June 22, 2009

გასეირნება სიღნაღში



მას შემდეგ რაც სიღნაღი გაარემონტეს გოგოები ყოველ შაბათ-კვირას ვგეგმავდით წასვლას, მაგრამ მიზეზები როგორც ყოველთვის არ ილეოდა და ჩვენი გასეირნებაც განუსაზღვრელი ვადით იდებოდა, რომელიმე "შემდეგი" კვირისთვის. გუშინ კი დადგა ეს კვირა დღეც, და მიუხედავად ავისმომასწავებლად მოქუფრული ცისა ქოლგებით და კარგი ამინდის გამოსვლის იმედით შეიარაღებულნი ცხრის ნახევარზე ნავთლუღში გამოვცხადდით, მარშუტკაში ადგილების დასაკავებლად. დისლოკაციის ადგილზე ჩასულებს კეთილმა კახელმა ბებომ გვირჩია, ექვს საათიანი მარშუტკის ბილეთები წინასწარ აგვეღო, თუ დარჩენას არ ვაპირებდით. ბილეთებს კი პატარა ქაღალდის ნაკუწზე გაურკვევლად მიწერილი ციფრები (სავარაუდოდ თარიღი) წარმოადგენდა. კი ვიფიქრეთ საღამოს ადგილები რომ არ იყოს, არა მგონია ამ ბილეთებმა დიდი დახმარება გაგვიწიოს-თქო, მაგრამ ამაზე ნერვიულობით დიდხანს არ შეგვიწუხებია თავი.ბუნებამ გული არ დაგვწყვიტა და არაჩვეულებრივი მზიანი ამინდი გამოვიდა. სიღნაღი მართლაც ძალიან ლამაზი ყოფილა.

მუზეუმში შესვლამდე ქალაქში გავლა და დათვალიერება გადავწყვიტეთ. აქეთ-იქით ბოდიალში ისე გაგვეპარა ნახევარ დღეზე მეტი ვერც შევნიშნეთ. საბედნიეროდ მუზეუმთან დიდი რიგი არ დაგვხვედრია, გაგვიმართლა. შესასვლელში ჩემი ყურადრება კედელზე გაკრულმა ნიშანმა მიიქცია, რომელიც დამთვალიერებლებს აუწყებდა, რომ სურათების გადაღება არ შეიძლებოდა. საგულდაგულოდ შევინახე ჩანთაში აპარატი და ისე შევაბიჯე პირველ დარბაზში, სადაც თვალი აპარატების ჩხაკუნით გამოწვეულმა შუქმა მომჭრა. ვის ახსოვდა ძველი წელთაღრიცხვით მეცამეტე მეთორმეტე საუკუნეში დამზადებული ნივთების დათვალიერება, თითქმის ყველა სავარძლებში და კედლებთან პოზირებით იყო დაკავებული.

მინდა ვთქვა, რომ საუკუნის წინანდელმა ნაკეთობებმა ჩემში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, არ მეგონა ამდენისხნის წინათ ასეთი რარაცეების გაკეთება თუ იყო შესაძლებელი. მეჩვიდმეტე თუ მეთექვსმეტე საუკუნის ნაკეთობებში აღმოვაჩინე "კაჩალკა" რომელიც ჩემი ბავშვობის სათამაშოს იდენტური კოპიოა, არადა მახსოვს მისი თავიდან მოშორების მცდელობა ბევრჯერ იყო, თუმცა ეხლაც ინახება დეიდაჩემის სახლში:).
აქვე უნდა ვაღიარო რომ ხელოვნებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი არაფერი გამეგება მხატვრობაში, ეს არც თუ ისეთი მოულოდნელი აღმოჩენა პიკასოს გამოფენის ნახვისას გავაკეთე. გულახდილად რომ ვთქვა მეტი სიამოვნება მივიღე გვერდით დარბაზში გამოფენილი თანამედროვე ამერიკელი (ბოლო წლების განმავლობაში სიღნაღში მცხოვრები) ფერმწერის მიერ შესრულებული ნახატების ცქერით.

