July 28, 2009

"დასაპილასოსებელი" წვიმა

DELETED

July 26, 2009

The Magnificant Trio

შესანიშნავი სამეული, რომლის არსებობის მეოთხე წელი მიილია, ჩვენ ვართ, მე თამო და ქეთი. ორი ახალი უახლოესი მეგობარი, მგონი ის ერთადერთი რაღაც არის, რაც მაღლივმა მომცა.
პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ საინტერესო და კურიოზული იყო. თამო რომ გავიცანი, მახსოვს დერეფანში ვიდექით, თურმე ორივეს გვინდოდა აუდიტორიაში შესვლა, მაგრამ გვეგონა რომ მეორეს გარეთ ერჩივნა, ხოდა მოგვერიდა ორ ბატს და ვიდექით ასე სანამ ფეხები არ დაგვაწყდა. სხვათაშორის შიგადაშიგ ეხლაც გვერიდება ხოლმე რაღაც სისულელეები. მაგალითად ორი ადგილას შეiძლება წასვლა, ვდგევართ და იქამდე ვარკვევთ რომელს სად ურჩევნია, სანამ საერთოდ სხვაგან წასვლა არ მოგვაფიქრდება ხოლმე. ზუსტად როდიდან ჩავთვალეთ ერთმანეთი მეგობრებად არ მახსოვს, მაგრამ ფაქტია რომ გაცნობის მომენტიდან საკმაოდ კარგად გავუგეთ ერთმანეთს და მედგრად ვედექით იმ გაჭირვებას წინ , რომელსაც მაღლივი ქვია.
ქეთი საერთოდ სხვა განზომილება იყო. მახსოვს პირველ დღეს დავაფიქსირე, გოგო რომელიც თვალებს ჭუტავდა და იბღვირებოდა, ვიფიქრე მოვერიდები ემანდ არ მცემოს მეთქი (თუმცა როგორც მერე გაირკვა, მინუსი აქვს მხედველობა და თვალებს იმიტომ ჭუტავდა) პირველად მაშინ გამაკვირვა რაღაც წინგნზე გაყოლა რომ მთხოვა და კათედრისკენ გაიქცა. მახსოვს ორმაგად გაოცებული ვიყავი, მეთქი ლაპარაკობს და თან დარბის მეთქი. ამის მერე სამიოდე თვე აღარ გვიკონტაქტია. მერე ნუ არ მახსოვს ზუსტად რა და როგორ იყო, მაგრამ ერთ დღეს გადავწყვიტე რომ ჩემი ერთ-ერთი სიმპატიის შესახებ გამემხილა ქეთისთვის. ხოდა იმის მერე მე მეგობრად ვთვლიდი, თვითონ არ ვიცი როდის ჩამთვალა.
მოკლედ ასე იყო თუ ისე, ჩვენი ნაცნობობის სადღაც შვიდი -რვა თვის მერე, რაღაც მორიგ სისულელეზე ვიყავი დაგრუზული და დავდიოდი პიეროს სახით. მოკლედ გმირულად გაუძლეს ჩემს თვითგვემას და გასამხიარულებლად წამათრიეს სადღაც. მერე წავედით აწ უკვე გარდაცვლილ უნივერმაღში ბისერების საყიდლად. ხოდა კარგად მახსოვს ექსკავატორზე ვიდექით, რაღაცაზე ვლაპარაკობდით და უცებ რომ მომიბრუნდნენ და მეგობრები იმისთვის ვართ გვერდში რომ დაგიდგეთ და გაგამხნევოთო. იმ დღიდან ძალიან ახლობელი და საყვარელი ადამიანები გახდნენ ჩემთვის.
ეხლა რომ მივდივარ ოჯახის წევრების შემდეგ ყველაზე მეტად ესენი და კიდევ ერთი -ორი მეგობარი მომენატრება. გუშინ წინ ბანკეტის შემდეგ, ცოტა არ იყოს ნასვამები თამოსთან რომ ავედით, კარაოკეში სიმღერით/ბღავილით გული ვიჯერეთ და ჩავთვალეთ რომ ჩვენი ვალი მეზობლების გამოფხიზლების წინაშე საშვილიშვილოდ გადახდილი გვქონდა წავედით დასაძინებლად. აი სწორედ მაშინ მეწვია მშვენიერი იდეა, რომელსაც სასწრაფოდ შევასხით ფრთები. იდეა მდგომარეობდა შემდეგში: ავიღეთ სამი ფურცელი და ზედ დავწერეთ მოგონებები, სურვილები ვარაუდები და ა.შ. ჩვენს მეგობრობაზე, დაკეცილ მდგომარეობაშჳ მოვათავსეთ კონვერტში, დავლუქეთ და შეწეპების ადგილი მრავალგზის დამცავი ხელმოწერებით გავაფორმეთ ( გახსნილი კონვერტი ადვილად რომ ვიცნოთ და სულსწრაფი დამნაშავე დავსაჯოთ) . გაფორმებული კონვერტი ზარ ზეიმით აღვბეჭდეთ კადრზე და შესანახად გადავეცით ქეთის, რომელსაც წილად ხვდა პატივი ჩემს დაბრუნებამდე გაუხსნელად შეინახოს ჩვენი წერილები და მერე ერთად ჩავუჯდებით წასაკითხად.
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტს დავბოდიალობთ ერთად დ აუფრო და უფრო მწყდება გული. ალბათ ძლიან გამიჭირდება მეგობრების გარეშე ყოფნა. გუშინ ღამე ნათევები, პახმელიაზე მყოფები და უსასტიკესად დაღლილები ლაგუნაზე შეზლონგებზე ვეგდეთ, ნახევრად გვეძინა, თვალის გახელის თავიც კი არ გვქონდა და მიუხედავად ასეთი გასავათებული ყოფისა ლაპარაკისგან ყბები გვეტკინა (ჭორიკნები არ გეგონოთ, ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვსაუბრობდით). ხოდა ასე ერთბაშად საუბარს როგორ აღვკვეთთ არ ვიცი, არადა ამ მესენჯერებიტ ლაილაი არ მიყვარს. ადამიანი წინ თუ არ მიზის ისე ვერ ვესაუბრები გულიანად.
მოკლედ ძალიან გავსენტიმენტალურდი ეხლა მე, თან მეძინება, ამიტომ ავდგები და წერტილს დავსვამ ეხლა აქ და ხვალ გამოვაქვეყნებ, იმიტომ რომ სანამ მე ვწერდი ინეტი გათიშულა.
პ.ს. ხვალ დილას თამო რაჭაში აპირებდა წასვლას, ხოდა დღეს ასე ვთქვათ საფუძვლიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, ურთიერთს კეთილი მგზავრობა ვუსურვეთ და გულდაწყვეტილები დავნაწილდით სახლში. ხოდა ნახევარი საათის წინ მიმესიჯებს წასვლა გადავიფიქრეო (ეს დაახლოებით მეხუთედ ხდება :) ), ხოდა ფრიად გახარებული ვარ.

