July 2, 2009

ავარიული დაშვება და სხვა...

იძულებითი გეგმა (დასახული წინა კვირაში ჩემი უნაკლო სიზარმაცის გათალისწინებით) დილის შვიდ საათზე გაღვიძებისა და საგამოცდო საკითხების ერთხელ მაინც გადაკითხვისა ჩავარდა, ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი 11 საათზე მეგობრის ზარმა რომ გამაღვიძა და გამოცდაზე წასვლისკენ მომიწოდა. გამოფხიზლებისთანავე გონებაში გეგმა "ბ" გამოიკვეთა შინაარსით "მარშუტკაში მაინც წავიკითხავ", რომელმაც გაამართა და ბოლო გამოცდათ წარმატებით გადავაგრიხინე. ბოლომდე ვერც ვაცნობიერებ რომ დავამთავრე ბაკალავრიატი. არადა გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველ დღეს რა სიხარულით, ენთუზიაზმით და იმედებით დატვირთული გავემართე მაღლივისკენ. მეგონა სტუდენტური ცხოვრების საოცარი სამყაროსკენ მივაბიჯებდი, რომლის შესასვლელში წყნეთის ხიდით გადმოსული ძროხები შემეგებნენ. ამ დღეს მიღებული იმედგაცრულება სტუდენტობასთან დაკავშირებით ეულად არ დარჩენილა და მრავალი მეგობარი იპოვა შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა მაღლივს გარეთ ცხოვრებაზე ბევრ ცუდს ნამდვილად ვერ ვიტყვი, შესაბამისად ჩემი ოთხი წლის წინანდელი იმედები ნაწილობრივ გამართლდა და ფრიად კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტობის პერიოდით.
ერთი სიტყვით (პრინციპში ერთზე მეტი სიტყვა გამოვიდა :) )ჩავარიხინე ბოლო გამოცდა და შევუდექი ჯგუფელების დატერორებას ექსკურსიაზე წამოსვლის პირობის ჩამოსართმევად. შემდეგი ბრძოლა მაღლივის ადმინისტრაციაში, კანცელარიასა და დეკანატში მქონდა, დალუქული, ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ტრანსკრიპტების გამოთხოვნის მიზეზით, რომელიც ჩემდა გასაკვირად მალევე დაკმაყოფილდა და თანაც მაღლივის პერსონალისთვის უჩვეულო თავაზიანობით.
საკმაოდ მოშიებული კუჭით თამოსთან და ქეთისთან (მეგობრები არიან რომლებსაც რომელიმე მომდევნო პოსტში გაგაცნობთ) ერთად წავედით "ფიორინოში" პიცის საჭმელად. აქ სარეკლამო გაჭრაზე უნდა გავიდე და ორიოდ სიტყვით გავაპიარო ზემოთნახსენები პიცერიის "კაპრიჩოზა" და "ცეზარი", ორივე კერძი მართლა უგემრიელესია, ბევრგან გავსინჯე მაგრამ უკეთესი ვერსად ვნახე. მოკლედ ისეთი კარგია თითებს ვერა მაგრამ ჩანგალი მართლა შეიძლება ჩაკვნიტო. მას შემდეგ რაც დავნაყრდით და ცხოვრებისეულ საჭირბოროტო საკითხებზეც ვისაუბრებთ სახლებისკენ გავეშურეთ. გზად მაღაზიაში შევიარე სადაც უკვე ერთი კვირაა ფლეშკას ვყიდულობ და ვერ ვიყიდე. ყოველდღე მპირდება გამყიდველი ეხლა საწყობშია(თუ სადღაც ჯანდაბაში), ხვალ გვექნებაო, მაგრამ აშკარად სხვადასხვა დროის სარტყელში ვართ ან სიტყვა "ხვალ"-ის განსხვავებული აღქმა გვაქვს.
სახლისკენ მომავალს ISET-ის ინგლისურის ფრეფ კურსის ამერიკელი ლექტორი შემხვდა, ვიფიქრე ცოტა ინგლისურის speacking-ს გავავარჯიშებ მეთქი და გამოვეცნაურე. პრინციპში მთლად უიმედო შემთხვევა არ ვარ თავისუფლად ვიგებ და ვაგებინებ სათქმელს. მოკლედ კეტლინთან შეხვედრამაც კარგ ხასიათზე დამაყენა, ძალიან სასიამოვნო ადმაიანია. სხვათაშორის ჩემი მეზობელი ყოფილა, ნეტავ აქამდე რატომ არ დამინახავს?!
სახლში მოსული არ ვიყავი კუჭმა ისევ რომ შემახსენა თავი და სასწრაფო წესით პოპულში გამისტუმრა. ხორაგ-სანოვაგით დატვირთული მოვდივარ ჩემთვის ცხოვრების ავკარგიანობაზე ჩაფიქრებული და უცებ არ ვიცი რა დამემართა, ფეხი წამოვკარი რამეს თუ რა იყო, ავფრინდი ჰაერში. რისი გაფიქრებაც მოვასწარი იყო "მგონი დამერხა, მაგრამ რამენაირად ფეხზე უნდა დავდგე არ დავეცემეთქი," ცალ ფეხზე კი დავხტი, მაგრამ პარკების სიმძიმემ გადამწონა დავებერტყე ასფალტზე თან ისეთი ინერციით, რომ რამის გოგებაშვილის ბოლომდე ვიხოხე. წესიერად დაცემული არ ვიყავი, სასწრაფოდ წამოვხტი სანამ ვინმე დაინახავდა ჩემს სასაცილო ელემენტებ ნარევ სამარცხვინო ყოფას. სახლში მოსულს ხელში შემრჩა აზელილი საჭმელი, დაბეგვილი ხორცი, ოღონდ საკუთარი და მთელი ზამთრის ნანატრი აწ უკვე გვარიანად შელახული ზაგარი.
ეხლა ვწევარ ლოგინზე დაჟეჟილი და ცივი კომპრესებით გარშემორტყმული და ზეგინდელი გერგეთის ექსკურსიის საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებ, თან გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ზეგამდე იდაყვები თუ არა მუხლები მაინც მომირჩება, რომ გერგეთზე ავიდე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასკინკილითაც რომ მომიხდეს ასვლა მაინც არ გამოვტოვებ ამ ექსკურსიას.

პ.ს. ხავისბერი გოჩა რაც წავიკიხთე იმის მერე ყაზბეგში წასვლაზე ვოცნებობ და ეხლა ჭკუაზე არ ვარ ისე მიხარია, იმედია მალე გავა ეს ორი დღე :)

პ.ს. მგონი ზეგისთვის გადაიდო ნანატრი ექსკურსია

2 comments:

deka136 said...

ეჰ, რა საოცარი შეგრძნებაა ალბათ, მაღლივს რომ ამთავრებს კაცი)) იმედია, ზუსტად ერთ წელიწადში მეც მსგავს პოსტს გამოვაცხობ)))))

Teo said...

კი დეკა მართლა მაგრად ასწორებს, დაჟე დაბადების დღეზე და ახალ წელზე მეტადაც :)

Post a Comment