გამოფენაზე ჩემი ყურადრება მიიქცია ერთმა საინტერესო ფაქტმა.6-7 წლის პატარა ნახატებს ათვალიერებდა და დიდი ინტერესით, დამარცვლით კითხულობდა სათაურებს. ბავშვს გაკაპასებული, აპარატ მომარჯვებული დედა მიეჭრა, მხრებში ჩაავლო ხელი და ნჯღრევით აუხსნა, რომ სურათის გადასაღებად უნდა დადგეს და არა ნახატები ათვალიეროს, რადგან ისეთ მნიშვნელოვან საქმეს როგორიცაა სურათის გადაღებას ვინ იცის კიდევ როდის მოახერხებს და ამ "რაღაცეების" ნახვა კიდევ ინტერნეტშიც შეუძლია ნებისმიერ დროს. მოკლედ თვალები შუბლზე ამივიდა და დაგრძელებულ ყურებთან ერთად ალბათ ფრიად სასაცილო შესახედაობა მიიღო.2-3საათისათვის აღმოვაჩინეთ, რომ მაგრად მოგვშივდა და დავიღალეთ კიდეც. უახლოეს სახინკლემდე თუ რესტორნამდე გაჭირვებით მიბობღებულებმა, გასაკვირი სიხარულით გადავსანსლეთ მწვადის პროვოკაცია და მეგრულ ხაჭაპურად წოდებული გაურკვეველი წარმოშობის ცომის და ფსევდოყველის ნაჭერი და იქ მეორედ შეუსვლელობის პირობა დადებულები" გამოვედით გარეთ.
ვინაიდან ქალაქი სამჯერ უკვე ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიარეთ და ბოდბეში წასვლის გეგმაც გარკვეული მიზეზების გამო ჩავაგდეთ, ახალი იდეით გინობაგანათებულნი პოპულში შევიჭერით; არაყი, კოკა-კოლა და მისაყოლებლები ვიყიდეთ და სადმე ბუნებაში დასაჯდომი მყუდრო ადგილის ძიებას შევუდექით. ადგილობრივმა გამყიდვემა გვირჩია გალავანს გავყოლოდით და იქვე ორ ნაბიჯზე მდებარე პარკში დავმსხდარიყავით. გზის დადგომიდან თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ დავასკვენით, რომ ჩვენი დამკვალიანებელი ძალიან გრძელ ნაბიჯებს ადგამს, სხვაგვარად იმ პარკში ორ ნაბიჯში ვერ მივიდოდა. ნახევარი საათის ბოდიალის შემდეგ გამოჩნდა ნანატრი შესასვლელი, რომელსაც აუცილებლად ვემთხვეოდით, რომ არა ვეღარ ადგომის შიში. ჩვენი მსვლელობა პარკში გაგრძელდა, სადაც რამოდენიმე ერთმანეთს გადაფსკვნილი წყვილის გარდა ვერაფერს წავაწყდით და ჩვენი ძიება გალავნის მეორე ბოლოს ქალქის შესასვლელთან გაკვირვებულებმა და იმედგაცრუებულებმა დავასრულეთ. მაგრად გაგვიტყდა ასე პოპულის პარკებ მომარჯვებული ბატებივით სიარული. გული არ გავიტეხეთ და ქალაქის შემოსასვლელში უახლოეს ცარიელ სკამს მივაშურეთ და კონსპირირებულად გამოვუყვანეთ ნახევარ ლიტრა არაყს წირვა სამმა "მალალიტრაშკამ" ორ დალევაში.
შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ისტერიულად ვიცინოდით ათას უაზრო და აზრიან სისულელეებზე და ვცდილობდით ჩვენი ფხიზლად დარჩენილი მეოთხე თანამგზავრის გამხიარულებას. საბედნიეროდ მალევე მოვედით ჭკუაზე და დარჩენილი დროის გასაყვანად სიღნაღისთვის კიდევ ერთი კრუგის დარტყმა გადავწყვიტეთ.

ექვსის ნახევარზე ბილეთებ, უფრო სწორედიმ დროისთვის უკვე გავრიანად დაკუჭულ ნაკუწებ მომარჯვებულებმა მარშუტკას მივაშირეთ, სადაც ისეთი ამბავი დაგვხვდა მშობელი შვილს არ აიყვანდა ხელში, ჩვენს შეძენილ ოთხ ადგილზე უკვე სართულ- სართულ იჯდა ათიოდე კაცი და მათთან მოჭიდავე ოციდე ადამიანის მოგერიებას ცდილობდა. ის-ის იყო ღამის გასათევის საძებნად უნდა წავსულიყავით ჩვენი ნაცნობი "მოლარე-მძღოლი" გამოჩნდა და თავდასხმა არ გვაცალა, ისე შეგვპირდა მეორე მარშუტკის მოყვანას(აშკარად მამის მკვლელი თვალებით ვიყურებოდით), რომელში ასასვლელადაც დავივიწყეთ მთელი ჩვენი კდემამოსილება და მორიდება და იდაყვების ქნევით ავჯლაგუნდით. თოთხმეტ ადგილიანი მარშუტკით რამდენმა კაცმა იმგზავრა ვერ ვიტყვი დათვლა დამეზარა უბრალოდ. საბედნიეროდ ფანჯრებთან ვისხედით და გაგუდვას გადავრჩით.
მორალი: მანქანის საყიდლად ფულის გროვება უნდა დავიწყო, უფრო სწორედ დიდი ხნის წინ უნდა დამეწყო.
ერთი სიტყვით თბილისში საკმაოდ ნასიამოვნები და შებრაწულები დავბრუნდით. მშვენიერი კვირა დღე გამოვიდა. იმედი მაქვს ჩემს წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგაც ასეთებიც, უკეთესებიც და უფრო ფართო მაშტაბიანებიც ბევრი გვექნება.
მომავალი შაბათისთვის ყაზბეგია გეგმაში, იმედი მაქვს კვირასაც ასევე დადებითად დამუხტული დავწერ შთაბეჭდილებებს.

პ.ს.აუჰ რამდენი მიწერია

0 comments:

Post a Comment