პ.ს.ს დღეს აკვაპარკში გვინდოდა მე და ტამოს ასვლა მაგრამ ეს ღრუბლები განა გაგახარებენ?! ყოვლად შეუფერებელ მომენტში უნდა დაგადგნენ ტავზე, ხოდა ავდექით და რამოდენიმე მეგობარტან ერთად ავედით კუს ტბაზე. ლუდი დავლიეთ, გემრიელად ვიმხიარულეთ, ერთ ფრიად საინტრესო საკითხზე მაგრად ვიცინეთ( რა საკითხზეა საუბარი მხოლოდ იმ ოტხმა ადამიანმა იცის მაგიდას რომ უსხდა გარშემო :), ისე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა საქმე) ბოლოს საკმაოდ სენტიმენტალური გამომშვიდობების ცერემონიალი გვქონდა ვაკის პარკთან, იმდენად გულისამაჩუყებელი, რომ ხალხი პირღია გვიყურებდა. (ისე მაგრად ასწორებს ხალხის რეაქციებზე კაიფი.)
...და მეყოფა ეხლა მეგობრებზე საუბარი თორემ ამიჩუყდა გული...

July 21, 2009

მოჯადოებული ნიშნების ფურცლები

ერთ კვირიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ როგორც იქნა დახურეს უკანასკნელი უწყისები და დღეს დილით საზეიმოდ გადმომცეს ნიშნების ფურცელი, ჩემი ოთხი წლის ნაჯაფი 245კრედიტის დამადასტურებლად. ამხელა ავლადიდების ნოტარიუსთან დატოვებისას,ხუთ საათზე უკან ნათარგმ-დამოწმებულ მდგომარეობაში დაბრუნების პირობით გახარებულმა, ვიფიქრე მორჩა აეხსნა ჯადო ჩემს "answer shits" თქო და სხვა საბუთებზე სათოხარიკოდ კამარა შევკარი. ხუთ საათძე უკან დაბუნებულს ნოტარიუსი ისეთი გაკვირვებუი შემეგება, აქ რა გინდა ექვს საათზე არ დაგიბარეო?! რამის მართლა დავიჯერე რომ დავყრუვდი და ექვსის ნაცვლად ხუთი მომესმა. მოკლედ ძალიან არ გავაპროტესტე, მაინც ბანკეტისთვის კაბა მაქვს საყიდელი და დიკაში შევივლი იქნებ რაღაც ვნახომეთქი. ექვსზე კვლავ იმედებით აღსავსემ მივაშურე თარჯიმნის კაბინეტს, მაგრამ იქ არამცთუ ნათარგმნ დამოწმებული საბუთები, ჩემი ქართული ორიგინალები და თავად თარჯიმანიც აღარ დამხვდა. 15წუთში მოვიდა, მაგრამ საბუთების გარეშე, ნოტარიუსთან დავტოვე და 15წუთში მოიტანენო. ნახევარ საათში "15წუთის" გაუსვლელობით აღშფოთებული ის-ის იყო იქვე მყოფ ახალგაზრდა ცოლ -ქმრის ბუზღუნს უნდა ავყოლოდი, თარჯიმანმა მადლიერი მზერით რომ შემომხედა და ცოლ-ქმარი დაანამუსა "ეს გოგო ხუთი საათიდან ელოდება და ხმა არ ამოუღია და თქვენ რა დაგემართათო". მოკლედ ვიფიქრე ჩემი საყვედურით და ჩხუბით მაინც არაფერი შეცვლებამეთქი და ისევ გაჩუმება გადავწყვიტე. პარალელურად გავიხსენე 3 წლის წინ მომხდარი შემთხვევა, როდესაც 18წლის, სტაჟირებაზე ერთიკვირის მისულ ღლაპს, ვიღაც ორ მეტრიანი ბრაზიანი კაცი მომადგა და ორიოდე კვირის წინ დატოვებული საბუთი მომთხოვა, რომელიც ალბათ მიხვდებით, ადგილზე არ აღმოჩნდა, მასზე პასუხისმგებელი პირი კიდევ შვებულებაში გახლდათ გათიშული ტელეფონით. იმ ერთი საათის გახსენებისას, რაც იმ ფურცლის ძებნაში ოფისი ყირაზე დავაყენე, ეხლაც ცივი ოფლი მასხავს. მოკლედ აღნიშნული ინციდენტის გახსნეებისას თარჯიმნიშ ადგილზე ტავის წარმოდგენა არ გამჭირვებია და მისი სიბრალულით აღვსილმა გადავწყვიტე მაქსიმალურად შემეკავებინა უკმაყოფილების მუხტები. რვის ნახევარზე როგორც იქნა მოვიდა საბუთები, ჩემი რიგი სულგრძელად დავუთმე მოთმინება დაკარგულ ცოლ-ქმარს. მათი წასვლის შემდეგ კი ძლივს გამომდნარი ღიმილით მოვითხოვე ჩემი საბუთები და აი აქ მოხდა ძალიან საინტრესო რამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი საბრალო ნიშნების ფურცლები მონიტორის ქვეშ შეცურებულა და ორსაათნახევარი სულ ტყუილად ვტკეპნიდი, ისედაც გვარიანად დაფეხვილ სავარძელს. "დამნაშავემ" ისეთი საცოდავად მითხრა ეხლავე გავგზავნი თანამშრომელს ნოტარიუსთანო, შემეცოდა, თან ჩხუბი და უარყოფითი ემოციების ნთხევა დამეზარა და მორჩილად დავუბრუნდი ჩემს უკვე კარგად ნაცნობ სავარძელს. პარალელურად გავიხსენე ყველა დამამშვიდებელი საშუალება, რომელსაც შეიძლება მოცემულ სიტუაციაში ემოქმედა. მათ შორის იყო. ფილმი ჯერ ნიკოლსონის და ადამ სენდლერის მონაწილეობით, თუ სწორედ მახსოვს "რისხვის მართვა" ქვია, რომელშიც ფსიქოლოგი პაციენტს სიბრაზის შეტევებისას "გუსფრაბას" აძახებინებს და ამ გზით ამშვიდებს. მოკლედ არ ვიცი ორიოდეჯერ გუნებაში "გუსფრაბას" თქმამ მიშველა, თუ ფილმის გახსენებამ გამახსიარულა, მაგრამ ფაქტია კიდევ ერთხელ შევიაკვე თავი აფეთქებისგან. დღევანდელი დღე ტრაგიკომედიას მაშინ დაემსგავსა, რის ვაივაიგლახით ჩემამდე მოღწეულ ფურცლებში 3გვარიდან სამივე შეცდომით რომ იყო ინგლისურად დაბეჭდილი. აღმოჩენით "გამოქლიავებულს" ისტერიული სიცილი ამიტყდა. მოკლედ ესეც გავასწორებინე, წამოვედი და დავდექი გაჩერებაზე, ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ ჩემმა მეხსიერებამ ინება თავის შეწუხება და ტვინის ერთ-ერთი უჯრედიდან გამოუშვა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 67ნომერი მარშუტკები მხოლოდ რვისნახევრამდე მუშაობენ. მოკლედ ჩავბობღდი კოლმეურნეობაზე და წამოვედი ოთხი ნომრით. მარშურკაში საბუთებს გადავხედე და აღმოვაჩინე კიდევ რამოდენიმე შეცდომა ნათარგმნში, მაგამ მეორე ხარისხოვან და არც თუ ისე მნიშვნელოვან დოკუმენტებში და მოკლედ "დავიკიდე" (ფეხებზე). დღევანდელი საღამოს ფინალური აკორდი იყო მარშურკიდან გადმოსულს ლურჯად მოკრიალებული ციდან საკმაოდ ბარაქიანად რომ დამაწვიმა. ზემოთ ახედვისთანავე აღმოვაჩინე საავდრო ღრუბელი-მწვანე მცენარეების სარწყავი, რომელიც ორ პატარა ბიჭს ეპყრა ხელთ ქუჩაში მოარული ''ყვავილების'' მოსარწყავაად. ვიფიქრე მოდი ამასაც ჩავყლაპავ მეთქი, ბარე, სასუქიც მომაყარეთმეთქი ავძახე ბიჭებს და უარყოფითი მუხტისგან თავისუფალი დავბრუნდი სახლში.
მშიერ-მწყურვალი დაქანცული დის ვედრება ყურად არ იღო ჩემმა უმცროსმა დამ და მაღაზიაში არ გამეგზავნა. ათიოდე წუთის წინ მივხვდი რომ თავს თუ არ ვუშველიდი შიმშილით სიკვდილი თუ არა გულის წასვლა მაინც არ ამცდებოდა და მორჩილად გავეშურე მაღაზიაში, რომელიც რაღა თქმა უნდა ღამის თერთმეტ საათზე დაკეტილი დამხვდა და იძულებული გავხდი ქუჩის მეორე ბოლოში მდებარე პოპულში წავჩანჩცალებულიყავი ფრიად საინტერესო ჩაცმულობით. უკან დაბრუნებისას არ ვიცი ძაღლი სააჭმლის სუნმა გააღიაზიანა თუ მე ვეგონე ბაბაიაგა მაგრამ, ფაქტია საშინელი ყეფით გამომიხტა ვიღაცის ეზოდან. ერთი სიტყვით ძაღლის ყეფა და არაადამიანური შეკივლება თუ გაიგეთ
ე.ი.უბნელები ვართ. საბედნიეროდ დაუკბენავი გადავრჩი(დღეს აშკარად მიმართლებს).

