July 2, 2009

ფანტაზიას/2+მოგონება/2

ფაილებში ბოდიალისას შემთხვევით წავაწყდი წელიწადნახევრისწინანდელ დოკუმენტს რომლის დაწერის, უფრო სწორედ აკრეფის მომენტი ბუნდოვნად მახსოვს, თუ რატომ ამას მისი წაკითხვისას შეიტყობთ :)
მოკლედ კიდევ ერთი შელამაზებული მომენტი ჩემი ცხოვრებიდან:

ხუთი ხდებოდა ბოთლი რომ ავიღე და მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც გადავკარი 3 ჭიქა. ბევრი იტყვის სამი ჭიქა ეგეც დიდი ამბავი არ იყოსო. მათ გასაგონად აღვნიშნავ რომ “მალალიტრაშკა ვარ”. პირველი აზრი რამაც თავში გამიელვა იყო: “მთვრალი არ ვარ” არადა გამიგონია, როდესაც ადამიანი სხვას ან საკუთარ თავს უმტკიცებს რომ ფხიზელია, ე.ი. უკვე მთვრალია. შემდეგი აზრი რომელიც ჩემს თავში თეთრ ცხენზე ამხედრებული მიქროდა (ეგეც რაშზე ამხედრებული უფლისწული არ ყოფილიყო) იყო ის რომ გაბრუებული ვარ. პირველი ცხენზე მონავარდე აზრი, იმის შესახებ რომ მთვრალი არ ვარ, მას შემდეგ ჩამოვაქვეითე, როდესაც ნახევარ საათიანი ცეკვის შემდეგ მივხვდი რომ თურმე მუსიკა არ ჩამირთავს, არადა მუსიკა ნამდვილად მესმოდა. მოკლედ მთვრალი ვარ, მამცნო ლურჯ ყურებპარტყუნა ვირზე ამხედრებულმა საკუთარმა თავმა, რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. ვირიან ფიქრს სასწრაფოდ ხელი ავუქნიე, რომელიც ოჯახის რელიქვიას მოხვდა და აწ უკვე გარდაცვლილ, თაობების მიერ 300 წლის განმავლობაში ნალოლიავები ანტიკვარული ვაზა ნამსხვრევებად აქცია. იმ წუთშივე, როგორც კი მივხვდი რომ, ამ საშინელი ვაზის მოვლა მთელი ჩემი დრჩენილი სიცოცხლის მანძილზე არ მომიწევდა სიხარულის ყიჟინი დავეცი და მეზობლების აშკარა, დაუფარავი და ცოტა არ იყოს უხეში გულისწყრომა გამოვიწვიე. როგორც კი გავაცნბიერე, რომ მე ყოველთვის მშვიდმა და უაზრობამდე ზრდილობიანმა და ტაქტიანმა ბავშვმა, ვიღაცის გაბრაზება შევძელი, ხელმეორედ დავეცი გამარჯვების ყიჟინი. ამ დროს ჩემამდე ნახშირის სუნმა მოაღწია, გონებაში სასწრაფოდ გადავავლე თვალი იმ მეზობელთა სიას, რომლებსაც შეიძლება გაზქურაზე ტაფა დარჩენოდათ და ბოლოში რაც შეიძლება მკრთალი ფანქრით მიწერილ საკუთარ სახელსა და გვართან შევჩერდი. ამ დროს გაისმა მე თვითონაც არ ვიცი ვისი ყვირილი, “დაგავიწყდა არა გაზქურაზე რაღაც რომ გაქვს დადგმული” ამ სიტყვებმა წამიერად გამომაფხიზლა, მაგრამ მეორე წამს ისევ ალკოჰოლის უპრობლემო და მხიარულ სამფლობლოში დავბრუნდი და ისეტერიული სიცილით შევხვდი, შავ ცხენზე ამხედრებულ აზრს იმის შესახებ რომ საჭმელი დავწვი. ის ის იყო ზემოთხსენებული აზრი სხვა ალკოჰოლის ქვეყანაში მცხოვრებთან გავამგზავრე, რომ ლეკვის წკმუტუნი შემომესმა, არადა ლეკვი არ მყავს. მივყევი ხმას და თავი ამოვყავი საკუთარი სახლის აივანზე, რომელზეც პატარა “ამუა” იჯდა და დამშეული თვალებით შემომცქეროდა. “შენ ლეკვი გყავს, რომელსაც უნდა მოუარო”, ცხენიდან ჩამოუქვეითებლად შემახსენა აზრმა. ტელეფონის ზარმა კიდევ ერთი წამით დამაბრუნა ფხიზელთა ქვეყანაში, სასწრაფოდ ჩავახველე, ჰალსტუხი შევისწორე( არადა ჰალსტუხი ცხოვრებაში არ მიტარებია და არც ეხლა მიკეთია) და ყურმილს დავწვდი. ტელეფონში მოსმენილი ცოტა არ იყოს მკაცრი ტონით, რომელიც გამოიწვია, ჩემი გონების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნამ წარმოთქმული რჩევა დარიგების შემდეგ სავარძელში ჩევეშვი და თვალი ერთ წერტილს გავუშტერე, ორიოდ წუთში კედელზე დაკიდებულ სარკეს ვარდისფერი ბურუსი აეფარა და მე ალკოჰოლის სამყაროდან რეალობაში დასაბრუნებელ გზას დავადექი, თუ ვერ მიხვდით დავაკონკრეტებ და გეტყვით რომ ჩამეძინა. დილით საშინელმა წყურვილმა გამომაღვიძა და სადღაც შორიდან მომესმა “მე შენ ჭკვიანი გოგო მეგონე. . . . .”

1 comments:

Sophie שרה Golden said...

ჰეჰეჰჰე
ზუსტად. როცა ამბობ "მთვრალი არა ვარ" - ესე იგი, გასატანი ხარ =)) მე მიყვარს ამ მდგომარეობამდე მისვლა :ლოლ:
ახლა მართლა არ ვარ მთვრალი, I mean that.

Post a Comment