July 7, 2009

ღრუბლებიდან საცობამდე ერთი ნაბიჯია

მხართეძოზე წამოწოლილი, ჟურნალებს ვათვალიერებდი და შიგადაშიგ ქალაქში მოსიარულე ადამიანებს გადავხედავდი ხოლმე. რაც მართალია, უნდა ითქვას, ღრუბლებზე წამოწოლა საკმაოდ მოსახერხებელიცაა, რბილიც და საინტერესოც. ერთი ეგაა ქარიან ამინდში ერთი თუ დაუბერეს ჰაერის თავნდება მასებმა, "ვაი დედას" დაგაძახებინებენ და კიდეს კარგად თუ არ ჩაეჭიდე, გადმოგისვრის ძირს და პირდაპირ შუა ქუჩაში ყველაზე საშინელ საცობში ჩაგაგდებს. აი ეხლაც, დაუბერა ქარმა, მე კი მოვასწარი ღრუბელს ჩავჭიდებოდი, მაგრამ საბრალო ჟურნალს რა ექნა, რომელსაც განგებამ ხელები არ უბოძა?! საწყალმა პირდაპირ #145 მარშუტკის ბორბლებს ქვეშ ჰპოვა განსასვენებელი. დაახლოებით მეოცე მანქანამ რომ გადაუარა გაცრეცილ ფურცლებს, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და ჩემს სავალალო ყოფაზე დავფიქრდი. ცასა და დედამიწას შორის ღრუბლებზე გამოკიდებულს წარმოდგენა არ მქონდა დრო რითი გამეყვანა.
ამ ფიქრებში ვიყავი ჩემს თავზე ზოოპარკის ღრუბელმა რომ ჩაიარა, მომვლელს ვთხოვე ათიოდე ბაყაყი დაეთმო ჩემთვის და სანაცვლოდ მისი მოთვინიერებული რწყილების მიერ დადგმული "რომეო და ჟულიეტას" გაპიარებას შევპირდი, ვიცოდი რა, რომ წინა სპექტაკლზე მაყურებლის ნაკლებობით განაწყენებულს, უფრო სუსტ წერტილს ვერ მოვუძებნიდი. ღრუბლის ზოოპარკის თანამშრომელი იმდენად გაახარა ჩემმა შემოთავაზებამ, ათის ნაცვლად 12 ბაყაყი მომცა, "აბა შენ იცი სპექტაკლი არ ჩამიგდოო" დამიბარა, ღრუბელი დაქოქა და გზა გაუდგა. კმაყოფილმა ჯერ ყუთში ჩავიხედე, შემდეგ კი ღრუბლებიდან ქალაქს გადავხედე და ბაყაყები სათითაოდ გადავყარე დაბლა. რამოდენიმე წამში ხალხის შეძახილებმა მოაღწიეს ჩემს ყურებამდე: "ბაყაყების წვიმა", "რამდენი წელია აღარ მოსულა", და სხვა მსგავსი ფრაზები. ხვალ ალბათ გაზეთებში სტატიები დაიბეჭდება სათაურით: "საქართველოში მრავალი წლის შემდეგ კვლავ მოვიდა ბაყაყების წვიმა, რას უნდა მოასწავებდეს ესოდენ უცნაური ფაქტი" და ა.შ. "ნეტავ მრავალი წლის წინ ვინ ერთობოდა ღრუბლებიდან ბაყაყების სროლით?" გავიფიქრე, გვერდითა ღრუბლიდან მსხალი მოვწყვიტე და ჩავკბიჩე. ზედმეტად გადამწიფებული მეჩვენა, წინა დღეებში უკეთესი მსხლის ღრუბლები დაფრინავდნენ. ეს ხილი მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სათამაშო კურკები აქვს, ზოგი ასაწყობია, ზოგი უკვე მზა, რაც უფრო რთული ასაწყობი დეტალები ამოდის მხალში მით უფრო საინტერესოა. უი, უი, ბოდიში, სულ დამავიწყდა, რომ სათამაშოები კინდერში ამოდის და არა ხილში, თუნდაც ეს ხილი ღრუბლებიდან მოკრეფილი იყოს.
ამ ფიქრებში რომ ვიყავი ქარმა დაუბერა და ღრუბლები გაფანტა. მე ძირს ჩამოვვარდი და კვლავ მარშუტკაში აღმოვჩნდი, რომელიც კვლავ უიმედო უძრაობით იდგა საცობში. მე კი ღრუბლებიც აღარ მქონდა, რომ ფიქრებით მაინც მოვკალათებულიყავი მასზე და ჩახუთულ მარშუტკაში ჯდომით არ დავტანჟულიყავი.

2 comments:

Anonymous said...

ra kaia :)

Sophie שרה Golden said...

რა საყვარელი ბლოგი აღმოვაჩინე!!!
იცი, როგორ მიყვარს ბაყაყები? =)) ჩემი საყვარელი არსებები არიან.

Post a Comment