July 11, 2009

რა საჭიროა ყველაფრის დასათაურება?!

დღევანდელმა დღემ სხვადასხვა მსხვილმანი და წვრილმანი (ნეტა საშუალომანი რატომ არ არის ხმარებაში, რითაა სხვებზე ნაკლები?!) სასიამოვნო ელემენტებით მშვენივრად ჩაიარა და გადასარევი განწყობა შემიქმნა. ჯერ იყო და ბაზარში გავიარე ხილის საყიდლად. არ წამოვეგე მზაკვარი ატმის გამყიდვლის ხრიკებს, მიმართულს ჩემს წონაში მოსატყუებლად (სხვათაშორის ცხოვრებაში პირველად).დანაშაულზე წასწრებულმა იქით შარი მომდო, "აჰა, დავამატებ" მაგრამ, შენ გულში ხომ შეგრცხვებაო. ეს სიტყვები ის გულწრფელად იყო ნათქვამი ვიგრძენი როგორ მომედო სირცხვილისგან ცეცხლის ალი, მაგრამ როგორც შემდეგ გავარკვიე სირცხვილის ალი კი არა მეზობლად მდგარი მყიდველის სიგარეტის ბოლი ყოფილა. წარმატებით გათამამებული და ეიფორიაში მყოფი, გარგარის გამყიდველმა ისე მომატყუა წონაში, ათმაგად ამოიღო ატმის გამყიდვლის "ზარალი". ერთი სიტყვით ჯერ კიდევ არ ვარ ბაზარში სასიარულოდ მზად.
დეზერტირების ბაზრიდან პირდაპრი რეისით დეიდაჩმისკენ გავეშურე, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალებში ამოგანგლული დედაჩემი, დაეიდაჩემი და ჩემი და მელოდნენ. კოსმეტიკურ რემონტს აკეთებენ. თავიდან მეც მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ შემდეგ შპალიერის არჩევით და სარემონტო სამუშაოებზე შორიდან დაკვირვებით შემოვიფარგლე. დამეზარა ამოთხუპვნა.
ბოლოს და ბოლოს დადგა ის ნანატრი წუთი, ბასეინზე წასვლა რომ მეღირსა, რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ. მისვლით კი მივედით, მაგრამ იმისთანა რიგი 80-90-იან წლებში პურზე რომ არ ყოფილა. შემდგომმა სამი- ოთხმა საათმა მაგრად გაასწორა, მიუხედავად ღრუბლისა, რომელმაც იქამდე არ მოისვენა სანამ "ლაგუნას" ტერიტორიაზე სამ ფენად განლაგებულმა უკლებლივ ყველა ადამიანმა "მშობელი არ მოუკითხა". ბოლოს იკადრა და წაბრძანდა.
დღეს დავფიქრდი. რამდენი რასისტია ქვეყნად (მეც ნაწილობროვ) და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი დადის და საათობით მზეზე იხრუკება ყავისფერი ფერის მისაღებად, არადა ზანგები სწორედ კანის აღნიშნული ფერით განსხვავდებიან სხვებისგან. ნეტავ რაშია საქმე?!
საკმარისად გამომშრალად რომ მივიჩნიე თავი კვლავ დეიდაჩემისკენ ავიღე გეზი. სადაც ორ ფრიად სასიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი:
პირველი: დეიდაჩემმა ორი უსაყვარლესი ოქროს ბეჭედი მაჩუქა. :)
მეორე: ბოლო სამი დღის განმავლობაში (ანუ მას შემდეგ რაც დედაჩემი და ჩემი და დეიდაჩემთან გადაბარგდნენ) პირველად დავარღვიე ნახევარფაბრიკატების და მშრალი/ცივი საკვების "დიეტა" და ადამიანურად ვივახშმე.
გამაძღარი, კმაყოფილი და ბედნიერი ვზივარ კომპთა,დავბოდიალობ ინტერნეტში, ვძიძგნი ჩემს უსაყვარლეს ე.წ. "დაწნულ" იგივე "ჩეჩილა" ყველს და ცოცხალი ტავით არ ვიმჩნევ რომ ზეგინდელი საბაკალავროს დაცვითვის რაღაცეები მაქვს მოსამზადებელი. ეხლა ის უფრო მადარდებს ბლოგზე ვერაფრით რომ ვერ ჩავსვი recent comment-ების სვეტი, მეორე დღეა ვეჩალიჩები. იმედია ვინმე გამოცდილი, კეთილი "ბიძია/დეიდა" წაიკითხავს ამას და სასარგებლო რჩევას მომცემს :)

