი მიდრეკილება დღემდე აქვს); ოთხი წლის იყო მნიშვნელოვანი განცხადების გასაკეთებლად რომ დაგვსვა მთელი ოჯახი და ახალი მეგობრის "ბეკას" შესახებ გვამცნო და მის შემოსაყვანად გავიდა. უკან კვლავ თვითონ დაბრუნდა ოღონდ ბაბუაჩემის ძველ შლიაპასა და ჩემი ძმის ტანსაცმელში გამოწყობილი, დაბოხებული ხმით. მოკლედ იმ დღიდან მოყოლებული სახლში ხან ნინუცა დაქროდა ხან ე.წ. "ბეკა". აბა გაგებედა და "ბეკად" ტრანსფორმირებულისთვის ნინო დაგეძახა, მომენტალურად ანათემას გადაგცემდა. მერე იყო მშობელთა კრებები, რომლებზეც მასწავლებლები ჩიოდნენ ნინო ბიჭებს ხელში იყვანს და აქეთ იქით ისვრის ან ცემს თუ გააბრაზესო; მოკლედ თავს არავის აჩაგვრინებდა.
ეხლა რომ მივყვე ბევრ მსგავს ეპიზოდს გავიხსენებ და მე წერა დამეზარება თქვენ წაკითხვა. უბრალოდ ამ არც თუ ისე მოკლე შესავლით იმის თქმა მინდოდა რომ ძალიან მაგარი მონსტრუკა მყავს სახლში, რომელზეც ვგიჟდები და რომელიც ძალიან მომენატრება მასტერატში რომ წავალ და ვერ ვნახავ მინიმუმ ერთი წელი. ისიც კი მომენატრება მთელი კვირის გამავლობაში ნანანტრ შაბათ დილას 7-8საათზე გამოსაფხიზლებელ "ბალიშით მიბეგვის" პროცედურებს რომ მიტარებს ან კიდევ შუა ღამისას რაიმე თუ გაახსენდა მოურიდებლად რომ დამადგება თავზე და იქამდე მიძახებს "თეო გძინავს" სანამ არ გავიღვიძებ და პასუხს არ გავცემ. კიდევ ის მომენატრება ქუჩაზე გადასვლისას ხელს რომ მოვკიდებ და ერთ ამბავს ამიტეხს "შენი ბავშვი ხომ არ ვარ ჩემით ვერ გადავალ, შენ ნახე სახლშიჳ რა დღე გაწიოო" კი არ მინდა გავაბრაზო ხოლმე, მაგრამ ჩვევად მაქვს ქცეული, თან მეშინია საიდანმე მანქანა არ გამოხტეს უდროოდ, მე შენ გეტყვი და ზემოწესრიგებული მოძრაობაა თბილისში. მოკლედ სანამ 80წლის პანიკიორი და მოწუწუნე ბებიის რეჩები არ გამიშვია, დავასრულებ წერას. აშკარად უკეთესი პოსტი მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი ფანტაზია ერთდროულად საგრანტო პროექტის და ბლოგის წერას ვერ წვდება.

პ.ს.ისე რაც თავი მახსოვს სულ მიკვირს, როგორ შეიძლება უმცროს დაზე/ძმაზე იეჭვიანო, არადა ხშირად ხდება ხოლმე ასეთები

1 comments:

lefobserver said...
This comment has been removed by a blog administrator.

Post a Comment