უკვე რამდენიმე საათია წინ და უკან დავდივარ და შესაშური მონდომებით ვეძებ რაღაცას, ეს "რაღაც" საკმაოდ ჯიუტი ჩანს, ცოცხალი თავით არ მენახვება. ჩემს ოთახს უკვე მერამდენედ მოვავლე თვალი, მაგრამ ამაოდ, აქ არ არის, უფრო სწორედ მე არ ვარ აქ. ეს ხანები თურმე ჩემივე თავს ვეძებ. "სარკეში ნახე იქ იქნები" წაიწიკწიკა საათმა. მისი გონებამახვილობით აღფრთოვანებულმა კედელზე ჩამოკონწიალებულ მრგვალ ციფერბლატს სიყვარულით სავსე მზერა ვტყორცნე და სარკისკენ შევბრუნდი. "ვიპოვე" შევყვირე გახარებულმა, თუმცა მაშივე მივხვდი შეცდომას და ნირ წამხდარმა საათს გავხედე. "მხოლოდ და მხოლოდ კოლოფი ჩანს, მე არ ვარ"; "კიდევ ერთხელ დაათვალიერე ოთახი"; იხტიბარი არ გაიტეხა საათმა. მეც მეტი არც გზა მქონდა და არც საქმე. ასე რომ ისევ ჩემი ოთახის ქექვას შევუდექი. პირვეად ტანსაცმლის კარადა გამოვაღე და ის ის იყო შიგნით უნდა შემეხედა, ქარმა გაბრაზებით შემომიყვირა " მანდ შენი შესაფუთი მასალის გარდა ვერაფერს ნახავო" და კარებია მიაჯახუნა. ოდესმე ფიქრებთან ერთად ტყეში სალაშქროდ წასულხართ? თუ არა გეტყვით, რომ ამ დროს ზურგჩანთა ძალიან მძიმეა. თითქოს საკუთარი ტვირთის სიმძიმე საკმარისი არ იყოს, ფიქრებიც შენ გკიდებენ საკუთარ ზურგჩანთებს. ერთი სიტყვით მივდივართ მე და ჩემი ფიქრები ტყეში ჩემი თავის საძებნად, თუმცა არც ერთს წარმოდგენა არ გვაქვს სად შეიძლება იყოს, არადა უკვე დაბნელდა. მგლების ყმუილი ისმის, შორიდან ლომის ღრიალსაც მოვკარი ყური, ჩემგან ასიოდე მეტრში კი ავაზას თვალებმა შემომანათეს. ის ის იყო შიშისგან სული უნდ გამეფრთხო, ერთ-ერთმა აზრმა თავში ხელი რომ წამომარტყა და გესლიანი ხმით შემიძახა"არც შენ ხარ მაუგლი და არც საქართველოშია მასეთი მრავალფეროვანი ფაუნაო". მივხვდი რა რომ ფიქრი მართალი იყო და ირგვლივ ერთი ცხოველიც კი არ ჭაჭანებდა შვებით ამოვისუნთქე, იქვე მდგარ საკუთარი ოინით აღფრთოვანებულ ფანტაზიას მომაკვდინებლად მკაცრი მზერა ვტყორცნე და მომავალში თავის დაზღვევის მიზნით დამაძინებელი აბების მიღება და ზურგჩანთაში ჩაძრომა ვუბრძანე.
პ.ს. არ შეიმჩნიოთ, მზეზე დიდხანს ვიყავი.
0 comments:
Post a Comment