July 9, 2009

ალეგორიული ნაბოდვარი

უკვე რამდენიმე საათია წინ და უკან დავდივარ და შესაშური მონდომებით ვეძებ რაღაცას, ეს "რაღაც" საკმაოდ ჯიუტი ჩანს, ცოცხალი თავით არ მენახვება. ჩემს ოთახს უკვე მერამდენედ მოვავლე თვალი, მაგრამ ამაოდ, აქ არ არის, უფრო სწორედ მე არ ვარ აქ. ეს ხანები თურმე ჩემივე თავს ვეძებ. "სარკეში ნახე იქ იქნები" წაიწიკწიკა საათმა. მისი გონებამახვილობით აღფრთოვანებულმა კედელზე ჩამოკონწიალებულ მრგვალ ციფერბლატს სიყვარულით სავსე მზერა ვტყორცნე და სარკისკენ შევბრუნდი. "ვიპოვე" შევყვირე გახარებულმა, თუმცა მაშივე მივხვდი შეცდომას და ნირ წამხდარმა საათს გავხედე. "მხოლოდ და მხოლოდ კოლოფი ჩანს, მე არ ვარ"; "კიდევ ერთხელ დაათვალიერე ოთახი"; იხტიბარი არ გაიტეხა საათმა. მეც მეტი არც გზა მქონდა და არც საქმე. ასე რომ ისევ ჩემი ოთახის ქექვას შევუდექი. პირვეად ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ის ის იყო შიგნით უნდა შემეხედა, ქარმა გაბრაზებით შემომიყვირა " მანდ შენი შესაფუთი მასალის გარდა ვერაფერს ნახავო" და კარებია მიაჯახუნა.
ჩემს მიერ, ჩემს ოთახში, ჩემივე თავის ძიებამ უკვე მერამდენედ ამაოდ ჩაიარა. ფარხმლის დაყრას და ახლა უკვე რამდენიმე დღის წინ დაკარგული, განსაკუთრებული შემთხვევებისთის განკუთვნილი მეორე "სიმ კარტის" ძებნა დავაპირე(არა რააა, მაგელანის შთამომავალი უნდა ვიყო, სულ რაღაცის ძიებაში ვარ). ეჭვი მაქვს მეორე ამოცანა უფრო ადვილი შესასრულებელი იქნებოდა, მიუხედავად მისი ზომის შეფარდებითი სიმცირისა ჩემს თავთან, რომ არა თუთიყიში, რომელმაც ცხრა წლიანი დუმილის ფიცი დაარღვია და "ტყეშია, ტყეშიაო" იქამდე იძახა, სანამ სალაშქრო ატრიბუტიკის ჩალაგება არ დავიწყე.

ოდესმე ფიქრებთან ერთად ტყეში სალაშქროდ წასულხართ? თუ არა გეტყვით, რომ ამ დროს ზურგჩანთა ძალიან მძიმეა. თითქოს საკუთარი ტვირთის სიმძიმე საკმარისი არ იყოს, ფიქრებიც შენ გკიდებენ საკუთარ ზურგჩანთებს. ერთი სიტყვით მივდივართ მე და ჩემი ფიქრები ტყეში ჩემი თავის საძებნად, თუმცა არც ერთს წარმოდგენა არ გვაქვს სად შეიძლება იყოს, არადა უკვე დაბნელდა. მგლების ყმუილი ისმის, შორიდან ლომის ღრიალსაც მოვკარი ყური, ჩემგან ასიოდე მეტრში კი ავაზას თვალებმა შემომანათეს. ის ის იყო შიშისგან სული უნდ გამეფრთხო, ერთ-ერთმა აზრმა თავში ხელი რომ წამომარტყა და გესლიანი ხმით შემიძახა"არც შენ ხარ მაუგლი და არც საქართველოშია მასეთი მრავალფეროვანი ფაუნაო". მივხვდი რა რომ ფიქრი მართალი იყო და ირგვლივ ერთი ცხოველიც კი არ ჭაჭანებდა შვებით ამოვისუნთქე, იქვე მდგარ საკუთარი ოინით აღფრთოვანებულ ფანტაზიას მომაკვდინებლად მკაცრი მზერა ვტყორცნე და მომავალში თავის დაზღვევის მიზნით დამაძინებელი აბების მიღება და ზურგჩანთაში ჩაძრომა ვუბრძანე.

მას შემდეგ რაც ირგვლივ კიდევ ერთხელ მიმოვიხედე, სმენა დავძაბე და დავრწმუნდი, რომ უახლოეს მომავალში რომელიმე მტაცებელი ცხოველის ხახაში არ ვიპოვიდი საკუთარ თავს კვლავ გზას დავადექი .
როგორც ზღაპრებში იტყვიან, ბევრი ვიარე თუ ცოტა, შუაგულ ტყეში მივადექი ერთ გამოქვაბულს. შიგნით შესული მივხვდი რომ მიტოვებულ, ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელ ქარხანას მივდგომივარ. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აღმოვაჩინე, რომ მზა პროდუქტი კი არა ნახევარფაბრიკატი ვყოფილვარ და საკუთარი თავის საპოვნელად მისი დამუშავება და სრულყოფა იყო საჭირო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. სანამ ქარხნის რესტავრაცია მოვახდინე და დანადგარებზე მუშაობა ვისწავლე. ჩემი შრომის შედეგი კი ზის ეხლა და ბლოგავს. პერიოდულად ისევ "ვსტუმრობ" ხოლმე ქარხანას, თუ რაიმე დეტალი გამიფუჭდა ან მოდერნიზებას ვსაჭიროებ. ზემოთ აღნიშნულ ქარხანაში სხვა ნახევარფაბრიკატიბიც დადიან და საკუთარი თავების გამოსაძერწ-შესაკეთებლად. შიგადაშიგ დაბნეული ახალბედებიც შემოგვემატებიან ხოლმე. ისეთიც ბევრი გვინახავს საკუთარი თავის ძიებაში გვერდით ჩაუვლია გამოქვაბულისათვის და ვერ შეუმჩნევია. ფაქტრი კი ის არის რომ ყველა მარად მწვანე ნახევარფაბრიკატები, რომლის გადაწყობა , სრულყოფა და განვითარება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი.

პ.ს. არ შეიმჩნიოთ, მზეზე დიდხანს ვიყავი.

