August 2, 2009

წამომიფრიკინეს...

ხელები ტოტებივით ირხეოდნენ, აზრები მელოდიებივით ღიღინებდნენ, ფეხები თითქოს ხის ფესვები იყო, მიწაში ღრმად გამდგარი. ორიოდ კვირის წინ მწვანე ხასხასა ფოთლებითაც დავმშვენდი. ვიდექი ბაღის ეზოში ამაყად ტოტებგაშლილი მომღერალი ხე და საკუთარ თავში სხვა უცნაური თვისების აღმოჩენას ვცდილობდი. არ მჯეროდა რომ სიმღერა ეს ის ერთადერთი უცნაურობა იყო რაც სასწაულმოქმედმა ბუნებამ რიგითი მოკვდავი, უფრო სწორედ ხმობადი ხისთვის გამოიმეტა. დაკვირვება სულ რამოდენიმე წუთის დაწყებული მქონდა, როდესაც მივხვდი რომ მოზღვავებული სიხარულისგან შესაძლებელი იყო ფეირვერკად დავფრქვეულიყავი. თუმცა რომ დავფიქრდი, მივხვდი, საახალწლო ნაძვისხედ ყოფნის შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა ჩემი გაფეიერვერკება და გადავწყვიტე ფერად ნაპერწკლებად ქცევისგან დროებით მაინც თავი შემეკავებინა. როგორც კი ნიავმა დაუბერა ერთი ჩავახველე და ფოთლების შრიალით 90-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტის ღიღინი დავიწყე. ის-ის იყო პუბლიკის წინაშე გამოსვლის კომპლექსი მომეხსნა, ფოთლები მეტი მონდომებით ავაშრიალე და ტოტები საცეკვაოდ მოვიმარჯვე, რომ იქვე ხის სკამზე ჩამომჯდარი ახალგაზრდების ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას “გადართე რაიმე უფრო თანამედროვე შრიალმუსიკაზე ” , აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი ჩემსკენ მომართული პულტი რომ დავინახე და რამოდენიმე წამში ჩემი ნებისგან დამოუკიდებლად რაღაც უმელოდიო “საძიგძიგო” შრიალი აღმომხდა ხის გულიდან.
ნუ რა არის რა, ამ ოცდამეერთე საუკუნეში ხედ ყოფნასაც აღარ გაცდიან...

0 comments:

Post a Comment