July 8, 2009

ერთიანი ეროვნული კოშმარი

გუშინ შემთხვევით ჩემს სამაგისტრო გამოცდების პლასტიკურ ბარათს წავაწყდი და მიუხედავად იმისა რომ აქ აღარ ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მაინც წავედი დღეს სიტუაციის დასაზვერად. ორ საათზე გეპეისთან მისული მივხვდი, მიუხედავად ცენტრის თანამშრომლის გამკივანი დამაჯერებლობით გაკეთებული განცხადებისა "ერთ საათში ყველანი უკლებლივ გაივლით რეგისტრაციას და წერას დაიწყებთო" მინიმუმ ორი საათი სიცხეში მომიწევდა ყურყუტი. ვეცადე მაქსიმალურად მოვშორებოდი იმ ადგილებს სადაც აბიტურიენტთა კონცენტრაცია პიკს აღწევდა და შედარებით წყნარი ადგილიდან დავკვირვებოდი განვითრებულ მოვლენებს.
პირველი, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია იყო "ბალელშიკ" მშობელთა რაოდენობა. ერთ აბიტურიენტზე საშუალოდ ოთხი მომყოლი მოდიოდა. ნუ ბაკალავრიატის ეროვნულებზე კიდევ გასაგებია მშობლების და მთელი სანატესაოს წაყოლა, მაგრამ აი მინიმუმ 21წლის ვირს რაში სჭირდება მშობლის, ბებიის, ბაბუის, სიდედრის ბიძაშვილის და მეზობლოს წამოყოლა ამას ვერ ხვდები და იმედი მაქვს ამ დიად საიდუმლოს ვერც ვერასოდეს ჩავწვდები.
გაკვირვების მეორე ტალღამ მაშინ მაყლაპა მლაშე წყალი რამოდენიმე ატირებულ და მშობლის კალთაში თავჩარგულ გოგონას რომ შევავლე თვალი, რომელთაც ნერვიულობისგან ტუჩები უკვე დაეკვნიტათ. ნუ კარგი ვაღიარებ მესამე თუ მეოთხე კლასში პირველი ორიანო რომ დამიწერეს მეც ვიტირე, მაგრამ წინა საგამოცდო თვითგვემა, თან ამ ასაკში ნამეტანია.
ატირებული თანატოლების ჭირ -ვარამი გულთან ახლოს არ მიუტანია იქვე მდგომი აბიტურიენტების რამოდენიმე წყვილს და ათასზე მეტი მოწმის თანდასწრებით იმისთანა ზასაობა გააჩაღეს, მათ შვილებს რომელიმე ნაცნობი უეჭველი ეტყვის შენ რომ ისახებოდი იქვე ვიდექი და სანთელი...უფრო სწორედ ქოლგა მეჭირა და მზეს უჩრდილავდი შენს მშობლებსო.
მოკლედ სანამ ზოგი ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნავდა, ზოგიც კიდევ ნიადაგის მორწყვაზე, აბიტურიენტთა ისედაც მჭიდრო განლაგება კიდევ უფრო მჭიდრო ხდებოდა.
ჩემი მცდელობა ორიოდე ნაბიჯის რადიუსში ადამიანთა ცხელი მასა არ გამეკარებინა, რამოდენიმე წუთში ჩაიფუშა და ჭყლეტვის ეპიცენტრში აღმოვჩნდი. ამაზე კოშმარი შეგრძნება არ მახსოვს, ყოველი მხრიდან ცხელი ხორცის მასა და ოხშივარი რომ მოდის, ზემოდან მზე აჭერს და ზუსტად რომ იცი კიდევ ორმოციოდე წუთი ანალოგიურო ყოფა გელის. ის ის იყო გავიფიქრე ამაზე უარესი რა უნდა იყოს მეთქი, გვერძე მდგომ შვიდი ან რვა თვის ორსულ გოგოს რომ მოვკარი თვალი, საწყალი მეგონა იქვე ამშობიარებდნენ.
გადავწყვიტე ზემოთაღნიშნული საშინელი გარემოებებისა და ჩემს ყურთან გამართული საშინელად ხმამაღალი და ყოვლად აუტანელი ბაასისათვის ყურადრება არ მიმექცია და რამოდენიმე კუბური მილიმეტრის ოდენობის ჰაერის ჩასუნთქვის გზა მაინც მომენახა. გამოსავალი ერთი იყო, კისრის ნაცვლად, დოქტორი "გადჯეთივით" პრუჟინა უნდა მქონოდა და მისი საშუალებით თავი მაღლა ამეტყორცნა რამოდენიმე წუთით ჟანგბადის მისაღებად. წარმოსახვითმა სურათმა ოდნავ გამამხიარულა და რამოდენიმე წუთით დამავიწყა ჩემი აუტანელი ყოფა. წარმოდგენით გათამამებულმა მაქსიმალური მონდომება ჩავაქსოვე კისრის დაგრძელების მცდელობაში და ვეცადე ჩემი ცხვირი რამენაირად ხალხის მასის ზემოთ მომექცია. შემდგომი ნახევარი საათი ამ მდგომარეობაში ლურჯი ცის ნაგლეჯის ყურებასა და გადარჩენის მომაკვდავი იმედის რეანიმირებაში გავატარე. საბოლოოდ გადავწყვიტე რა რომ იქიდან ცოცხალი გაღწევა არ მეღირსებოდა, ცოდვების მონანიებას შევუდექი და ჰოი საოცრებავ, დაცვის მოომაჯადოვებელი და იმ მომეტისათვის საოცრად ტკბილად ჟრერადი ხმა მომესმა"რამოდენიმე გოგო შემოდით" და მე სამოთხეში აღმოჩნდი, რომელსაც რატომღაც გპის შესასვლელის სახე ჰქონდა მიღებული. მერე იყო გაჩხრკვისა და რეგისტრაციის პროცედურები და როგორც იქნა დავებერტყე ჩემთვის განუთვნილ #4მაგიდის საქონელ შემავსებებლს (სკამს). აზრზე რომ მოვედი ოჩოფეხებზე (სინამდვილეში დაახლოებით 25სანტიმეტრიან ქუსლებზე) მოქანავე ძალიან გამხდარმა ქალმა მიიპყრო ყურადრება, რომელიც საოცარი დაბნეულობით და ფაფხურით ცდილობდა მაქსიმალურად დაეცვა ყველა უაზრო პროცედურა. უფრო ძერსკი მეჩვენა იქვე "მოდვიჟენიე" ხუჭუჭა ქალი, რომლიც აშკარად ცდილობდა "მოფაფხურეზე" და აბიტურიენტებზე "ვერხის" დაჭერას.
მოკლედ როგორც იქნა ოთხი საათისათვის მაღირსეს ჩემი ტესტების და პასუხების ფურცელი პასტის პროვოკაციითურთ, რომელსაც ხელი არ რუნდა მოვკიდოთ რომ არ გაცხელდეს და ისე ვწეროთ თუ კურატორს დავუჯერებთ. მოკლედ მაგისტრანტად გახდომის ერთ-ერთი კრიტერიუმი კოპერფილდობაა. ნუ პირველი ნაწილი 30წუთში დავწერე და შემდგომი 40წუთი დანარჩენი11აბიტურიენტის თვალიერებაში გავატარე, რომელთაგან ერთ-ერთსაც უჟანგბადობისგან ჩაეძინა და კურატორმა ძლივს მოახერხა მისი გაღვიძება. მოკლედ მეორე ნაწილიც დავწერე და გარეთ იმ განწყობით გამოვედი, რომ დღევანდელმა დღემ ამოწურა უკვე თავისი თავი, მაგრამ თურმე ჯერ სად ვიყავი. შენობიდან გამოსულს თავი ფრონტიდან დაბრუნებული ჯარისკაცების გარემოცვაში მეგონა, იყო ხვევნა-კოცნა, ცრემლები და უზარმაზარი ემოციები, რომელსაც გამოცდიდან "დაბრუნებული" აბიტურიეტების და მათი ახლობლების შეხვედრა იწვევდა, მათ ხომ მთელი ორი საათის განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი.
გულმა ხელახლა მაშინ დამისტუკა, რომ გამახასენდა მეგობარს უნდა შევხვედროდი სადღაც იქვე, არადა მობილური სახლში მქონდა დატოვებული. საბედნიეროდ განგება არ გამწირა და მხოლოდ და მხოლოდ ნახევარიოდე საათის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა თამო და იქ დასრულდა ერთიანი ეროვნული სამაგისტრო ტრაგედიის პირველი ეტაპი. მეორე ზეგ იქნება.
პ.ს. მრცხვენია, მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო რომ დღეს რიგში დგმისას ნახევარი საათით მსოფლიოში ყველაზე კაცთმოძულე ადამიანად ვიქეცი

July 7, 2009

ღრუბლებიდან საცობამდე ერთი ნაბიჯია

მხართეძოზე წამოწოლილი, ჟურნალებს ვათვალიერებდი და შიგადაშიგ ქალაქში მოსიარულე ადამიანებს გადავხედავდი ხოლმე. რაც მართალია, უნდა ითქვას, ღრუბლებზე წამოწოლა საკმაოდ მოსახერხებელიცაა, რბილიც და საინტერესოც. ერთი ეგაა ქარიან ამინდში ერთი თუ დაუბერეს ჰაერის თავნდება მასებმა, "ვაი დედას" დაგაძახებინებენ და კიდეს კარგად თუ არ ჩაეჭიდე, გადმოგისვრის ძირს და პირდაპირ შუა ქუჩაში ყველაზე საშინელ საცობში ჩაგაგდებს. აი ეხლაც, დაუბერა ქარმა, მე კი მოვასწარი ღრუბელს ჩავჭიდებოდი, მაგრამ საბრალო ჟურნალს რა ექნა, რომელსაც განგებამ ხელები არ უბოძა?! საწყალმა პირდაპირ #145 მარშუტკის ბორბლებს ქვეშ ჰპოვა განსასვენებელი. დაახლოებით მეოცე მანქანამ რომ გადაუარა გაცრეცილ ფურცლებს, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და ჩემს სავალალო ყოფაზე დავფიქრდი. ცასა და დედამიწას შორის ღრუბლებზე გამოკიდებულს წარმოდგენა არ მქონდა დრო რითი გამეყვანა.
ამ ფიქრებში ვიყავი ჩემს თავზე ზოოპარკის ღრუბელმა რომ ჩაიარა, მომვლელს ვთხოვე ათიოდე ბაყაყი დაეთმო ჩემთვის და სანაცვლოდ მისი მოთვინიერებული რწყილების მიერ დადგმული "რომეო და ჟულიეტას" გაპიარებას შევპირდი, ვიცოდი რა, რომ წინა სპექტაკლზე მაყურებლის ნაკლებობით განაწყენებულს, უფრო სუსტ წერტილს ვერ მოვუძებნიდი. ღრუბლის ზოოპარკის თანამშრომელი იმდენად გაახარა ჩემმა შემოთავაზებამ, ათის ნაცვლად 12 ბაყაყი მომცა, "აბა შენ იცი სპექტაკლი არ ჩამიგდოო" დამიბარა, ღრუბელი დაქოქა და გზა გაუდგა. კმაყოფილმა ჯერ ყუთში ჩავიხედე, შემდეგ კი ღრუბლებიდან ქალაქს გადავხედე და ბაყაყები სათითაოდ გადავყარე დაბლა. რამოდენიმე წამში ხალხის შეძახილებმა მოაღწიეს ჩემს ყურებამდე: "ბაყაყების წვიმა", "რამდენი წელია აღარ მოსულა", და სხვა მსგავსი ფრაზები. ხვალ ალბათ გაზეთებში სტატიები დაიბეჭდება სათაურით: "საქართველოში მრავალი წლის შემდეგ კვლავ მოვიდა ბაყაყების წვიმა, რას უნდა მოასწავებდეს ესოდენ უცნაური ფაქტი" და ა.შ. "ნეტავ მრავალი წლის წინ ვინ ერთობოდა ღრუბლებიდან ბაყაყების სროლით?" გავიფიქრე, გვერდითა ღრუბლიდან მსხალი მოვწყვიტე და ჩავკბიჩე. ზედმეტად გადამწიფებული მეჩვენა, წინა დღეებში უკეთესი მსხლის ღრუბლები დაფრინავდნენ. ეს ხილი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სათამაშო კურკები აქვს, ზოგი ასაწყობია, ზოგი უკვე მზა, რაც უფრო რთული ასაწყობი დეტალები ამოდის მხალში მით უფრო საინტერესოა. უი, უი, ბოდიში, სულ დამავიწყდა, რომ სათამაშოები კინდერში ამოდის და არა ხილში, თუნდაც ეს ხილი ღრუბლებიდან მოკრეფილი იყოს.
ამ ფიქრებში რომ ვიყავი ქარმა დაუბერა და ღრუბლები გაფანტა. მე ძირს ჩამოვვარდი და კვლავ მარშუტკაში აღმოვჩნდი, რომელიც კვლავ უიმედო უძრაობით იდგა საცობში. მე კი ღრუბლებიც აღარ მქონდა, რომ ფიქრებით მაინც მოვკალათებულიყავი მასზე და ჩახუთულ მარშუტკაში ჯდომით არ დავტანჟულიყავი.

July 5, 2009

ყაზბეგი

Deleted





July 2, 2009

ფანტაზიას/2+მოგონება/2

ფაილებში ბოდიალისას შემთხვევით წავაწყდი წელიწადნახევრისწინანდელ დოკუმენტს რომლის დაწერის, უფრო სწორედ აკრეფის მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, თუ რატომ ამას მისი წაკითხვისას შეიტყობთ :)
მოკლედ კიდევ ერთი შელამაზებული მომენტი ჩემი ცხოვრებიდან:

ხუთი ხდებოდა ბოთლი რომ ავიღე და მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გადავკარი 3 ჭიქა. ბევრი იტყვის სამი ჭიქა ეგეც დიდი ამბავი არ იყოსო. მათ გასაგონად აღვნიშნავ რომ “მალალიტრაშკა ვარ”. პირველი აზრი რამაც თავში გამიელვა იყო: “მთვრალი არ ვარ” არადა გამიგონია, როდესაც ადამიანი სხვას ან საკუთარ თავს უმტკიცებს რომ ფხიზელია, ე.ი. უკვე მთვრალია. შემდეგი აზრი რომელიც ჩემს თავში თეთრ ცხენზე ამხედრებული მიქროდა (ეგეც რაშზე ამხედრებული უფლისწული არ ყოფილიყო) იყო ის რომ გაბრუებული ვარ. პირველი ცხენზე მონავარდე აზრი, იმის შესახებ რომ მთვრალი არ ვარ, მას შემდეგ ჩამოვაქვეითე, როდესაც ნახევარ საათიანი ცეკვის შემდეგ მივხვდი რომ თურმე მუსიკა არ ჩამირთავს, არადა მუსიკა ნამდვილად მესმოდა. მოკლედ მთვრალი ვარ, მამცნო ლურჯ ყურებპარტყუნა ვირზე ამხედრებულმა საკუთარმა თავმა, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ვირიან ფიქრს სასწრაფოდ ხელი ავუქნიე, რომელიც ოჯახის რელიქვიას მოხვდა და აწ უკვე გარდაცვლილ, თაობების მიერ 300 წლის განმავლობაში ნალოლიავები ანტიკვარული ვაზა ნამსხვრევებად აქცია. იმ წუთშივე, როგორც კი მივხვდი რომ, ამ საშინელი ვაზის მოვლა მთელი ჩემი დრჩენილი სიცოცხლის მანძილზე არ მომიწევდა სიხარულის ყიჟინი დავეცი და მეზობლების აშკარა, დაუფარავი და ცოტა არ იყოს უხეში გულისწყრომა გამოვიწვიე. როგორც კი გავაცნბიერე, რომ მე ყოველთვის მშვიდმა და უაზრობამდე ზრდილობიანმა და ტაქტიანმა ბავშვმა, ვიღაცის გაბრაზება შევძელი, ხელმეორედ დავეცი გამარჯვების ყიჟინი. ამ დროს ჩემამდე ნახშირის სუნმა მოაღწია, გონებაში სასწრაფოდ გადავავლე თვალი იმ მეზობელთა სიას, რომლებსაც შეიძლება გაზქურაზე ტაფა დარჩენოდათ და ბოლოში რაც შეიძლება მკრთალი ფანქრით მიწერილ საკუთარ სახელსა და გვართან შევჩერდი. ამ დროს გაისმა მე თვითონაც არ ვიცი ვისი ყვირილი, “დაგავიწყდა არა გაზქურაზე რაღაც რომ გაქვს დადგმული” ამ სიტყვებმა წამიერად გამომაფხიზლა, მაგრამ მეორე წამს ისევ ალკოჰოლის უპრობლემო და მხიარულ სამფლობლოში დავბრუნდი და ისეტერიული სიცილით შევხვდი, შავ ცხენზე ამხედრებულ აზრს იმის შესახებ რომ საჭმელი დავწვი. ის ის იყო ზემოთხსენებული აზრი სხვა ალკოჰოლის ქვეყანაში მცხოვრებთან გავამგზავრე, რომ ლეკვის წკმუტუნი შემომესმა, არადა ლეკვი არ მყავს. მივყევი ხმას და თავი ამოვყავი საკუთარი სახლის აივანზე, რომელზეც პატარა “ამუა” იჯდა და დამშეული თვალებით შემომცქეროდა. “შენ ლეკვი გყავს, რომელსაც უნდა მოუარო”, ცხენიდან ჩამოუქვეითებლად შემახსენა აზრმა. ტელეფონის ზარმა კიდევ ერთი წამით დამაბრუნა ფხიზელთა ქვეყანაში, სასწრაფოდ ჩავახველე, ჰალსტუხი შევისწორე( არადა ჰალსტუხი ცხოვრებაში არ მიტარებია და არც ეხლა მიკეთია) და ყურმილს დავწვდი. ტელეფონში მოსმენილი ცოტა არ იყოს მკაცრი ტონით, რომელიც გამოიწვია, ჩემი გონების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნამ წარმოთქმული რჩევა დარიგების შემდეგ სავარძელში ჩევეშვი და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე, ორიოდ წუთში კედელზე დაკიდებულ სარკეს ვარდისფერი ბურუსი აეფარა და მე ალკოჰოლის სამყაროდან რეალობაში დასაბრუნებელ გზას დავადექი, თუ ვერ მიხვდით დავაკონკრეტებ და გეტყვით რომ ჩამეძინა. დილით საშინელმა წყურვილმა გამომაღვიძა და სადღაც შორიდან მომესმა “მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე. . . . .”

ავარიული დაშვება და სხვა...

იძულებითი გეგმა (დასახული წინა კვირაში ჩემი უნაკლო სიზარმაცის გათალისწინებით) დილის შვიდ საათზე გაღვიძებისა და საგამოცდო საკითხების ერთხელ მაინც გადაკითხვისა ჩავარდა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი 11 საათზე მეგობრის ზარმა რომ გამაღვიძა და გამოცდაზე წასვლისკენ მომიწოდა. გამოფხიზლებისთანავე გონებაში გეგმა "ბ" გამოიკვეთა შინაარსით "მარშუტკაში მაინც წავიკითხავ", რომელმაც გაამართა და ბოლო გამოცდათ წარმატებით გადავაგრიხინე. ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ რომ დავამთავრე ბაკალავრიატი. არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველ დღეს რა სიხარულით, ენთუზიაზმით და იმედებით დატვირთული გავემართე მაღლივისკენ. მეგონა სტუდენტური ცხოვრების საოცარი სამყაროსკენ მივაბიჯებდი, რომლის შესასვლელში წყნეთის ხიდით გადმოსული ძროხები შემეგებნენ. ამ დღეს მიღებული იმედგაცრულება სტუდენტობასთან დაკავშირებით ეულად არ დარჩენილა და მრავალი მეგობარი იპოვა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა მაღლივს გარეთ ცხოვრებაზე ბევრ ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, შესაბამისად ჩემი ოთხი წლის წინანდელი იმედები ნაწილობრივ გამართლდა და ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობის პერიოდით.
ერთი სიტყვით (პრინციპში ერთზე მეტი სიტყვა გამოვიდა :) )ჩავარიხინე ბოლო გამოცდა და შევუდექი ჯგუფელების დატერორებას ექსკურსიაზე წამოსვლის პირობის ჩამოსართმევად. შემდეგი ბრძოლა მაღლივის ადმინისტრაციაში, კანცელარიასა და დეკანატში მქონდა, დალუქული, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ტრანსკრიპტების გამოთხოვნის მიზეზით, რომელიც ჩემდა გასაკვირად მალევე დაკმაყოფილდა და თანაც მაღლივის პერსონალისთვის უჩვეულო თავაზიანობით.
საკმაოდ მოშიებული კუჭით თამოსთან და ქეთისთან (მეგობრები არიან რომლებსაც რომელიმე მომდევნო პოსტში გაგაცნობთ) ერთად წავედით "ფიორინოში" პიცის საჭმელად. აქ სარეკლამო გაჭრაზე უნდა გავიდე და ორიოდ სიტყვით გავაპიარო ზემოთნახსენები პიცერიის "კაპრიჩოზა" და "ცეზარი", ორივე კერძი მართლა უგემრიელესია, ბევრგან გავსინჯე მაგრამ უკეთესი ვერსად ვნახე. მოკლედ ისეთი კარგია თითებს ვერა მაგრამ ჩანგალი მართლა შეიძლება ჩაკვნიტო. მას შემდეგ რაც დავნაყრდით და ცხოვრებისეულ საჭირბოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ სახლებისკენ გავეშურეთ. გზად მაღაზიაში შევიარე სადაც უკვე ერთი კვირაა ფლეშკას ვყიდულობ და ვერ ვიყიდე. ყოველდღე მპირდება გამყიდველი ეხლა საწყობშია(თუ სადღაც ჯანდაბაში), ხვალ გვექნებაო, მაგრამ აშკარად სხვადასხვა დროის სარტყელში ვართ ან სიტყვა "ხვალ"-ის განსხვავებული აღქმა გვაქვს.
სახლისკენ მომავალს ISET-ის ინგლისურის ფრეფ კურსის ამერიკელი ლექტორი შემხვდა, ვიფიქრე ცოტა ინგლისურის speacking-ს გავავარჯიშებ მეთქი და გამოვეცნაურე. პრინციპში მთლად უიმედო შემთხვევა არ ვარ თავისუფლად ვიგებ და ვაგებინებ სათქმელს. მოკლედ კეტლინთან შეხვედრამაც კარგ ხასიათზე დამაყენა, ძალიან სასიამოვნო ადმაიანია. სხვათაშორის ჩემი მეზობელი ყოფილა, ნეტავ აქამდე რატომ არ დამინახავს?!
სახლში მოსული არ ვიყავი კუჭმა ისევ რომ შემახსენა თავი და სასწრაფო წესით პოპულში გამისტუმრა. ხორაგ-სანოვაგით დატვირთული მოვდივარ ჩემთვის ცხოვრების ავკარგიანობაზე ჩაფიქრებული და უცებ არ ვიცი რა დამემართა, ფეხი წამოვკარი რამეს თუ რა იყო, ავფრინდი ჰაერში. რისი გაფიქრებაც მოვასწარი იყო "მგონი დამერხა, მაგრამ რამენაირად ფეხზე უნდა დავდგე არ დავეცემეთქი," ცალ ფეხზე კი დავხტი, მაგრამ პარკების სიმძიმემ გადამწონა დავებერტყე ასფალტზე თან ისეთი ინერციით, რომ რამის გოგებაშვილის ბოლომდე ვიხოხე. წესიერად დაცემული არ ვიყავი, სასწრაფოდ წამოვხტი სანამ ვინმე დაინახავდა ჩემს სასაცილო ელემენტებ ნარევ სამარცხვინო ყოფას. სახლში მოსულს ხელში შემრჩა აზელილი საჭმელი, დაბეგვილი ხორცი, ოღონდ საკუთარი და მთელი ზამთრის ნანატრი აწ უკვე გვარიანად შელახული ზაგარი.
ეხლა ვწევარ ლოგინზე დაჟეჟილი და ცივი კომპრესებით გარშემორტყმული და ზეგინდელი გერგეთის ექსკურსიის საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ, თან გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ზეგამდე იდაყვები თუ არა მუხლები მაინც მომირჩება, რომ გერგეთზე ავიდე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასკინკილითაც რომ მომიხდეს ასვლა მაინც არ გამოვტოვებ ამ ექსკურსიას.

პ.ს. ხავისბერი გოჩა რაც წავიკიხთე იმის მერე ყაზბეგში წასვლაზე ვოცნებობ და ეხლა ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია, იმედია მალე გავა ეს ორი დღე :)

პ.ს. მგონი ზეგისთვის გადაიდო ნანატრი ექსკურსია

July 1, 2009

ერთი პორცია მზის ენერგია

გუშინ საღამოს გადავწყვიტე დღეს მთელი დღით ბასეინზე წავსულიყავი მაკასთან (მეგობარია) ერთად და ბოლო ერთი თვის განმავლობაში დახარჯული ენერგიები აღმედგინა,თან რაც სიცხეები გამოვიდა, ქუჩაში სიარულისსას ხან მძღოლის ზაგარს ვირებ ხანაც ბაზრობისას და ვიფიქრე ბარემ ერთგავროვან ფერზეც დავდგები მეთქი.
დილის თერთმეტ საათზე მობილურის ზარმა გამაღვიძა, სამსახურიდან მირეკავდნენ, “2 საათში გადაცემაში უნდა დაჯდე პირდაპირ ჩართვაზე და საათნახევარში სტუდიაში უნდა იყოო.” სანამ მაილზე გადმოგზავნილ ჩართვისთვის საჭირო ინფორმაციას ვეცნობოდი დრო ისე გავიდა დავრჩი თმაგაწეწილი და მოუმზადებელი, მერე ისეთი სიჩქარით მოვწესრიგდი მეხანძრეს შეშურდებოდა. დაგვიანება თავიდან რომ ამეცილებინა ტაქასით წავედი (არადა ტაქსი იმ იშვიათთაგანია, რაშიც ფულის დახარჯვა მენანება) , მაგრამ რად გინდა სპორტული სირბილით რომ გავდგომოდი გზას გავასწრებდი. ვეუბნები სად უნდა შეუხვიოს რა გზით უნდა წავიდეს, რომ როგორც მიდის ის ევერ მივა რადგან იქ გზაა გაფუჭებული და ა.შ. მაგრამ რად გინდა მაინც ტავის ჭკუით იარა და კი ურტყა მთელ ქალაქს კრუგები. დაგვიანებით მისული სასწრაფოდ გამპუდრეს საგრიმიოროში და სტუდიაში დამსვეს. ნუ შეკითხვებს და სასაუბრო თემას აშკარად სხვა რაღაცას ველოდი, მაგრამ მაინც საკმაოდ ნაცნობი საკითხი იყო და საერთო ჯამში მგონი ნორმალური გამოვიდა.
ლაგუნასკენ მიმავალს მაკამ მამცნო რომ ვერ მოდიოდა, რამის გადავიფიქრე წასვლა, მაგრამ თავი ჩანთამ შემახსენა თავისი სიმძიმით რაც “კუპალნიკით”, “შლოპანცებით’’ და ბასეინისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით იყო გამოწვეული. პირველი “სასიამოვნო” განცვიფრება მაშინ განვიცადე სამედიცინო კაბინთტთან ნახევარ საათიანი რიგში დგომის შემდეგ ექიმი ცნობის გამოსაწერად მხოლოდ ერთი კითხვით “ცურვა ხომ იცით” შემოიფარგლა.(შარშან ფეხებს მაინც ამოწმებდნენ) საკმარისია მზესთან და ზღვასთან ახლოს აღმოვჩნდე, რომ იმ წამშივე ისედაც საკმარისად ბედნიერი ადამიანიდან მსოფლიოში უბედნიერეს ადამიანად გარდავიქმნე. მიუხედავად იმისა რომ “ლაგუნა ვერე’’ საოცნებო ადგილი არაა, ბოლო ორი წელია მთელს ჩემს უარყოფით ენერგიას და დაღლილობას იქ ვტოვებ და ძალიან დასვენებული და ბედნიერი გამოვდივარ ქუჩაში. პრინციპში ხოგჯერ მირჩევნია კიდეც მარტო წასვლა, ვაგდივარ ჩემთვის შეზლონგზე, ვაკვირდები ხალხს და ცალ ფეხზე მკიდია გარეთ რა ხდება. ისე ზღვაზე და ბასეინზე ვხედავ რომ ხალხი იმაზე უკეთესი და ბედნიერია ვიდრე ცხოვრების “დანარჩენ” ნაწილში ჩანს. უფრო მხიარული და უბოროტო “ვიდი” აქვთ. მოკლედ როგროც კი დავრწმუნდი რომ უკვე საახალწლო გოჭივით შებრაწული ვიყავი სინდის დამშვიდებული წავედი ბავშვობის მეგობრის სანახავად, რომელიც მთელი თვეა არ მინახავს.
მაკდონალდსის ქსელის ბიუჯეტის შევსებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ და დილას აქეთ საჭმლის გარეშე დარჩენილი, კოკა-კოლით ამოვსებული კუჭიც მოვიმადლიერე. (ხო კაი, მეც ვიცი რომ კოკა-კოლაც და მაკდონალდსის საჭმელიც ნაგავია, მაგრამ ხომ გაგიგიათ “სიყვარული ბრმააო”)ეხლა ვზივარ კომპთან და წორდის დოკუმენტში ვკრეფ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ბლოგზე არ მიშვებს რატომრაც.(რომ მოვრჩები ეგება და მერე მაინც შემიშვას) პარალელურად მთელი მონდომებით ვცდილობ არ ვიფიქრო “საერთაშორისო ბაზრების გლობალიზაციის” გამოცდისთვის სასწავლ 30 საკითხზე, მაშინ როდესაც მთელი ჩემი ორანიზმი გლობალურადაა მომართული დასაძინებლად. მოკლედ ამ ჩემს აბეზარ სინდისს მაინც ვერაფერს მოვუხერხებ და წავალ წავიკითხავ მაინც. დიდად არ მიჯდება ჭკუაში სიზარმაცის გამო ბოლო გამოცდაში ჩავფლავდე და კიდევ ნახევარი წელი მომიწიოს მაღლივის კიბეების ტკეპნა.
პ.ს. ამაღამ მზის დამწვრობით ტკბობა უნდა დავამუღამო რამენაირად, თორემ გათენება მომიწევს.